• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

24/06/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი ისტორიულ მაქსიმუმს ასახავს, თუმცა ნომინალური მონაცემის გარდა საინტერესოა იმის დადგენაც, რა ტემპით იზრდებოდა ტურიზმი წინა წლებში, რა როლს ასრულებდა მშპ-ის ფორმირებაში და რამდენით გაიზარდა ის ინფლაციის გათვალისწინებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, ტურიზმიდან მიღებული ნომინალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა, მათ შორის 2008-2009 წლებშიც. დარგის განვითარების საწყის ეტაპზე, შემოსავლების ზრდის ტემპი 30%-40%-ს აჭარბებდა და 2012 წელს 50%-საც მიაღწია. მსგავსი ტემპის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ დაშვებით, ამ მასშტაბით ზრდის შემთხვევაში, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს 2019 წელს 24 მლრდ დოლარისთვის უნდა მიეღწია, რაც რეალობაში მიღებულ შემოსავალზე 7.3-ჯერ მეტია.

საწყისი პერიოდის შემდეგ, პანდემიამდე ტურიზმისთვის საუკეთესო პერიოდად შეიძლება 2017-2018 წლები დასახელდეს, რა დროსაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ჯერ 29%-ით, ხოლო შემდეგ 18%-ით გაიზარდა.

2019 წელს ზრდის ტემპი 1.4%-მდე შემცირდა. უფრო საინტერესო იქნება, თუ ამ წელს კვარტალურად ჩავშლით. პირველ კვარტალში ზრდის ტემპი 5% იყო, მეორეში - 8.4%, მესამეში - 7%-იანი კლება და მეოთხეში ისევ 5%-იანი ზრდაა. მესამე კვარტალში ჩავარდნა რუსეთიდან ფრენების შეწყვეტამ გამოიწვია. მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფრენების შეწყვეტამდეც ზრდის ტემპი უკვე შენელებული იყო.

პანდემიის შემდეგ, აღდგენის ნიშნები უკვე 2021 წელს გამოჩნდა, რასაც 2022-2023 წლებში რეალური აღდგენა მოჰყვა. 2020, 2021 და 2022 წლები საერთო ტენდენციიდან ამოვარდნილია. შოკური ეფექტის გათვალისწინებით, შესადარებლად არც 83%-იანი ვარდნა გამოდგება და არც 182%-იანი ზრდა.

2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 7.3%-ით გაიზარდა. დაახლოებით ამდენივე იქნებოდა ზრდა 2019 წელს რუსეთს რომ ფრენები არ შეეწყვიტა (დაშვება ეფუძნება 2019 წლის იანვარ-ივნისში დაფიქსირებულ ზრდის ტემპს).

2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მლრდ და 2024 წელს 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ნომინალურმა ზრდამ 35%-ს მიაღწია, თუმცა თუ დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილებას გავითვალისწინებთ, ზრდის ტემპი 10%-მდე მცირდება, რადგან გლობალურად 2024 წლის 4.4 მლრდ მსყიდველუნარიანობის მიხედვით იგივეა, რაც 2019 წლის 3.6 მლრდ. თუ ათვლას 2012 წლიდან დავიწყებთ, 2012-2024 წლებში ტურიზმიდან მიღებული ნომინალური შემოსავალი 214%-ით იქნება გაზრდილი, ინფლაციის გათვალისწინებით - 128%-ით. ასევე ინფლაციის გათვალისწინებით, 2019 წელს მცირე ზრდის ნაცვლად მცირე კლებას მივიღებთ.

პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში, საქართველოში უფრო მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა და 2020-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 34%-ით გაიზარდა. გამოდის რომ, თუ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს საქართველოში არსებული ინფლაციით დავაკორექტირებთ, ზრდა ნულთან მიახლოებული იქნება, მაგრამ რადგან მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დოლარში ითვლება, უფრო მართებული იქნება თუ მივიჩნევთ რომ რეალურმა ზრდამ 2019-2024 წლებში 10% შეადგინა.

გრაფიკი 1: ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო

მიმდინარე ფასებში დათვლით ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე 2022 წელს გაუსწრო, თუმცა დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, რეალური გასწრების შემთხვევა მოგვიანებით, 2023 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას. ჯამური ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით შემცირებულია. უშუალოდ ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა კი უმნიშვნელოდ - 0.2%-ითაა გაზრდილი.

ცხრილი 1: ტურიზმის სტატისტიკა (1000 ვიზიტი)


წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

იმ ფაქტს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ბოლომდე ვერ აღდგა, თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. ყველაზე დიდი დანაკლისი აზერბაიჯანიდან ფიქსირდება. 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 1.5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს 1.3 მლნ-ით ნაკლები - 219 ათასი. ასეთი მკვეთრი ვარდნა ძირითადად ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილებით შეიძლება აიხსნას, რომლის თანახმადაც, კოვიდ-პანდემიის პრევენციის მოტივით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დღემდე ჩაკეტილი რჩება.

აზერბაიჯანის გარდა, ვიზიტორთა რაოდენობა 10%-ით ევროკავშირი ქვეყნებიდანაც შემცირებულია. 2019 წელს ევროკავშირის 28 ქვეყნიდან (ბრიტანეთის ჩათვლით) საქართველოს 485 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, 2024 წელს ასევე ბრიტანეთის ჩათვლით 438 ათასი. 28-დან 17 შემთხვევაში კლება ფიქსირდება. ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა ნორვეგიიდან და შვეიცარიიდანაც. ევროპის გარეთ კლება ფიქსირდება იაპონიიდან. თუმცა კორეიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან ზრდა აღინიშნება. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგებულია პაკისტანიდან და 127%-ით - 55-დან 124 ათასამდე, გაზრდილია ინდოეთიდან.

ცხრილი 2: TOP 15 ქვეყანა ვიზიტორებში (1000 ვიზიტორი)


წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2024 წელს ვიზიტორებში პირველი 15 ქვეყნიდან მხოლოდ ერთი გერმანია იყო ევროკავშირის წევრი. 2019 წელს ორი: გერმანია და პოლონეთი. 2019 წელს პირველ 15 სახელმწიფოში შედიოდა შეერთებული შტატებიც.

ვიზიტორებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 2019-2024 წლებში 6.3%-დან 6.8%-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანს რომ საზღვრები გაეხსნა, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის წილი შემცირებული იქნებოდა.

2024 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული ევროკავშირიდან როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მცირდება. ტენდენცია 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. ტენდენციის მკვეთრი ცვლილება დროში ზუსტად ემთხვევა რუსული კანონის წარდგინებას. პარლამენტში რუსული კანონი ხელმეორედ მეორე კვარტლის დასაწყისშივე, 2024 წლის 3 აპრილს დაარეგისტრირეს, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავება მოჰყვა.

გრაფიკი 2: შემოსავლებისა და ვიზიტორების შემოსვლის ცვლილების დინამიკა ევროკავშირის ქვეყნებიდან (იგულისხმება ბრიტანეთიც)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვიზიტორებში საკმაოდ დაბალი წილის მიუხედავად, თითქმის ორჯერ მეტია ევროკავშირის წილი შემოსავლებში და ის 12.9%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი დაახლოებით ორჯერ მეტს ხარჯავს, სხვა ქვეყნების საშუალოსთან შედარებით.

გრაფიკი 3: ტურიზმი ევროკავშირიდან


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვინ რამდენს ხარჯავს საქართველოში? 2024 წლის წლიური ანგარიში ტურიზმის ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია. 2023 წლის ანგარიშში არამეზობელი ქვეყნების ათეულია წარმოდგენილი, სადაც 5600 ლარით პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა, 4000 ლარით - მეორე ადგილს ყაზახეთი და სამეულს 3900 ლარით საუდის არაბეთი ასრულებდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მეთოდოლოგიის თანახმად, ეროვნული ბანკი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში არ აღრიცხავს იმ ადამიანთა დანახარჯებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებოდნენ: უკრაინის მოქალაქეების 23.9%, რუსეთის მოქალაქეების 24.4% და ბელარუსის მოქალაქეების 26.9%.

2024 წელს ეროვნულ ბანკს დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურების მიხედვით აქვს მოყვანილი, ტურიზმის ადმინისტრაციას ვიზიტორების სტატისტიკა ვიზიტების რაოდენობის მიხედვით. მოგზაურობების რაოდენობა, ვიზიტთა რაოდენობას ჯამურად 14%-ით აჭარბებს. თუ ჩავთვლით, რომ ყველა ქვეყნის შემთხვევაში სხვაობა 14%-ია, 2024 წელს დანახარჯების მიხედვით, პირველ ადგილზე ისრაელის მოქალაქე გავა. გასულ წელს ისრაელის მოქალაქე საქართველოში საშუალოდ 1230 დოლარს, საუდის არაბეთის მოქალაქე 1215 დოლარს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის 1145 დოლარს, უკრაინის მოქალაქე 1100 დოლარს, რუსეთის მოქალაქე 525 დოლარს და თურქეთის მოქალაქე 400 დოლარს ხარჯავდა. აღნიშნული დაშვება ზუსტ შედეგს ვერ იძლევა, მაგრამ ზოგადი სურათისა და ტენდენციის გამოვლენისთვის საკმარისია.

ტურიზმი მშპ-ის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წილის დასადგენად, მიღებული შემოსავალი მშპ-სთან პირდაპირ არ ფარდდება. საქსტატი 5 ძირითად კომპონენტს გამოყოფს: სახმელეთო და წყლის ტრანსპორტს, საჰაერო ტრანსპორტს, განთავსებას, საკვებითა და სასმელით მომარაგებასა და ტურისტული სააგენტოების მომსახურებას. ამ ხუთმა კომპონენტმა 2019 წელს 3.6 მლრდ ლარის დაგენერირება შეძლო და ტურიზმის წილმა მშპ-ში 8.3%-ს მიაღწია. 2024 წელს 5.9 მლრდ-ს, თუმცა მისი წილი მშპ-ში 7.3%-მდე შემცირდა.

ტურიზმი დღემდე რჩება ეკონომიკის მნიშვნელოვან კომპონენტად, თუმცა მისი წილი მშპ-ის ფორმირებაში შემცირებულია. თანხობრივად შემოსავლების ზრდის ტემპმა კლება ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. 2024 წლის მდგომარეობით, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ნომინალურად 35%-ითაა გაზრდილი, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით - მხოლოდ 10%-ით. ვიზიტორების საერთო რაოდენობით პანდემიამდელი მდგომარეობა ჯერ არ აღდგენილა, უშუალოდ ტურისტთა რაოდენობამ კი 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ უმნიშვნელოდ - 0.2%-ით გადააჭარბა. ვიზიტორთა რაოდენობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ბაქოს გადაწყვეტილება - არ გახსნას სახმელეთო საზღვარი, ახდენს. ბრიუსელთან ურთიერთობების გაფუჭებამ, შეამცირა ტურისტები ევროკავშირიდანაც. ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი არც ადრე ყოფილა, თუმცა ისინი მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან. კიდევ ერთ პრობლემად შეიძლება ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხი მივიჩნიოთ, თუმცა ეს ცალკე კვლევის საგანია. იქამდე კი შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ტურიზმი აღდგა, მაგრამ არა სრულად, აღდგა გარკვეული ჩავარდნებით.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა