იტვირთება

რომან გოცირიძე: ევროკომისიის ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მიმდინარე თვეში ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა მიმოხილული (2021 წლის 5 თებერვლის შემდგომი პერიოდი).

ანგარიში საერთო ჯამში უნდა შეფასდეს, როგორც საკმაოდ კრიტიკული, რამდენადაც თუკი ევროკომისიის გასული წლების ანგარიშებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისეთი სიმწვავის შეფასებები, როგორსაც 2022 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვხვდებით, აქამდე არ გაკეთებულა. მეტიც, რიგი პრობლემები, რომლებზეც ევროკომისია აქამდეც მიგვითითებდა, არათუ აღმოიფხვრა, არამედ გაუარესდა კიდეც. ევროკომისიის მიმდინარე წლის შეფასებით, ანგარიშში აღწერილი არაერთი მოვლენა, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ხარვეზები, რეგრესი სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებების სფეროში, ძალადობა LGBTIQ პირებსა და ჟურნალისტებზე, ცნობები დიპლომატების მოსმენების შესახებ, ზეწოლა სახალხო დამცველის ოფისზე და ა.შ. ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა.

მართალია, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტიდან და მათი წარმომადგენლებისგან კრიტიკას უფრო აქტიურად ვისმენთ, თუმცა აღნიშნული ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეფასებების შემცველია არაერთი მიმართულებით, რაც აქამდე მოგვისმენია/გვინახავს. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასებებია, რაც კი ოდესმე ევროკავშირს გაუკეთებია.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია. ეს თუ გაგრძელდა, არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღება, ვიზებსაც გაგვიუქმებენ იმიტომ, რომ „წითელ ხაზად“ გასდევს ერთი მთავარი სიტყვა, რომელსაც იმეორებენ უამრავჯერ-უკუსვლა, უკუსვლა, უკუსვლა, ყველა მიმართულებით უკუსვლა“, -განაცხადა გოცირიძემ.

მიმდინარე თვეში ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა მიმოხილული. კერძოდ, დოკუმენტი 2021 წლის 5 თებერვლის შემდგომ პერიოდს ეხება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა კანონის უზენაესობასა და მმართველობის საკვანძო სფეროებთან (მათ შორის სასამართლო სისტემასთან), ასევე, ადამიანის უფლებების სფეროში არსებით უკუსვლასთან დაკავშირებით, შეშფოთებაა გამოთქმული.

დოკუმენტში, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებია მოყვანილი. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის „სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, არჩევნებზე გავლენა მოახდინა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ, რამაც საარჩევნო პროცესის ზოგიერთ ასპექტში საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა. „ეუთო / ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ მუდმივმა პოლარიზაციამ, ნეგატიური რიტორიკის გამწვავებასთან ერთად, უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს და საასპარეზო პირობები შეცვალა“ ,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში 2021 წლის 19 აპრილის („შარლ მიშელის შეთანხმება“) შეთანხმების შესახებაც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა: „შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. „2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა“.

დოკუმენტში საუბარია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაზე, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებს ეხებოდა. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ დანიშვნებზეც (2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს), რომელიც ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე წარიმართა.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე.

„2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

უარყოფითადაა შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის ფაქტიც, რომელზეც გადაწყვეტილება პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო (საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ) არსებითი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. დოკუმენტის თანახმად, „პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში“.

ანგარიშში საქართველოს მედიაგარემო შეფასებულია, როგორც „პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული“. დოკუმენტში მოყვანილია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც, 2022 წლის მონაცემებით, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. „ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებაში“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზეც და აღნიშნულია, რომ ამ დღეს მომხდარი ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირთა წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე დარჩა. „2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს“.

ევროკომისიამ საყურადღებო და მწვავე შეფასება გააკეთა ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის ოფისზე ზეწოლასთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები ვიხილეთ. „ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს“.

დოკუმენტში, ასევე, საუბარია, 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ცნობებზე ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ: „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“.

ანგარიშში მოხვდა პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეებიც, მათ შორის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას საქმეები. ასევე, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე.

გარკვეულწილად კრიტიკულ შეფასებებს ევროკავშირის ბოლო რამდენიმე წლის ანგარიშშიც ვხვდებით, თუმცა არა იმდენად მწვავეს და იმდენი მიმართულებით, რამდენზეც 2022 წლის ანგარიშშია საუბარი.

მაგალითად, 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარი გამოწვევები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას უკავშირდებოდა. კერძოდ, ვკითხულობთ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე მიიღო, რამაც პროცესში არსებული ხარვეზები სრულად ვერ აღმოფხვრა.

დოკუმენტში, ასევე, ვკითხულობთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ნათქვამია, რომ აღნიშნული არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა „არჩევნებზე გავლენა მოახდინა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ, რამაც საარჩევნო პროცესის ზოგიერთ ასპექტში საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და მედიაგარემოშიც. კერძოდ, ანგარიშში მოხვდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები. ნათქვამია, რომ 2019 წლის ნოემბერში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევას წინ უძღოდა ჟურნალისტების გაფრთხილებები, რომ არსებობდა ტელევიზიის სამაუწყებლო პოლიტიკის სამთავრობო პოლიტიკით შეცვლის მცდელობები. დოკუმენტის თანახმად, სიტუაცია 2020 წელს უფრო გამწვავდა, როდესაც მაუწყებელში დასაქმებულებმა ალტერნატიული პროფკავშირი შექმნეს, ტელევიზიიდან კი თანდათან დაითხოვეს (ან თავისი ნებით დატოვეს) ჟურნალისტები და მენეჯერები.

2020 წლის ანგარიშის თანახმად, მთავარ გამოწვევები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას, სამართლებრივ განსაზღვრულობასა და მსხვილი ბიზნესების მიმართ მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდებოდა (თი ბი სი ბანკის ჩათვლით).

უფრო კონკრეტულად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ 2019 წლის მარტში პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სრულად არ ასახავდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ ხარვეზებით მიმდინარეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ევროკომისიის შეფასებით, მთლიანი პროცესმა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა საბოლოოდ 14 მოსამართლე დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ვერ უზრუნველყო სათანადო გამჭვირვალობა და მერიტოკრატია.

ამავე ანგარიშში მოხვდა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციაც, რაც რუსეთის დუმას დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნასა და მის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა, რასაც დემონსტრანტების სერიოზული დაზიანება და მომდევნო თვეებში საპროტესტო აქციების გაგრძელება მოყვა.

საერთო ჯამში, თუკი ევროკომისიის გასული წლების ანგარიშებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისეთი სიმწვავის შეფასებები, როგორსაც 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვხვდებით, აქამდე არ გაკეთებულა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ რიგი პრობლემები, რომლებზეც ევროკომისია აქამდეც მიგვითითებდა, არათუ აღმოიფხვრა, არამედ გაუარესდა კიდეც. ამის მაგალითია სასამართლო სისტემა, რომლის რეფორმამაც, ევროკომისიის შეფასებით, ზოგიერთ სფეროში რეგრესი განიცადა; ასევე, ადამიანის უფლებების სფერო, სადაც, ამავე ანგარიშის თანახმად, ასევე უკუსვლაა. ამის კიდევ ერთი მაგალითია შეფასება, რომ პოლარიზებული პოლიტიკური და მედია გარემო კვლავ აღმოუფხვრელი რჩება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლევანდელ ანგარიშში ევროკომისია ხელისუფლების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პირდაპირ მიუთითებს, კერძოდ, „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში.

ამავე ანგარიშში საუბარია ისეთ საყურადღებო მოვლენებზე, როგორიც იყო 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებსა და LGBTIQ პირებზე; დიპლომატების სავარაუდო მოსმენების შესახებ ცნობების გავრცელებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლაზე. დოკუმენტში არაერთი პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეც მოხვდა.

არანაკლებ საგანგაშოა ევროკომისიის შეფასება, რომ სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები ვიხილეთ.

ევროკომისიის 2022 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი იმ მხრივაც, რომ მასში აღწერილი მოვლენები და შეფასებები საქართველოსთვის EU კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას უძღოდა წინ. ანგარიშის კრიტიკულობის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური კამპანია მკვეთრად გაააქტიურა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე), სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებისა და რეკომენდაციების უგულებელყოფა დაიწყო და არაერთი ვალდებულების შესრულებაზე თქვა უარი, დასავლეთის მხრიდან კრიტიკა უფრო ხშირად გვესმის. გასული წლების განმავლობაში არაერთი მწვავე შეფასება მოვისმინეთ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და მათი წარმომადგენლებისგან, იქნებოდა ეს ევროპარლამენტარების წერილობითი თუ სიტყვიერი განცხადებები, რეზოლუციები თუ სხვა. ასეთ შეფასებებს მიმდინარე წელს დაერთო ევროკომისიის რეკომენდაცია და რეკომენდაციის შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან - კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე; ასევე, შესაბამისი პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ წამოყენებული პირობების შესასრულებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, მმართველ გუნდს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ ღია ანტიდასავლური კამპანია აქვს გაჩაღებული, რისთვისაც ისინი კონსპირაციულ თეორიებს და შეურაცხყოფასაც აღარ ერიდებიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომან გოცირიძის განცხადება, რომ ევროკომისიის ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4556 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი