მიმდინარე გამოცემის თემები:

• საგანგაშო პროცესები თბილისში: „ქართული ოცნებისა“ და პროკრემლისტური ძალების სინქრონული თავდასხმები საქართველოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გარკვეულ შიშებს და ეჭვებს ბადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით

• საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები მოსკოვში ქვეყნისთვის ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური „ვარიანტების“ შესარჩევად აქტიურობენ

• რუსული პროპაგანდა „პატიოსან და სამართლიან ომში“ გამარჯვებას წინასწარმეტყველებს - კრემლის პერსპექტივით დანახული ადგილზე არსებული სამხედრო ვითარება

• პროკრემლისტური ძალები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება

• რუსეთის ეკონომიკა თანდათან უარესდება, თუმცა კრემლის პროპაგანდა აცხადებს, რომ სანქციები ზიანს მხოლოდ დასავლეთს აყენებს

• შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ საქართველოში გავრცელების შესახებ

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში

(11-17 ივლისი)

ძირითადი მიგნებები

• ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია კვლავ დასავლეთის (ევროკავშირის და აშშ-ის) და/ან ქართული ოპოზიციური პარტიების საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დადანაშაულება იყო;

• დეზინფორმაციის სიხშირისა და ინტერაქციების გათვალისწინებით ასევე ფართოდ ვრცელდებოდა გზავნილები, რომლებიც ამართლებდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ამტკიცებდნენ ახლო პერიოდში რუსეთის გამარჯვების და უკრაინის დამარცხების გარდაუვალობას;

• ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით კვლავ ყველაზე მეტად აქტუალური იყო გზავნილი, რომ სანქციები რუსეთზე მეტად დასავლეთს აყენებს ზიანს. თუმცა, გამოჩნდა ახალი გზავნილიც, რომლის თანახმადაც, რუსული აგრესია სანქციებით იყო გამოწვეული;

• საყურადღებოა, რომ კრემლისტური ძალები წუხილით აღნიშნავდნენ რუსეთის სისუსტეს საინფორმაციო ფრონტზე და ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი რუსეთს მხოლოდ ამ ერთადერთ ასპექტში ჯობნის;

• კვლავ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების და უკრაინელი ლტოლვილების შესახებ, თუმცა აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნებული სტატიები და ამ ტიპის დეზინფორმაცია სიმრავლით არ გამოირჩეოდა.

საგანგაშო პროცესები თბილისში: „ქართული ოცნებისა“ და პროკრემლისტური ძალების სინქრონული თავდასხმები საქართველოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გარკვეულ შიშებს და ეჭვებს ბადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით

გასული კვირა ასევე გამორჩეული იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დისკრედიტაციის მიზნით წამოწყებული მასშტაბური კამპანიით. აღნიშნული პროცესი ახლო წარსულში „ქართული ოცნებიდან“ „საჯაროდ სიმართლის საუბრის“ სურვილის მიზეზით წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილით დაიწყო, თუმცა როგორც იკვეთება, ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ რიგები მხოლოდ ფორმალურად დატოვა. ზემოხსენებულ ღია წერილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას უჭერენ მხარს.

აშშ-ის ელჩმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ წერილი ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით იყო სავსე, ასევე დასძინა, რომ ვერ შეძლო წერილის ბოლომდე წაკითხვა. თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილის დასაცავად განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და სხვა დეპუტატებმა, რომლებმაც ელჩის განცხადებას „დასანანი“ და „პარლამენტის და სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი“ უწოდეს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის შესახებ ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების სადავო გადაწყვეტილება მიიღო განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაინტერესდა და განმარტება მოსთხოვა ნიკა გვარამიას შესახებ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. აღნიშნული ჩხიკვაძის მინიშნებით, წარმოადგენდა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას. მოსამართლე ჩხიკვაძემ მოსამართლეებზე ზეწოლაში ასევე დაადანაშაულა ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი, რომელმაც ევროპარლამენტში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას შემდეგ სამშაბათს ნიკა გვარამიას გასამართლებლად, რომ გამოსწორდეს ძველი შეცდომები და საქართველოში აღდგეს თავისუფალი მედიის ხმა“.

საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები გასული კვირის მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა. მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატებმა ღიად მოითხოვეს ელჩისგან ახსნა-განმარტება. შესაბამისად, პროპაგანდისტული მედია ცდილობდა აქტიურად გამოეყენებინა ხელსაყრელი ნიადაგი:

• პროსახელისუფლებო ექსპერტი ნუკა არველაძე კელი დეგნანს საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივების გავრცელებაში ადანაშაულებდა, რაც მისი მოსაზრებით თავად წარმოადგენს რუსული პროპაგანდის ნაწილს. საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა კობა არაბულმა ანტიდასავლურ საერთო გაზეთში გამოაქვეყნა კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი, სადაც ანალოგიური ნარატივს ავითარებდა. ამას გარდა, არაბული ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს აშანტაჟებს სისხლისმღვრელ ომში ჩასათრევად, რომლის დასრულებაც გარკვეული მიზეზების გამო არ შედის ევროპის ინტერესებში. კობა არაბულის შეფასებით, ვოლოდომირ ზელენსკიმ გადაწყვიტა იყოს დასავლეთის მარიონეტი და ეს ვამპირი (მიანიშნებდა ვოლოდიმირ ზელენსკიზე), ქართველების სისხლსაც ითხოვს.

• ნუკა არველაძე ელჩ დეგნანს ასევე ადანაშაულებდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. კიდევ ერთი პროსახელისუფლებო ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი აცხადებდა, რომ კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში.

• პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ კელი დეგნანი და ზოგიერთი კონგრესმენი მხარს უჭერენ საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას და მიზნადა ისახავენ საქართველოს და რუსეთს შორის ომის დაწყებას.

საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები მოსკოვში ქვეყნისთვის ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური „ვარიანტების“ შესარჩევად აქტიურობენ

კრემლისტური პროპაგანდა საქართველოში ცდილობს უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის იდეები, რაც ქვეყნის პროდასავლური კურსის პრორუსული ორიენტაციით შესვლას გულისხმობს. „ალტინფოს“ ლიდერმა და „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათთვის და საქართველოსთვის დასავლეთი მიუღებელია. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა მიზანშეწონილად მიიჩნევს კრემლთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, რადგან ამტკიცებს, რომ საქართველო და მთელი რეგიონი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც რუსეთის გავლენის სფეროში მოექცევა. საქართველოს რუსეთზე დაქვემდებარებულ სახელმწიფოდ გადაქცევაზე მიმართული ძალისხმევის (აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დეზინფორმაციის ბიულეტენის წინა გამოშვება) ფარგლებში, მარტინენკო და „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთში, სადაც ლობისტური მიზნებით შეხვედრები გამართეს კრემლში და ინტერვიუები მისცეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიას.

პროპაგანდისტული ჯგუფები ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად ავრცელებდნენ გზავნილებს, რომ დასავლეთი არასოდეს დახმარებია საქართველოს და არც არასოდეს დაეხმარება:

• ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებულ „ერი მედიას“ ეთერში, პრორუსულად განწყობილი წამყვანი სოსო მანჯავიძე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახა ევროპისგან სარგებელი.

• არნო ხიდირბეგიშვილი ირწმუნებოდა, რომ აშშ-საქართველოს 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველზე ნათელი იყო, რომ აშშ-ის ერთადერთ მიზანს საქართველოს მიმართ მის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება წარმოადგენდა. „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ ქართველებმა უარი თქვეს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკასა და ნატო-ზე, ისევე როგორც ევროკავშირზე, ხოლო დასავლური ქვეყნების ელჩები ქართველებისთვის ერთსა და იმავე „საძულველ აქტორებს“ წარმოადგენდნენ.

• პროსახელისუფლებო Facebook-გვერდი „2012-იანელები“ აცხადებდა, რომ ევროპა და აშშ საქართველოს ზურგს შეაქცევდნენ და ეტყოდნენ, რომ „გეოგრაფიული მდგომარეობის და მსოფლიოში პროცესების განვითარების გამო, იძულებული ვართ ქართველები რუსებს დავუთმოთ!“

აშშ-ის და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, რუსული პროპაგანდა ალტერნატივის სახით საზოგადოებას კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებების (მოსკოვის პირობებით) გამართვას სთავაზობდა:

• ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ახლო წარსულში ასევე სტუმრობდა მოსკოვს მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ავრცელებდა ნარატივს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. იგი ხაზს უსვამდა ე.წ. საჯარო დიპლომატიის მნიშვნელობას, რასაც მისი თქმით, მხარს უჭერდა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართული-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი და აცხადებდა, რომ ცენტრი უზრუნველყოფდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების რეალიზებას და ეფექტური რეგიონული სამეზობლო პოლიტიკის შემუშავებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე საუბრობდა რუსული მხარის დაპირებებზე უვიზო მიმოსვლის, რუსეთსაქართველოს შორის ინტენსიური ფრენების აღდგენის, სატრანსპორტო დერეფნის გახსნის და კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის ინტეგრირების მხარდაჭერის შესახებ. დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე ამტკიცებდა, რომ 3+3 ფორმატი, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჩართულობას ითვალისწინებს (საქართველომ რამდენჯერმე უარყო შეთავაზება აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით) ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად იმედისმომცემ პლატფორმას წარმოადგენდა. მისი შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული მუხლი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან საქართველოს არ შეუძლია მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად სხვა გზების არჩევა და შესაბამისად მიანიშნებდა აღნიშნული მუხლის ამოღების საჭიროებაზე.

• „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მტკიცებით, რუსეთი იმიტომ აგრძელებს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას, კერძოდ, კი დასავლეთის ვასალია. ის ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების სარგებლიანობაში, რაც მისი თქმით გამოიწვევდა ეკონომიკის აღდგენას და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გაქრობას (რის გამოც, მისი შეფასებით, ამჟამად, ქართველები დამშეულები არიან).

• პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი ბლოკავს მოლაპარაკებებს თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და ცხინვალს/სოხუმს, ასევე კიევსა და მოსკოვს შორის.

• Facebook-გვერდი „სექტა“ ცდილობდა წინ წამოეწია ნარატივი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უნდა დააბალანსოს ურთიერთობები რუსეთთან და ევროპასთან. აღნიშნული გვერდი მხარს უჭერდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, თუმცა გამორიცხავდა მოლაპარაკებებს NATO-სთან.

რუსული პროპაგანდა „პატიოსან და სამართლიან ომში“ გამარჯვებას წინასწარმეტყველებს - კრემლის პერსპექტივით დანახული ადგილზე არსებული სამხედრო ვითარება

გასულ კვირას, რუსეთის მხარდამჭერი ჯგუფები აქტიურად განიხილავდნენ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ ომთან დაკავშირებულ მოვლენებს. ერთი მხრივ, აღნიშნული ძალები ამართლებდნენ შეჭრას და ცდილობდნენ მის კეთილშობილურ მისიად წარმოჩენას და მეორე მხრივ, აუდიტორიას არწმუნებდნენ, რომ რუსეთი უპრობლემოდ მოიპოვებდა ომში გამარჯვებას:

• პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში, წამყვანი ცდილობდა უკრაინაში რუსეთის არაპროვიცირებული შეჭრის გამართლებას, ხოლო ლიბერალურ მედიას და მსოფლიო მოსახლეობას ადანაშაულებდა როგორც ტერმინი „ინტერვენციის“ დამახინჯებაში, ისე რუსეთის დამპყრობლად წარმოჩენის მცდელობაში. ამას გარდა, წამყვანი მხარს უჭერდა რუსეთის მხრიდან ე.წ. ნოვოროსიის შექმნის მცდელობას იმ ისტორიულ ტერიტორიაზე, რასაც რუსეთი 1920-იან წლებამდე აკონტროლებდა. „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კიკნაძე ცდილობდა გაემყარებინა წამყვანის მოსაზრება და აცხადებდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი სამართლიან ბრძოლას აწარმოებდა. გიორგი კიკნაძე ასევე აღნიშნავდა, რომ უკრაინულმა მხარემ დაკარგა ცოცხალი ძალის 80% და ამით ცდილობდა გაემყარებინა ნარატივი, რომ უკრაინა ომში მარცხდება და ლიბერალური მედია მალავს აღნიშნულ ინფორმაციას. იგი ამტკიცებდა, რომ „ალტ-ინფოს“ ტელეგრამ-არხებზე გამოქვეყნებული ვიდეოები ასახავს, თუ როგორც ცდილობს უკრაინა მოსახლეობის პირდაპირ ქუჩიდან რეკრუტირებას ჯარში და როგორ ცდილობენ ადამიანები სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევას, რითაც მიანიშნებდა, რომ საბრძოლო სულისკვეთება, ისევე როგორც მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა უკრაინაში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული რაც შესაბამისად თითქმის შეუძლებელს ხდიდა ცოცხალ ძალაში არსებული დანაკარგების შევსებას.

• COVID-19 პანდემიასთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელებით გამორჩეული ქართველი ცნობადი სახე ლალი მოროშკინა აცხადებდა, რომ რუსეთი უმაღლესი კლასის სამხედრო შეიარაღებას და უახლოეს ტექნოლოგიებს ფლობდა. იგი ასევე ამბობდა, რომ რუსეთის ჯარში მოძველებული სამხედრო შეიარაღების არსებობა მითია და ამტკიცებდა, რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაგროვებული ჩამოსაწერი შეიარაღების თავიდან მოშორება სჭირდებოდა.

• „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი მერაბ გიგიანი, „ალტ-ინფოს“ გადაცემაში აცხადებდა, რომ უკრაინა დე-ფაქტო უკვე აღარ არსებობდა, რაც იურიდიულად დადასტურდებოდა შემოდგომაზე, როდესაც უკრაინა შეწყვეტდა არსებობას როგორც სახელმწიფო. იგი ასევე იმეორებდა კრემლის გზავნილებს, რომ მოსკოვი ვერ დაუშვებს რუსეთის საზღვართან ნატო-ს ჯარების განთავსებას, ხოლო უკრაინა არ აპირებდა ნატო-ში შესვლაზე უარის თქმას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რამაც ქვეყანაში ომი გამოიწვია.

• ამავე გადაცემის კიდევ ერთი რესპონდენტი, პრორუსული გამოცემა Isari.ge-ს მთავარი რედაქტორი ჰამლეტ ჭიპაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთი უკრაინის სრულ დენაციფიკაციამდე და დემილიტარიზაციამდე იომებდა. იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინას არ შეეძლო აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლა და უკრაინის მთავრობას ვერაფერს აკეთებდა. მისი თქმით, დონეცკში დარჩენილი იყო რამდენიმე მცირე და დიდი ზომის ქალაქი, რომელთაც რუსული არმია და დონეცკის ძალები მალე გაათავისუფლებდნენ. ჰამლეტ ჭიპაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი მიაღწევდა პოლონეთის საზღვრამდე და გადალახავდა კიდევ ამ საზღვარს, თუ პოლონეთი სათანადოდ არ მოიქცეოდა. იგი იმეორებდა გზავნილს, რომ რუსეთს ჯერ რეალურად ომი არ დაუწყია და გულისხმობდა, რომ მოსკოვს ჯერ არ გამოუყენებია თანამედროვე შეიარაღება და არ დაუწყია რეზერვების მობილიზაცია. ჰამლეტ ჭიპაშვილი ადანაშაულებდა უკრაინულ მედიასაშუალებებს, რომლებიც მისი თქმით დასავლური დაფინანსებით ავრცელებენ სიცრუეს, რათა დამალონ ფაქტები, რომ უკრაინა უკვე უიმედოდ მარცხდება ომში და უკრაინა როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს.

• „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა ომში მარცხდება. ზურაბ მახარაძე ამართლებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეთანხმებოდა ჯორდან პეტერსონს, რომ ომი უკრაინაში დასავლური ცივილიზაციის სამოქალაქო ომია, ანუ ეს არის ომი დასავლეთის ნაწილად მოაზრებულ რუსეთს, რომელსაც სწამს ეროვნული ინტერესების აღმატებულობის და დანარჩენ სამყაროს შორის, რომელიც ეწინააღმდეგება მსგავს ცნებებს და ღირებულებებს. ირაკლი მარტინენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ წააგებდა ამ ბრძოლას და დამარცხების შემთხვევაშიც გაიმარჯვებდა, რადგან ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო იმეორებდნენ მტკიცებას, რომ რუსეთს გააჩნდა სამხედრო უპირატესობა, რადგან არ განიცდიდა რაკეტების დეფიციტს და გააჩნდა წარმოების რესურსი, კერძოდ წარმოების ხაზი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ნედლი მასალებით და კვალიფიციური პერსონალით. ორივე პიროვნება ირონიულად ამტკიცებდა, რომ უკრაინა ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ რუსეთს უფრო მალე ამოეწურება რაკეტები, ვიდრე უკრაინას რუსების რაკეტებით დასაბომბი ადამიანები. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად მათ მოჰყავდათ უკრაინის სამხედროპოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ რუსეთ ათჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს ისროდა, ვიდრე უკრაინა.

• პრორუსული გამოცემა Isari.ge-ს მთავარი რედაქტორი ჰამლეტ ჭიპაშვილი საკუთარ მედია პლატფორმაზე კვლავ ავრცელებდა ნარატივს, რომ უკრაინელები ნაცისტები და ფაშისტები არიან. იგი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას ამართლებდა მტკიცებით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა დაესხმებოდა თავს რუსეთს და რუსეთის „სპეციალური ოპერაცია“ პრევენციულ ხასიათს ატარებდა. ჰამლეტ ჭიპაშვილი ასევე ამბობდა, რომ პრეზიდენტ პუტინს სხვა არჩევანი არ გააჩნდა რადგან იცოდა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ ნაცისტურ უკრაინას. იგი ცდილობდა უფრო ფართოდ გაეშალა აღნიშნული ნარატივი და ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, მიწისზედა და მიწისქვეშა სამხედრო ობიექტების მშენებლობა, მრავალკილომეტრიანი სანგრები, ბეტონის სამალავები, შეიარაღება (რაც რეალურად მიზნად ისახავდა თავდაცვას რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში მოხდა კიდეც) და ნაცისტური ლიტერატურა, რომლითაც უკრაინელი სამხედროები

„იკვებებოდნენ“, იყო მტკიცებულება, რომ უკრაინა რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჰამლეტ ჭიპაშვილს ასევე მოჰყავდა მაგალითები ისტორიიდან და ამბობდა, რომ უკრაინა იყო სსრკ-ის პირველი სახელმწიფო, რომელიც ჩაეხუტა ფაშისტურ გერმანიას. იგი ამტკიცებდა, რომ ფაშისტური ოკუპაციის დროს, უკრაინა ისე მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელ ნაცისტებთან, რომ დაპყრობილ პოლონელებს, უკრაინელების ნაწილს, ებრალებს და რუსებს გერმანელ ფაშისტებთან დანებება ერჩივნათ ბანდერელ უკრაინელებთან ჩაბარებას. იგი ასევე აცხადებდა, რომ უკრაინელები უფრო სასტიკები იყვნენ, ვიდრე გერმანელი ფაშისტები. ჰამლეტ ჭიპაშვილის თანახმად, რუსეთს უბიძგეს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება, რადგან ხედავდა, თუ როგორ ახალისებდა კოლექტიური დასავლეთი უკრაინულ ფაშიზმს, ბანდერიზმს და რუსოფობიას. დასკვნის სახით, იგი ამტკიცებდა, რომ აშშ-მა, ნატო-მ და ევროკავშირმა არა მხოლოდ ღიად დაარღვიეს უკრაინის საზღვარი, არამედ უკრაინის სიღრმეშიც შეაღწიეს ფერადი რევოლუციების და პოლიტიკოსების მოქრთამვის მეშვეობით.

• Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია რუსეთის ჯარის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები, რომლებიც დაშავებულები და დემორალიზებული არიან. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ აიძულებენ სამხედროებს წარმოთქვან „დიდება რუსეთს“ და „დიდება პუტინს“ და შეურაცხყოფა მიაყენონ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის, ისე აშშ-ის დროშას. აღნიშნულ კადრებზე დაყრდნობით, Facebook-გვერდი ხოტბას ასხამს რუსული არმიის სიძლიერეს და ზოგადად რუსეთს და დასცინის დასავლეთის სიძლიერის დასაცინად, სვამს ირონიულ შეკითხვებს - „სად არის თქვენი ევროპა და ამერიკა? თქვენ აპირებდით რუსეთის დამარცხებას?“. აღნიშნული Facebook-გვერდი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია და დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს.

• „ექსპერტი“ დავით ქართველიშვილი ამტკიცებდა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ-ც გამოიფიტა უკრაინაში მიმდინარე ომით. იგი აცხადებდა, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტების 35% მხარს უჭერდა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუნდაც უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათობის ხარჯზე. დავით ქართველიშვილი ასევე ამბობდა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ანუ ევროპაში ეკონომიკური ვითარების გაურესების ფონზე, კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ გამოკითხვის დღეს ჩატარების შემთხვევაში აღნიშნულ სცენარს მხარს კიდევ უფრო მეტი გამოკითხული დაუჭერს. იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებს უკვე ღიად თავს ესხმიან კიევის ქუჩებში, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე არესტოვიჩმა ღიად დასდო ბრალი საკუთარ უფროსს ანდრეი ერმაკს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში, რასაც ქართველიშვილის თანახმად, ვაშინგტონშიც იკვლევენ.

• პროპაგანდისტული Facebook-გვერდის „ივერიონის“ თანახმად, არა მხოლოდ უკრაინელი ნაციონალისტების, არამედ უკრაინის ლიბერალური მთავრობის მიერ ბანდერას უკრაინელი ხალხის გამაერთიანებლად წარმოჩენას და მის მითოლოგიზებას და რომანტიზებას ღიად ეწინააღმდეგება დასავლეთი და ძირითად ებრაელები (პარადოქსულია, თუმცა კრემლის მხარდამჭერები ნაცისტურ მთავრობას ლიბერალურ მთავრობასთან აიგივებენ).

• პროკრემლისტურმა Facebook-ანგარიშმა გამოაქვეყნა პოსტი, რომ ზელენსკის მთავრობა ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ რამდენიმე სტრატეგიული დასახლებული პუნქტის დაკარგვის მიუხედავად ყველაფერი კონტროლქვეშაა. აღნიშნული პოსტი ირონიულად ამტკიცებდა, რომ არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა უკან დაიხიეს სევეროდონეცკიდან და რუსების მიერ დაკავებული სხვა ტერიტორიებიდან, რათა შეძლონ რუსული პოზიციების დადგენა და იერიშის დაწყება. პოსტის ავტორი ასკვნის, რომ გმირულად მებრძოლი უკრაინის არმიის სარდლობას და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დღითი დღე უარესდება უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის შედეგად.

• ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ რვა წლის განმავლობაში დასავლეთმა უკრაინა მძლავრ პლატფორმად აქცია, რომელსაც შეუძლია გეოპოლიტიკური ომი რუსეთთან იქამდე, ვიდრე უკანასკნელი უკრაინელი არ დაეცემა.

• პრორუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „ტვ ობიექტივის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ უკრაინას დაკარგული ტერიტორიები არასოდეს დაუბრუნდება. მისი თქმით, დასავლურ სახელმწიფოებს, კერძოდ, პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე პრეტენზიები გააჩნიათ. შესაბამისად, დავით თარხან მოურავი ასკვნიდა, რომ უკრაინა სამომავლოდ არსებობას შეწყვეტს. იგი ამტკიცებდა, რომ პოლონური წარმომავლობის ებრაელმა ზელენსკიმ უკრაინას უღალატა. დავით თარხანმოურავი ასევე ავითარებდა შეთქმულების თეორიას, რომ ბორის ჯონსონი, პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის პრემიერ-მინისტრები, აშშ-ის თავდაცვის მდივანი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური „ომის პარტიას“ მიეკუთვნებიან და დონალდ ტრამპი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ომს რუსეთის წინააღმდეგ და ომის მსურველებმა მას არჩევნები გაუყალბეს.

• „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მარტინენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა სრული გამარჯვება მოიპოვა, რადგან მოსკოვი აკონტროლებს უკრაინის თითქმის მთელ სანაპირო ზოლს, ხორბლის დასათეს სასოფლოსამეურნეო მიწებს და ბუნებრივი აირის მარაგებს. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც საინფორმაციო ომს შესამჩნევი წარმატებით აწარმოებს, რუსეთი კატასტროფულად სუსტია საინფორმაციო ომის ასპექტში, რითაც მიანიშნებდა, რომ აღნიშნული აბუნდოვანებს ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ სურათს. ამას გარდა, ირაკლი მარტინენო მიიჩნევს, რომ ომი გაიწელება, რადგან დასავლეთი ეფექტურად აღვივებს რუსეთის დამარცხების განწყობებს.

• Facebook-გვერდი „სექტა“ ამტკიცებდა, რომ 15 ივლისს გამართული რუსეთის საგანგებო საპარლამენტო სესია, სავარაუდოდ, ნიშნავდა, რომ რუსეთი ნამდვილ ომს იწყებს და ამბობდა, რომ ნეოლიბერალების მიერ დანიშნულმა კლოუნმა (იგულისხმება ვოლოდიმირ ზელენსკი) უკრაინელი ხალხი გაწირა.

• ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო მიწოდების და 19 ივლისს თეირანში ვლადიმირ პუტინს და თურქეთის და ირანის ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „სპუტნიკ-საქართველო“ ღრმა ოპტიმიზმით და სიხარულით წერდა, რომ ირანი რუსეთს შესთავაზებდა საკუთარი წარმოების უპილოტოებს, მათ შორის შაჰედის და მოჰაჯერის ტაქტიკურ დრონებს, ასევე კარარის სხვადასხვა ვერსიებს და სხვა სადაზვერვო-დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს. „სპუტნიკის“ თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში ირანული დრონების რუსეთისთვის მიწოდების შემთხვევაში, ახალი „დრონების არმია“ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციას“ დააჩქარებდა. „აღმოსავლური ლენდ-ლიზი“, როგორც ამას „სპუტნიკი“ უწოდებდა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ შემოდგომა-ზამთრის ფაზაში.

• „სპუტნიკ-საქართველო“ ასევე აცხადებდა, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ მიმდინარეობისას, უკრაინელმა სამხედროებმა კატასტროფული დანაკარგები განიცადეს ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაში, ხოლო გაწვრთილი და პროფესიონალი სამხედროების დანაკარგს ვერ აანაზღაურებდნენ მასობრივი მობილიზაციის ტალღებით. „სპუტნიკის“ თანახმად, გაუწვრთნელი რეზერვისტები ვერ შეავსებდნენ პროფესიონალი სამხედროების დაკარგვით გამოწვეულ დანაკლისს და შესაბამისად, მიანიშნებდა, რომ უკრაინისთვის ყველაფერი უკვე დაკარგულია.

• „სპუტნიკ-საქართველო“ პუტინის ომის გამართლებას ბიოლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციული გზავნილით ცდილობდა. „სპუტნიკის“ თანახმად, ჰანტერ ბაიდენის მიმოწერა უკრაინაში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ შოკისმომგვრელია და მთელ მსოფლიოს, აშშ-ს გარდა, აინტერესებს რა სახის მომაკვდინებელი დაავადებების გამოცდა მიმდინარეობდა უკრაინელებზე და რა ინფექციების გამოჟონვა იგეგმებოდა ლაბორატორიებიდან.

პროკრემლისტური ძალები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება

კვლავ გრძელდებოდა მოწოდებები უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ, რასაც თან ერთვოდა დამატებითი არგუმენტი, რომ უკრაინელი ლტოლვილები ადგილობრივ ქართველებთან შედარებით უფრო მეტად პრიორიტეტულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

• Facebook-გვერდი „სექტა“ მწვავედ აკრიტიკებდა თბილისის მერიას უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. აღნიშნული გვერდის ლოგიკით, აღნიშნული პოლიტიკა არ უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ორი მიზეზის გათვალისწინებით: უკრაინის მთავრობა საქართველოს მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი/ლანძღავს საქართველოს და ქართველები სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში იმყოფებიან.

რუსეთის ეკონომიკა თანდათან უარესდება, თუმცა კრემლის პროპაგანდა აცხადებს, რომ სანქციები ზიანს მხოლოდ დასავლეთს აყენებს

რუსული პროპაგანდა კვლავ ენერგიულად ავრცელებდა გზავნილებს, რომ ეკონომიკური სანქციები რუსეთს ზიანს ვერ აყენებს, მაგრამ ანადგურებს მათ ეკონომიკას (ამ შემთხვევაში ევროპის), ვინც სანქციები დააწესა, რითაც ცდილობდა ხაზგასმით ეჩვენებინა, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

• პრორუსული „ალტ-ინფოს“ გადაცემის წამყვანი გიორგი ხარაზიშვილი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური კრიზისი „ძველ კონტინენტზე“ თავად ევროპამ გამოიწვია და გაკვირვებას გამოხატავდა მის პოლიტიკურ ახლომხედველობასთან დაკავშირებით. ამავე ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენდა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსული „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ევროპა ვეღარ უმკლავდება ეკონომიკურ გამოწვევებს.

• პრორუსული და ანტიდასავლური „Split Space News” იმეორებდა კოვიდ-19 პანდემიასთან და უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ქართველი ცნობადი სახის ლალი მოროშკინას მტკიცებას, რომლის თანახმადაც, ევროპის ეკონომიკა მძიმე დღეშია, ხოლო რუსეთის ეკონომიკა გამყარდა. ლალი მოროშკინა ასევე იძლეოდა დაპირებას, რომ აჩვენებდა, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს ევროპაში ყოველდღიური საჭიროებების შეძენა, ასევე სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში გამართულ გამოსვლებს და გაფიცვებს.

• „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი კიკნაძე პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ დასავლურმა სანქციებმა უკუეფექტი გამოიღო და როგორც ევროპის, ისე ამერიკის ეკონომიკების განადგურება გამოიწვია. აღნიშნულის საპირისპიროდ, მისი თქმით, მოსკოვი გაძლიერდა და რუსეთი ამჟამად მსოფლიოს ზესახელმწიფოა. გიორგი კიკნაძე ასევე ამტკიცებდა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყველა ქვეყანა უკიდურესად მოწყვლადი გახდება რუსეთის მიმართ, რაც ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს. მისი გათვლებით, ტოტალური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი შემოდგომისთვის მოხსნის რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. ამას გარდა, იგი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური ვითარება და ინფლაციის მაჩვენებელი იმდენად გაუსაძლისია, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ბორის ჯონსონი, თანამდებობებიდან გადადგომას ამჯობინებენ.

• პრორუსული პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი პარტიასთან აფილირებული „ტვ ობიექტივის“ ეთერში განიხილავდა სანქციების ზეგავლენას რუსულ ეკონომიკაზე. მისი მტკიცებით, ეკონომიკური სანქციები თანაბრად მტკივნეულია რუსეთისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის და რაც გასაკვირია, აღიარებდა, რომ რუსული ეკონომიკას სულ მცირე გარკვეული ზიანი მიადგა. დავით თარხან-მოურავის თანახმად, ევროპაში ეკონომიკური კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ საფრანგეთს სხვა სახელმწიფოების სუბსიდირების ტვირთის თავიდან მოსაშორებლად ევროკავშირის დატოვება სურს.

• პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში იურისტი გია თოიძე ამტკიცებდა, რომ ევროპა ფარისევლურად იქცევა, რადგან, ერთი მხრივ, ბრიუსელი საქართველოს იყენებს სატრანზიტო ქვეყნად რუსეთზე დაწესებული სანქციებით გათვალისწინებული პროდუქტების შესატანად და მეორე მხრივ, ოფიციალურად მოითხოვს, რომ თბილისმა არ დაუშვას რუსული პროდუქციის ტრანზიტი.

• კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებით გამორჩეული „ქართული ტვ“-ს ეთერში, „ექსპერტი“ ემზარ ხვიჩია აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, თუ ევროპელი ლიდერები წინასწარ გარანტიას მისცემდნენ რუსეთს, რომ არ დაუჭერდნენ მხარს აშშ-ის სანქციების პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

• ლიეტუვას მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის კალინინგრადში ტრანსპორტირების დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროპაგანდისტული Facebook-გვერდი „სექტა“ ამტკიცებდა, რომ აღნიშნული რუსეთის მიმართ მზარდი შიშის შედეგს წარმოადგენდა.

• კიდევ ერთმა ანტიდასავლურმა და პრორუსულმა Facebook-გვერდმა გაავრცელა ვიდეო სადაც ნაჩვენებია უკრაინა 2021 და 2022 წლებში, რითაც შეეცადა წარმოეჩინა ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი. უკრაინის განადგურებული ინფრასტრუქტურის ფონზე, Facebook-გვერდი ამტკიცებდა, რომ აშშ რუსულ ნავთობს ინდოეთის შავ ბაზარზე ყიდულობს და ასკვნიდა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთის ომს და ნგრევას უკრაინაში.

• „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი ქარდავას და გენერალური მდივნის, შოთა მარტინენკოს მოსკოვში ვიზიტზე საუბრისას, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა გაცილებით უფრო მისაწონია რუსეთში, რასგან არ შეუერთდა ეკონომიკურ სანქციებს და ცდილობს არ მოექცეს ევროპის ზეგავლენის ქვეშ.

შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ საქართველოში გავრცელების შესახებ

დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები პერმამენტულ რეჟიმში ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობაში რუსეთთან ომის შიშების გამოკვებას და აღნიშნულ ნარატივს აქტიურად უწყობდა ხელს მმართველი პარტია. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდები, ღიად პრორუსულ და ანტიდასავლურ მედიასაშუალებებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან უნისონში უტევდნენ დასავლეთს და ადანაშაულებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობაში.

• ხელისუფლებასთან დაკავშირებული Facebook-გვერდმა „ლიდერი 41“ გამოაქვეყნა ომისგან განადგურებული თბილისის ჰიპოთეტური სურათი წარწერით „როგორი იქნებოდა თბილისი რუსეთთან ომის შემთხვევაში“. პოსტის ავტორის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ სცენარით ბედნიერი იქნებოდა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიანიჭებდნენ. პოსტი ასევე შეიცავდა მტკიცებას, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ უბედურებას გადაგვარჩინა.

• კიდევ ერთი პროსახელისუფლებო გვერდი „2012-იანელები“ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომამდე საქართველო იყო ასოცირებული ტრიოს მოწინავე წევრი და ჰქონდა ნატო-სთან თავსებადობის ყველაზე მაღალი ხარისხი. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია და წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა. ამავე გვერდის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დაიწყო.

• ანტიდასავლური და პრორუსული „ალტ-ინფო“ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო აცხადებდა, რომ დასავლეთი ძალიან ყოყმანობს ისეთი ზომების მიღებაზე, რამაც შეიძლება ომის პროვოცირება გამოიწვიოს, თუმცა საქართველოსგან მოითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც რუსეთთან ომის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. შოთა მარტინენკო ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი ცდილობენ საქართველოს და უკრაინის საკუთარი პოლიტიკური სარგებლისთვის გაწირვას.

• „ალტ-ინფო“ ასევე თავს ესხმოდა საქართველოში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს. „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, ამტკიცებდნენ, რომ მას შემდეგ რაც აშშ-მა ვერ შეძლო საქართველოს იძულება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ელჩ დეგნანს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური შურისძიება „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ და პარტიის ლიდერების დასჯას მოითხოვს.

• „საერთო გაზეთმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ პროსახელისუფლებო ექსპერ ედიშერ გვენეტაძესთან, რომელიც აცხადებდა, რომ „მსოფლიოს მმართველებს“ უნდათ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა. იგი ასევე ადანაშაულებდა ევროკავშირს უსამართლობაში და აღნიშნავდა, რომ საქართველო ნებისმიერი პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ევროკავშირი მხოლოდ მაშინ მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, „თუ მოსახლეობა იღუპება და ქვეყანა ნადგურდება.“

• პრორუსული Isari.ge-ს რედაქტორმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, გამოაქვეყნა მორიგი „შედევრი“, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ბრიუსელი საქართველოს უბრძანებდა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.

• ანტიდასავლური გამოცემა „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოაქვეყნა რუსეთის მხარდამჭერი და ანტიდასავლური პროპაგანდით სავსე სარედაქციო წერილი, სადაც ამტკიცებდა, რომ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში დასავლეთი სათავეში ედგა ანტირუსულ პროცესებს. არნო ხიდირბეგიშვილის თანახმად, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ უკრაინა საკმარისი არ არის და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის კიდევ ერთი ცხელი წერტილი ესაჭიროება. ამავე სტატიის მიხედვით, აშშ-მა ამ დრომდე ვერ მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს და ახლა ცდილობს სომხეთზე და ტაჯიკეთზე ზეწოლის გაზრდას. არნო ხიდირბეგიშვილი გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში აშშ-ს ადანაშაულებს საქართველოს „უკრაინიზაციის“ ძალისხმევაში, სადაც იგულისხმება, რომ აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პოლიგონად გამოიყენებს.

• პრორუსული პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი, პარტიასთან აფილირებული „ტვ ობიექტივის“ ეთერში აცხადებდა, რომ ევროპა უმწვავეს კრიზისშია, რადგან „ომის პარტია“ ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს. დავით თარხან-მოურავის თანახმად, ომის სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევაში, ნატო აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს არ დაეხმარება. შესაბამისად, ნატო დაიშლება და მის ძველ საზღვრებს დაუბრუნდება.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

პრორუსული პროპაგანდა საქართველოში აგრძელებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის დისკრედიტაციას და ამ მიზნით ავრცელებდა სხვადასხვა გზავნილს: სამხედრო დახმარების გაწევა ასუსტებს დახმარების გამწევ ქვყნებს, სამხედრო დახმარება ვერ უშველის უკრაინას, რადგან ის განწირულია ომში დამარცხებისთვის, დასავლურ სამხედრო დახმარებას იპარავენ და შავ ბაზარზე ჰყიდიან.

• ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ექსპერტი“ დემურ გიორხელიძე „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ამოეწურათ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღება. მისი შეფასებით, ამჟამად, აშშ-ს რუსეთთან დასაპირისპირებლად სტრატეგიულ შეიარაღებაზე არაფერი გააჩნია. ამას გარდა, დემურ გიორხელიძე ამტკიცებდა, რომ საფრანგეთმა საკუთარი არსენალის 25% კიევს მიაწოდა და დამატებითი მოცულობის გადაცემა აღარ შეუძლია, რადგან შეიარაღების გარეშე დარჩება, იმის გათვალისწინებით, რომ პარიზს 18 თვე დაჭირდება სარაკეტო შეიარაღების მარაგების შესავსებად. დემურ გიორხელიძის დასკვნით, უკრაინა განწირულია, რადგან რუსული სამხედრო ტექნოლოგია უკრაინულ სამხედრო ტექნოლოგიაზე ბევრად აღმატებულია. შესაბამისად, იგი ამბობდა, რომ უკრაინა ნადგურდება იმის მიუხედავად, თუ რა სამხედრო დახმარებას გაუწევს კიევს დასავლეთი, ხოლო დახმარების ნაწილს კი თვითონ რუსეთი იგდებს ხელთ. დემურ გიორხელიძე პრეზიდენტ ზელენსკის უწოდებდა პროვოკატორს და ამტკიცებდა, რომ მან მთელი ევროპიდან წამოიღო შეიარაღება და შესაბამისად, კონტინენტი თავდაცვის საშუალების გარეშე იყო დარჩენილი. იგი ასევე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ მიმდინარე ომმა წარმოჩინა ნატო-ს სისუსტე და ომის წარმოების უუნარობა.

• Facebook-გვერდი „სექტა“ ამტკიცებდა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების დიდი ნაწილი საზღვართან ქრება და შესაძლოა შავ ბაზარზე აღმოჩნდეს.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

უკანასკნელ პერიოდში, საქართველო რამდენჯერმე აღმოჩნდა რუსეთის პროპაგანდისტული რუპორის „პირველი არხის“ სამიზნე. პირველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გაჟღერდა დიდი ხნის და ხშირად განმეორებადი ნარატივი, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას ამერიკელები სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. თუმცა, ამჯერად ნარატივის გასამყარებლად საქმეში ჩართეს ქართველი „ექსპერტები“, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენციაც კი გამართეს. „ფაქტმეტრი“ აღნიშნული ამბით დაინტერესდა და რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემაში ნახსენები „ექსპერტების“ შესახებ ინფორმაცია შეისწავლა.

ახალი ამბების გადაცემაში გასული კიდევ ერთი ახალი ამბავი შეეხებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მტკიცებითაც უკრაინაში ბრძოლის გასული 3 კვირის განმავლობაში განადგურებულ იქნა 50 ქართველი დაქირავებული მებრძოლი („ფაქტმეტრმა“ აღნიშნული დეზინფორმაცია შესაბამის სტატიაში გააბათილა).

ამას გარდა, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ კიდევ ერთ შემზარავ დარტყმას, რომელიც ამჯერად ქალაქ ვინიცაში განხორციელდა და სულ მცირე 23 უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოჰყვა დეზინფორმაციის კამპანია სხვადასხვა აქტორის, მათ შორის რუსული სახელმწიფო მედია ორგანიზაციების „Russia Today”-სა და “Rossya Segodyna”-ს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის ჩართულობით. ის ავრცელებდა ყალბ მტკიცებას, თითქოს რუსეთის არმიამ დარტყმა ვინიცაში მდებარე სამხედრო ობიექტზე განახორციელა.

ამას გარდა, დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები გულმოდგინედ ცდილობდნენ ეჩვენებინათ შიდა აუდიტორიისთვის, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში მარტო არ არის, რის გამოც გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მიკი რურკმა მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს. სინამდვილეში, მიკი რურკმა 12 ივლისს პირს მორგანის შოუში მიცემულ ინტერვიუში ზუსტად საპირისპირო განაცხადა. კერძოდ, მსახიობის თქმით, მას არ ესმის თუ რა სურს პუტინს და არასწორია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია