იტვირთება

სოციალურ ქსელში ანტივაქსერები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც იმ ადამიანების ვრცელი ჩამონათვალია, რომელნიც თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ/შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და მოსახლეობაში ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

გავრცელებულ ვიდეოში ჩამოთვლილი პირები იყვნენ, თუ - არა აცრილები და არსებობდა, თუ - არა ვაქცინას და მათ გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ამის გასარკვევად „ფაქტ-მეტრი“ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს“ დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაზაში გადამოწმდა ვიდეოში წარმოდგენილი სია (100-ზე მეტი ადამიანი) და არცერთ ჩამოთვლილ პირზე იშგამის შესახებ (ანუ აცრის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ვაქცინაციასთან) შეტყობინება არ დაფიქსირებულა. მეტიც, ვიდეოში ჩამოთვლილ ადამიანთა დიდი ნაწილი - 42 პირი, ვაქცინირებული საერთოდ არ იყო.

გავრცელებულ ვიდეოში, ვაქცინაციიდან 1 წლის შემდეგ დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებსაც ვაქცინას მიაწერენ, მიუხედავად გარდაცვალების მიზეზისა. მეტიც, აღნიშნულ ვიდეოში წარმოდგენილი არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც სინამდვილეში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა (მათ შორისაა, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის რაჭაში, სოფელ შქმერში გზის ჩავარდნის შედეგად ხევში გადავარდა. ადვოკატი ნინი ღვინიაშვილი, რომელიც კორპუსის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა).

რაც შეეხება ახალციხეში ვაქცინაციის შემდგომ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, მის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაზე მიმდინარეობს.

ვაქცინაციის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული ნებისმიერი არასასურველ მოვლენაზე (იშგამი) ზედამხედველობა მიმდინარეობს. იშგამი შესაბამის საანგარიშო ფორმაში სამედიცინო პერსონალის / სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგის მიერ რეგისტრირდება და ეროვნულ დონეზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეცნობება. აცრის შემდგომ განვითარებული ნებისმიერი სერიოზული მოვლენა იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულ კომიტეტის შესწავლის საგანი ხდება, რომელიც ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს იშგამ-სა და ვაქცინას შორის.

2022 წლის 1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 2 903 548 აცრა ჩატარდა, რომელთაგან იშგამი 2055 შემთხვევაში აღირიცხა. აქედან, სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა დასჭირდა (48 - სტაციონარი, 133 - ამბულატორია). ვაქცინის 2 903 548 დოზაზე იშგამების წილი 0,1%-ია, სერიოზული იშგამების წილმა კი - 0,01% შეადგინა.

იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 49 შემთხვევა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი, ისე კლასიფიცირდა, ხოლო 26 შემთხვევა - როგორც გაურკვეველი. 1 შემთხვევის კლასიფიცირება კი ვერ მოხერხდა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ვაქცინაციით გამოწვეული გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი