საქართველოს მთავრობა: პრემიერის ინიციატივით ზარდიაანთკარში ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყება, გვაქვს განწყობა რომ ეს პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდეს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მთავრობის დაპირება არ შესრულდა

რეზიუმე: 2021 წლის ივლისში პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომლის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყებოდა.

დაპირებიდან 1 წელში და ომიდან 14 წლის განმავლობაში, სოფელ ზარდიაანთკარში არაფერი შეცვლილა, მოსახლეობა ამ დრომდე მხოლოდ დაპირებებს ისმენს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობამ კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წელში აღადგინა. სათანადო პირობების შექმნის იმედით მშობლიურ მხარეს 2013 წელს 30-მდე ოჯახი დაუბრუნდა, აქედან 4 მათგანის საცხოვრებელი სახლი მთლიანად გადამწვარი იყო, რის გამოც 15-15 ათასი დოლარი კომპენსციით მიიღეს და ისევ საბავშვო ბაღის შენობაში გააგრძელეს ცხოვრება. მიღებული თანხა კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიური საჭიროებებისთვის გამოიყენეს.

ომიდან 14 წლის შემდეგ დაზარალებულ სოფელში სპეციალურმა კომისიამ მხოლოდ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები შეისწავლა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი 28 ოჯახისთვის სახლების აღდგენისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. კომპანესაციამიღებულ ოჯახებს კი გადამწვარ საცხოვრებელ ადგილებზე ახალი სახლების მშენებლობას ვეღარ ჰპირდებიან.

ანალიზი:

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, სოფლის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ 2021 წლის ივლისში გახდა ცნობილი, როდესაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე გასვლითი სხდომა გორში გაიმართა.

კომისიის წევრების განმარტებით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, ქმედებათა კონკრეტული გეგმაა შემუშავებული, რომლის განხორციელების მექანიზმებზეც იმსჯელეს.

ამ შეხვედრამდე ოთხი თვით ადრე შერიგების მინისტრი ზარდიაანთკარში სახლების აღდგენას 2021 წლის ბოლომდე აანონსებდა.

"კომისიის მიერ, 2020 წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა ზარდიაანთკარში საჭირო სამუშაოების შეფასება. ამ საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში დგას და გვაქვს განწყობა რომ საცხოვრებელი სახლების პრობლემა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წელსვე მოგვარდეს", - აღნიშნა 2021 წლის მარტში თეა ახვლედიანმა.

მთავრობის აღნიშნული დაპირება, საკითხით დაინტერესებულმა დეპუტატებმა, პარლამენტში მისულ მინისტრებს არაერთხელ შეახსენეს.

„იყო დაპირება, რომ ზარდიაანთკარელების სახლებს მოევლებოდა და არ იქნებოდა ის პრობლემა, რომ აწვიმდეთ და ბინებში ქარი შესდიოდეთ. გორის მერიიდან გამოვითხოვე ინფორმაცია და მეუბნებიან, რომ ჯერ ფინანსები უნდა მოიძიონ და დაითვალონ ზარალი“, -აღნიშნა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ გასული წლის ბოლოს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლას ისმენდნენ.

აქუბარდიას ინფორმაციით, ზარდიაანთკარში ამჟამად ადგილობრივების საცხოვრებელი პირობების შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა როგორც მისთვის გახდა ცნობილი, სახლების აღგენას ყველა მათგანს ვერ ჰპირდებიან.

ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ზარდიაანთკარში (28 სახლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს საბას დაავალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 640 ლარი გაითვალისწინა, სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებად კი დოკუმენტში 1 მლნ 800 ათასი ლარია განსაზღვრული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმეტნის მომზადებისთვის ვადა 2023 წლის 1 აპრილამდე აქვს.

მანამდე კი ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობის ზარდიაანთკარში დაბრუნების შემდეგ, სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, გაზის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებისა და გარე განათების მოწყობა, თუმცა ამ ეტაპზე ადგილზე ძირითადად, უფროსი თაობა რჩება. მოსახლეობის უმრავლესობა სოფელში 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 1990-იანი წლების კონფლიქტამდე აქ ეთნიკურად ოსი და ქართველი მოსახლეობა ერთად ცხოვრობდა. 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა 173 ადამიანს შეადგენდა. მათ შორის, 35% - ეთნიკურად ქართველი. საომარი მოქმედებების გამო, ოსი მოსახლეობის უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა, თუმცა გარკვეული ნაწილი 1997 წელს დაბრუნდა. მათი სახლები, ვინც არ დაბრუნებულა, დღემდე მიტოვებულია. 2002 წლის საყოველთაო აღწერით კი, სოფელში 117 მოსახლე იყო, აქედან 68% - ქართველი, 32% - ოსი. 2008 წლის ომის დროს მოსახლეობის 90-95%-მა სოფელი დატოვა და შიდა ქართლიდან, სხვა დევნილების მსგავსად, დროებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა.

გრაფიკი 1: მოსახლეობის რაოდენობა სოფელ ზარდიაანთკარში 1979 - 2022 წლებში:

წყარო: სახალხო დამცველის პარატი

მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 14 წლის შემდეგ, სოფელ ზარდიაანთკარში, ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილობრივების მდგომარეობას სწავლობენ და დანგრეული სახლების აღდგენისთვის საჭირო თანხებს ითვლიან. კონკრეტული ვადების შესახებ კი ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ვარაუდის დონეზე საუბრობენ და სახლების აღდგენის თარიღს კვლავაც ვერ აკონკრეტებენ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი