იტვირთება

მიხეილ დუნდუა: II კვარტალში დაახლოებით 70 000 ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე პირველ კვარტალში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 68.8 ათასით (5.7%-ით), აქედან დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%-ით) გაიზარდა. ამავე პერიოდში, უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასით (2.8%-ით) შემცირდა.

დასაქმებულთა რაოდენობის დათვლისას სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად მოცემული კვარტლის წინა წლის იგივე კვარტალთან შედარება არის მართებული. 2022 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 55.3 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა. აქედან, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%-ით) არის გაზრდილი. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63 ათასით (18.3%) შემცირდა.

ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მართლაც გაუმჯობესდა, თუმცა მიხეილ დუნდუა დასაქმებულთა რიცხოვნობას წინა კვარტლის მონაცემებს ადარებს, რის შედეგადაც არსებული ზრდა გადაჭარბებულად წარმოჩინდება.

ანალიზი

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა: „წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 70 000 ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. აქედან სამუშაო ადგილზე სახელფასო ანაზღაურებით 50 000 ადამიანით მეტი დასაქმდა... ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება დასაქმების მაჩვენებელზე და კეთილდღეობაზე. წლიური გაანგარიშებით უმუშევართა რიცხვი შემცირებულია 18%-ით, 60 000 ადამიანით“.

პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში] სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა მოჰყვა. 2022 წლის I და II კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 68.8 ათასით (5.7%-ით) გაიზარდა, აქედან დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%-ით) გაიზარდა. ამავე პერიოდში, უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასით (2.8%-ით) არის შემცირებული.

დასაქმებულთა რაოდენობის დათვლისას სეზონურობის ფაქტორიდან გამომდინარე, ამა თუ იმ კვარტლის წინა კვარტალთან შედარება შესაძლებელია, არასწორ წარმოდგენებს ქმნიდეს [1]. ამიტომაც წინა პერიოდებთან მიმართებაში გამოვლენილი ტენდენციის ანალიზისას მიმდინარე კვარტლის მაჩვენებლის წინა წლ(ებ)ის იგივე კვარტალთან შედარება არის მართებული.

მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 55.3 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა და 1269.9 შეადგინა. აქედან, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%-ით) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. ამავე პერიოდში, დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით, 42.2%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფაქტია, რომ 2022 წლის I და II კვარტალში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების და უმუშევრობის დონის გაუმჯობესების ტენდენციაა, რომელიც შეგვიძლია, როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესი ისე განვიხილოთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადების კონტექსტი, რომ ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა ის დასაქმებულთა რაოდენობას წინა კვარტალს ადარებს და სეზონურობის ფაქტორს უგულებელყოფს, რითაც არსებულ მონაცემებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

[1] აღნიშნული დამოკიდებულია მონაცემის ინტერპრეტირებაზე. კერძოდ, რა შინაარსის აღსაწერად ხდება სტატისტიკური მაჩვენებლის გამოყენება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი