ირაკლი ნადირაძე: პროექტი [ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარება] ეწინააღმდეგება გენგეგმის კონცეფციას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე თანხმობა გასცა. ტერიტორიაზე 46 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, რომელთა საშუალო სართულიანობა 15-20 სართული იქნება, ყველაზე მაღალი შენობის სიმაღლე 117 მეტრი იქნება - შესაბამისად, 33-სართულიანი.

თბილისის გენერალური გეგმა ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების - ე.წ „ბრაუნფილდების“ განაშენიანებას ითვალისწინებს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორადაც ქვემოთ განხილული პროექტი მოიაზრებს. დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის რეკომენდაციით, ტერიტორიის 50% რეკრეაციას უნდა დაეთმოს და საცხოვრებელი ზონის გარდა, ინდუსტრიული და საქმიანი ზონაც უნდა განვითარდეს. მოცემული პროექტის მიხედვით კი, ფუნქციური გადანაწილება შემდეგნაირია: საცხოვრებელი ფართი - 75%, კომერციული კი 25%. თანაც, შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს და 10%-მდე შემცირდეს.

თბილისის გენერალური გეგმის ავტორი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პროექტი არსებული ფორმით არ უნდა განვითარდეს. მისი ამგვარი განვითარება გენგეგმის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება და მარცხენა სანაპიროზე მეორე ცენტრის მაგივრად მივიღებთ ახალ საცხოვრებელ კვარტალს, რომლის საჭიროება ქალაქს არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე თანხმობა გასცა.

საკითხის საკრებულოში განხილვისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ პროექტის თბილისის განვითარების გენერალურ გემასთან შეუსაბამობაზე ისაუბრა და განაცხადა: „პროექტი ეწინააღმდეგება გენგეგმის კონცეფციას...პროექტი აუცილებლად შექმნის სატრანსპორტო კოლაფსს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას დანარჩენ ქალაქთან შესაბამისი სატრანსპორტო კავშირები არ გააჩნია...ეს იქნება ურბანული კატასტროფა. არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრში 33-სართულიანი 117 მეტრის სიმაღლის კორპუსების აშენება. ეს პრობლემას შეუქმნის ჩუღურეთსაც, ნაძალადევსაც, სანზონასაც, დიდუბესაც და იქნება უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და დასახელებულ პროექტს გაეცნო.

საპროექტო ტერიტორიის განვითარების გეგმის მიხედვით, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანება ამ ეტაპისთვის 420 000 კვ.მ-ზე იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ფუნქციური გადანაწილება შემდეგნაირი იქნება: 75% - საცხოვრებელი ფართი და 25% - კომერციული, რომელიც მომავალში შეიძლება შეიცვალოს და 10%-მდე შემცირდეს.

საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით, შენობების მაქსიმალური სართულიანობა 33 სართული იქნება, ხოლო სიმაღლე 117 მეტრი. ასაშენებელი შენობების საშუალო სართულიანობა 15-20 სართულს შორის მერყეობს. საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით (5 შენობა ნარჩუნდება) ახალი კვარტალი 51 შენობას გააერთიანებს.

რაც შეეხება რეკრეაციულ სივრცეს, დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორიის აღმოსავლეთით მდებარე შენობების ნაცვლად, ერთიანი დიდი რეკრეაციული სივრცე (პარკი) მოეწყობა, რომელიც როგორც საპროექტო ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის, ასევე ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნებ ხელმისაწვდომი. სულ სარეკრეაციო სივრცისთვის ტერიტორიაზე 21 000 კვ.მ არის გათვალისწინებული.

საპროექტო ტერიტორიაზე ცენტრალური გზები 7-მეტრიანი იქნება და გზის ორივე მხარეს 2.5-მეტრიანი ტროტუარები მოეწყობა, გათვალისწინებულია ველობილიკებიც. ასევე 3 653 ავტომობილზე გათვლილი მიწისზედა და მიწისქვეშა საავტომობილო პარკინგის მოწყობა არის დაგეგმილი.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო არეალში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დაახლოებით 100 ხე მოიჭრება და ასობით ხე გადარგვას დაექვემდებარება.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 10 მიწის ნაკვეთიდან, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება, 8-ის მფლობელი შპს „ვილსონ გარდენია“, დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სს „ფროფგრუპი“ და შპს „იუ ეს ტრეიდინგ კომპანი“ არიან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ვილსონ გარდენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ირაკლი და გვანცა წილოსანები არიან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ასევე ირაკლი რუხაძე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი და კომპანიის დირექტორია (დანართი 2).

განხილულ პროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა დედაქალაქის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ. მან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება ისე, როგორც ქალაქის დაგეგმარებისთვის იქნება მისაღები ან საერთოდ არ დამტკიცდება.

„აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეკრეაციული სივრცეები, სათანადოდ მოხდეს გააზრება სატრანსპორტო სქემების და კავშირების, რადგან ამ მიმართულებით დედაქალაქში პრობლემა არ შეიქმნას. ამ პროექტის განხორციელებამ თბილისის ამ კონკრეტულ არეალში მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ახლა იწყება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და აუცილებლად გვექნება მოსახლეობასთან კომუნიკაცია. არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დააზარალებს“,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ თემის კომენტირება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორ მამუკა სალუქვაძეს, სთხოვა.

მისი განმარტებით - „ეს არეალი, 70 ჰა ტერიტორია ერთნაირი ხედვით უნდა განვითარებულიყო. ახლა 21 ჰა ტერიტორიის განაშენიანებაზეა საუბარი. გენგეგმის მიხედვით, ტერიტორიის 50% უნდა იყოს რეკრეაცია. ქალაქში არ არის საკმარისი გამწვანება, ამიტომ ვამბობდით, რომ ამგვარი ტერიტორიები გამოვიყენოთ გამწვანებისთვის და რეკრეაციისთვის. ამის სანაცვლოდ კი ვიღებთ კიდევ ერთ საცხოვრებელ კვარტალს, რომლის საჭიროება არ არის ქალაქში. ამგვარი განაშენიანებით ეს ტერიტორია ფასს დაკარგავს, მაშინ როცა მას შეუძლია მარცხენა სანაპიროზე საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს და მეორე ცენტრად გადაიქცეს, თავისი ბიზნესცენტრებით, სპორტული მოედნებით, რეკრეაციით“.

„კარგი იქნებოდა ამ ტერიტორიის განვითარების ხედვაზე საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება და საუკეთესო ვარიანტზე შეჯერება. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული ტერიტორიის ამგვარი განვითარება არ არის სწორი. გენგეგმას მსგავსი რეკომენდაცია არ გაუცია“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში მამუკა სალუქვაძემ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე საკრებულომ თანხმობა უკვე გასცა, რაც იმას ნიშნავს რომ ქალაქში კიდევ ერთი მასშტაბურ საცხოვრებელი კომპლექსი გვექნება, რომლის დაგეგმილი ფორმით განაშენიანება თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით რეკომენდებული არ არის.

შესაბამისად, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია