„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგაგნგაშო ნიშნულს მიუახლოვდა“, - მიიჩნევენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკვირდებიან და რომელთა შეფასებებიც ხშირად კრიტიკულია. ისინი თვლიან, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების მიზანი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვაა. განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გავრცელდა, თვრამეტი ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, აჭარაში მოქმედი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები გაგაცნოთ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, რეგიონის ხელისუფლების საქმიანობას სწავლობენ, იკვლევენ და ხშირად საჯაროდ აკრიტიკებენ. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებასა და მესამე სექტორს შორის ურთიერთობა რეგიონის დონეზეც გაუარესდა.

პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: ჩვენ გვახსოვს მმართველი გუნდის დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც იმ ცნობილი ფრაზებით იყო გადმოცემული: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, ან „ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი“... ეს თქვა [აჭარის ა/რ] მთავრობის თავმჯდომარემ და ამის შემდეგ რიტორიკა ვრცელდება და გრძელდება სხვა თანამდებობის პირების მიერ. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს საკრებულოში. ბოლო ხმაურიანი სხდომები რომ გავიხსენოთ, არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ - წინა მოწვევისაც, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომლებიც საზოგადოების პროტესტს იწვევდა და მოქალაქეები ამ პროტესტს სხდომათა დარბაზში აფიქსირებდნენ. ახლა კომისიის ბოლო სხდომაზე კომპანია „ამბასადორის“ იურისტმა შემოიტანა განცხადება და გააკეთა განმარტება, რატომ უნდა ამოეღოთ ბულვარის გენგეგმის პროექტიდან ფრაზა, რომ ამბასადორის შენობა ბულვარისთვის შეუსაბამოა. მეორე მხარეს იყო საზოგადოება, რომელიც ამას აპროტესტებდა. საკრებულომ კი კომპანიის ინტერესი გაიზიარა. სინამდვილეში, საკრებულო, რომელიც ჩვენი არჩეული ადამიანებისგან შედგება, სწორედ მოქალაქეების ინტერესს უნდა ატარებდეს. ესაა ნათელი მაგალითი, როგორ მუშაობს ჩვენთან წარმომადგენლობითი დემოკრატია. თან ეს ცვლილება რაღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა. ესაა სპეციალისტების დასკვნა. მათი მოსაზრებაა, ესა თუ ის ნაგებობა ბულვარის იერსახეს შეესაბამება, თუ - არა. ბიუჯეტმა ამაში ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა. მსგავსი შემთხვევა იყო მანამდეც, როცა „გეოგრაფიკის“ მიერ მოამზადებული ბათუმის ისტორიული საზღვრების რუკიდან რამდენიმე ტერიტორია თვითნებურად ამოიღეს, კერძოდ, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, ბულვარი, საოცრებათა მოედანი... თითქმის 50% [რომლებზეც ბიზნესკომპანიების მაღალი ინტერესი იკვეთებოდა] ამოიღეს ისტორიული განაშენიანების დაცვის საზღვრებიდან (იხ ფაქტ-მეტრის სტატია). ასე რომ, ეს პირველი არაა, როცა ჩვენ თანხას ვიხდით, რათა სპეციალისტებმა დასკვნები მოამზადონ და მერე საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ცვლის. ეს დოკუმენტები აუცილებელია. საკრებულოს შეუძლია, ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ესაა საექსპერტო დასკვნა, რომელშიც მრავალჯერაა ნახსენები, რომ „ამბასადორი“ ბულვართან შეუსაბამოა. ეს რეალობაა. ერთი ფრაზის ამოღებით მოცემულობა ხომ ვერ შეიცვლება... დოკუმენტის პროექტში არის სამართლებრივი კაზუსი. საკრებულომ განმარტა, რომ „ამბასადორთან“ დაკავშირებით სასამართლოში დავაა [საზოგადოება „ბათომი“ დავობს მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე] და გადაწყვეტილებამდე შეუძლებელია მის თაობაზე რაიმე ქმედებების განხორციელებაო. ჩვენ გვახსოვს, როგორ აშენდა იქ ის შენობა და რამდენჯერ მოჰყვა პროტესტი იმ ნებართვებს. (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1 და სტატია 2) ეს სასამართლო დავა საერთოდ არანაირად არ უკავშირდება იმას, რაც ჩაიწერა გენგეგმის პროექტში. საკრებულომ დაამტკიცა თავისი ვერსია და ამ დოკუმენტმა გააჩინა საფრთხე, რომ ანალოგიური მშენებლობა ბულვარში შეიძლება კიდევ მივიღოთ.

თვითონ საკრებულოს წევრებმაც ვერ გაიგეს, რა გადაწყვიტეს. რამდენჯერმე ვკითხეთ მათ, რომელ დოკუმენტს უყრიდნენ კენჭს და ყველა გვპასუხობდა, რომ პროექტის პირველი ვარიანტი ედო მაგიდაზე. მომხსენებელს შეცდომაში შევყავდით და თვალში ნაცარს გვაყრიდა. აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაზე მეორე, შენიშვნიანი, პროექტი გაიტანეს. ამაზე მეტი გაუმჭვირვალობა რა უნდა იყოს?! საზოგადოებას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მოსაზრებები წარედგინა. საზოგადოების ინტერესები არ არის გათვალისწინებული. სამაგიეროდ, მოქალაქეებს სთავაზობენ, აირჩიოს საახალწლო ნაძვის ხე... ფორმალური წარმომადგენლობითი დემოკრატია გვაქვს. ჩვენი დავების სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ ამბასადორის თაობაზე, რივიერაზე, ისტორიულ საზღვრებზე და სხვა, აჩვენებს, რომ მერიასთან თანამშრომლობა არ გამოდის. ეს დავები ჭიანურდება. მაგალითად, ამბასადორის შენობა უკვე სადაცაა მოპირკეთების ეტაპზე გადავა და სასამართლო ჩანიშნულიც არაა. მანამდე კი იმდენი რამ გაფუჭდება ქალაქში, რომ გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

საერთოდ, მესამე სექტორთან ხელისუფლების ურთიერთობა არაკონსტრუქციულიდან სხვა ეტაპზე გადავიდა. ხელისუფლებამ თვითონ შექმნა პოლარიზებული გარემო. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ, გამჭვირვალე გავხადოთ პროცესები და ისინი ამაზე არ მოდიან.

ირმა ზოიძე, საგამოძიებო ფილმების სტუდია Rec-ის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი: იმ გადაწყვეტილებით, რომ საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები ვერ დაესწრებიან, ყველაფერი ნათელია... რადგან საკრებულოს წევრების რაოდენობა გაიზარდა, გადაწყვიტეს, რომ მოქალაქეების ადგილი დარბაზში აღარ არის და მონიტორით უნდა ვადევნოთ თვალი სხდომებს. ამ გადაწყვეტილებით ამ მოწვევის საკრებულომ არა თუ გააუარესა წინა მოწვევის პრაქტიკა, არამედ ფორმალურ დემოკრატიაზეც უარი თქვა. ანუ მოსმენილი აზრის გათვალისწინებაზე აღარაა საუბარი. უკვე საკითხი დგას ისე, რომ განსხვავებული აზრი აღარც უნდა მოისმინოს. ერთ-ერთი სხდომის დღის წესრიგი, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კომისიის სხდომასაც დავესწარი, გამოვთქვი ჩემი პოზიცია და შემდეგ ოქმი რომ ვნახე, აღმოჩნდა, რომ იქ სულ სხვა რამ ეწერა. ჩემი პოზიცია საერთოდ არაა დაფიქსირებული, ოქმი გაყალბებულია. იმდენად ბევრი გასაპროტესტებელი საკითხი გვაქვს, რომ ოქმის თემას ვეღარ მივყევი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვკითხე, ვინც მისმენდა იმ დროს და დამიდასტურეს, რაც ვთქვი. მათაც იგივე განწყობა ჰქონდათ, რომ ის ოქმი სხვაგან დაიწერა. ტექნიკურად ჯერ არ არის აწყობილი დარბაზი ისე, რომ ჩაწერა ხდებოდეს. ამიტომ რომ მოვინდომო, ჩემს ნათქვამს ვერ დავადასტურებ, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არაა.

იცით, რომ მაღალი ინტერესის მქონე საკითხები როცაა, კანონი საჯარო განხილვას ითხოვს. როცა ერთ შეხვედრაზე მოდერატორს ვკითხე, თუ დაფიქსირდა ჩვენი აზრი, აღმოჩნდა, რომ არსად არ ასახულა. ვცდილობთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ, რომ ჩვენი პროტესტი, კრიტიკული აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ არ ისმის ეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმამაღლა ვყვირით... პირადად მე პროტესტის ყველა ფორმას ვიყენებ. როცა მშვიდად აპროტესტებ, არავინ ყურადღებას არ აქცევს. არც ხმაურიან პროტესტზე რეაგირებენ, მაგრამ საზოგადოებას ესმის ეს ხმა. ხელისუფლების რეაგირება კი გამოიხატება მისი მხრიდან აგრესიაში, ბულინგში... დადასტურდა, რომ ჩემი მისამართით დაწყებული ბულინგი (იხ. „ბათუმელების“ სტატია) იყო შეთანხმებული ქმედება. გაკეთდა აქცენტი გენდერზე, ჩემს პარტიულობაზე, საკრებულოს წევრობაზე. ვინც გადააზიარა, საკრებულოს წევრმა, იმან იცის, რომ მე არც პარტიული ვარ და არც საკრებულოს წევრი. ეს მეთოდი კარგად მუშაობდა სსრკ-ში და ახლაც მუშაობს - იარლიყების მიკერება ადამიანებზე, მისი ღირსების შელახვის მიზნით. მე ვიცნობ ამ გარემოს და არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ვინმე დაგინდობს, როცა საქმე დიდ ფულს ეხება. როცა ადამიანებს აქვთ სტატუსი და გავლენები, მათი ბოროტად გამოყენება სადამდე მიიყვანთ, ამაზე არ ფიქრობენ. მგონია, ჩემი იმუნიტეტი, დაცულობის განცდა გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის ჩემს მხარეს. როცა ხელისუფლება ხვდება, რომ შენი პერსონა საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაშინ ფოკუსირდება შენზე და ცდილობს, დისკრედიტაცია მოახდინოს. როცა შენ გებრძვიან, არ გებრძვიან მხოლოდ კონკრეტულად შენ. ეს ფრო სამაგალითო დასჯაა, რომ სხვა თუ გადაწყვეტს ხმის ამოღებას სისტემის წინააღმდეგ, კარგად დაფიქრდეს, სანამ გაბედავს. თუმცა პროტესტი მუშაობს. ხელისუფლება ცდილობს, ახალი ფორმები მოძებნოს, სხდომები დახუროს, განსხვავებული აზრის გამო იძალადოს, შეურაცხყოფა მოგაყენოს... ფაქტია, ამას იმიტომ აკეთებს, რომ შენში ძალას ხედავს და ეშინია.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას თუ დავაკვირდებით, თვითკრიტიკული ვარ და ვთვლი, რომ ჩვენ თანმიმდევრულად არ ვმოქმედებთ. სპონტანურად უფრო ვრეაგირებთ პროცესებზე. ასევე, სოლიდარობა გვაკლია და რაღაც მომენტებში - მგრძნობელობაც. რუტინაში გადავიდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა. ფორმა და საქმიანობის პოლიტიკა შესაცვლელი გვაქვს. რაც შეეხება ხელისუფლებას, იქიდან მხოლოდ მტრული დამოკიდებულებაა, იგნორირება და ამას ჰქვია ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ ფორმალური დემოკრატიაც აღარ გვავქვს.

რომა დოლაბერიძე, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროგრამების ხელმძღვანელი: ჩვენი ორგანიზაცია რა ინფორმაციასაც მოვითხოვთ, მაგალითად ხელფასების შესახებ, ათიდან რვა შემთხვევაში დროულად ვიღებთ და ეს დადებითი მხარეა, მაგრამ როცა კომისიის სხდომებს ვესწრებით, იქ საერთოდ არ ითვალისწინებენ განსხვავებულ აზრს. ხელისუფლება ჩვენ გვიყურებს, როგორც მტრული გარემოდან შემოსულ უცხო სხეულს. დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, პირიქით, სრულიად ადეკვატური აღქმა ექნებოდათ: გაითვალისწინებდნენ კრიტიკულ აზრს. მე დავსწრებივარ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საკრებულოს სხდომებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს უფრო ხშირად ეკითხებიან აზრს და ითვალისწინებენ. ჩვენთან როგორ ხდება: როცა არ არის საკითხის მიმართ კორუფციული ინტერესი, იქ პროცესი არის ღია, მიდის მსჯელობა. მაგრამ თუ სავარაუდო კორუფციული ინტერესები გამოიკვეთა, როგორიცაა „ამბასადორი“, იქ გამორიცხულია, რომ მოგისმინოს. ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და რაც უნდა რკინის არგუმენტები მოიყვანო, არ გაიზიარებს.

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ მკვეთრად პრორუსული ფლანგია. ამას წლებია ვამბობთ. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და აქტივისტი მკვეთრად მიუთითებდა ამ ფაქტზე. განსაკუთრებით გამოჩნდა ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. ხელისუფლებას უკვე ყველა ეუბნება, რომ ის რუსული მხარეა. უკრაინაში მიმდინარე ომმა გააშიშვლა ხელისუფლება. ამიტომ აღგვიქვამს ჩვენ „ქართული ოცნება“ როგორც მტერს. თვითმმართველობა ფეხდაფეხ მიჰყვება ცენტრალური ხელისუფლების ხაზს. რაღაც ეტაპზე თითქოს იწყება თანამშრომლობა და მერე აღარ გეთანამშრომლება, რადგან ეუბნები, რომ რასაც აკეთებს, დემოკრატიული არაა, ვნებს დემოკრატიას, საზოგადოებაზე ნეგატიურად აისახება. ხელისუფლება ყველა მიმართულებით ახშობს განსხვავებულ აზრს. დემოკრატიული ინდექსი უარესდება ყოველწლიურად, მეტი რა უნდა ვთქვა, შეუძლებელია ამ ხელისუფლებასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა თანამშრომლობის ჩარჩოებში დაბრუნდეს, არ გვეთანამშრომლება.

შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება ბათომის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი: რეგიონები ყოველთვის პრობლემაა, განსაკუთრებით -ბათუმი და აჭარა, იმიტომ რომ აქ იგრძნობა ცენტრალური ხელისუფლების სიძულვილი, არ მოვერიდები ამის თქმას, რაც, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკაში აისახება. მთელ ქვეყანაში ხომ საშინელი საკადრო პოლიტიკაა და ბათუმში საერთოდ „ატხოდებს“ გვინიშნავენ, ყველანაირი კვალიფიკაციისა და ნამუსისგან დაცლილი ხალხი არიან. სისტემაა ისეთი, რომ გამორიცხულია, იქ გაძვრეს ვინმე კვალიფიციური და ჭკვიანი ადამიანი. ამ ბოლო დროს ოპოზიცია და მედია აშაყირებენ და დასცინიან თორნიკე რიჟვაძეს [აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე], მაგრამ ჩვენ არ გვეცინება. როგორი ცუდი ადამიანიც უნდა იყოს, ის ჩემს ბედს წყვეტს, ჩემი რეგიონისა და ქალაქის, ჩემი კულტურული მემკვიდრეობის ბედს წყვეტს, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. კვალიფიკაცია თუ გაქვს და რაღაცაში გამოავლინე, მემგონი ეს დასჯადიც კია, აუცილებლად იქცევი შურისძიების ობიექტად. ამ ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ თუ დაიმალება, ეს მისთვის სასარგებლოა. როცა რიჟვაძე დანიშნა ვიღაცამ, გადაწყვიტა, რომ მთავრობის სხდომები იყოს დახურული. იქ რამე სახელმწიფო საიდუმლოებები კი არ აქვთ განსახილველი. უბრალოდ, იციან, რომ იქ ვიღაცამ რომ ჩაწეროს, დასაცინი გახდება, ისეთ სისულელეს იტყვის.

მე მგონია, რომ რაღაც დონეზე მაინც უშვებს [ეს ხელისუფლება], რომ პასუხისმგებლობის მომენტი დადგება. ის მაინც ხომ შეუძლიათ დაინახონ, რომ პრეზიდენტი ზის ციხეში. აგერ ბათუმის მერი დაიჭირეს და რამდენიმე წელი ციხეში იყო. დარწმუნებული ვარ, ამათ გამუდმებით აქვთ ეგ შიში, რომ დაიჭერენ. საქმის გაფუჭებას კი ასწრებენ. მაგალითად, პარლამენტმა რომ კანონში [საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი] ცვლილება შეიტანა, კ2 კოეფიციენტსა და ექსპროპრიაციის წესთან დაკავშირებით (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია), ან ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება ბულვარის გენგეგმიდან „ამბასადორთან“ დაკავშირებული შენიშვნის ამოღების შესახებ. საბოლოოდ, შეუძლებელია ამ დოკუმენტიდან სპეციალისტების მიერ შეტანილი შენიშვნის ამოღება. ეს იგივეა, ჩვენ რომ შევთანხმდეთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილის ანდერძის ამოღებაზე. ვერანაირად ვერ გავაკეთებთ ამას. ისე არ აქვს საკრებულოს ამის გაკეთების უფლება. ეს შემდგარი ჭეშმარიტებაა, იმ შენობის იქ არსებობა არ შეიძლება. ამას ვერავინ ვერ „გააპრავებს“. გამორიცხულია. ამით ბრალი დაიმძიმეს.

ესენი არიან ზუსტად რუსული ხელისუფლების დანიშნული მონის მონის მონები... ირმა ზოიძესთან დაკავშირებით რა საშინელებებიც გააკეთეს, მონური ფაქტორიალის ლუსტრირებაა. ჩვენ, ვინც ვიბრძვით, ამ ბრძოლისთვის გვაქვს საკუთარი მომავალი განწირული, სანამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გვეყოფა. სხვანაირად არ გამოდის. სამშობლო ამას ჰქვია. მართლა გმირია ირმა ზოიძე, მარტო შევიდა ამდენ აგრესიულ ადამიანთან [საკრებულოს სხდომაზე]. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. ჯერ ხომ თვითონ არიან მობილიზებული, მერე მოიყვანენ ამ თავიანთ ენჯეოებს, რომლებსაც საჭირო დროს გადასარევად იყენებენ, ამას პლუს დაცვა... რა უნდა მექნა ერთ ადამიანს, სიტყვას ვითხოვდი სხდომაზე. რამდენიმე დღე ყველა საინფორმაციო ჩემით იწყებოდა. შესაბამისად, არასდროს არ არის ეს გზა ისე, რომ რაღაც სტანდარტი არსებობდეს. თუმცა იმათი მომავალი გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე - ჩემი.

მალხაზ ჭკადუა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი: თუ წინა წლებში მეტი მზაობა და ღიაობა იყო სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა პროექტში ჩართულობასთან დაკავშირებით, მეტად გვეპატიჟებოდნენ, საჭიროდ მიაჩნდათ, რომ ვყოფილიყავით გარე დამკვირვებლები ან პროცესის მონაწილეები, ახლა ეს ნაკლებად ხდება. ჩვენი ორგანიზაცია და სხვა ბევრი ორგანიზაცია აწარმოებს კამპანიას „ძალა ევროპაშია“ და „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“. ჩვენ სოფლად თუ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებოდით ევროპულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე, საჯარო მმართველობის დონის ამაღლებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობის სიკეთეებზე. რა თქმა უნდა, ვეხებოდით რუსულ პროპაგანდას და ვცდილობდით, შეზღუდულ დროში მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოქალაქეებისთვის. 2016-2019 წლებში პრობლემა არ შეგვქმნია, რომ მუნიციპალიტეტებში ეს შეხვედრები ჩაგვეტარებინა. ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად: როცა კამპანიის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში გვინდოდა ქობულეთსა და ქედაში შეხვედრების ორგანიზება, რომლის დროსაც ბესო სოლომონაშვილის ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ უნდა გვეჩვენებინა და შემდეგ დისკუსია გაგვემართა, ორივე მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ არ აქვთ სივრცე, სადაც ამის ორგანიზება შეიძლება. როგორი პოლიტიკაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას საერთაშორისო ტრიბუნების მიღმა, რომ ამ თემაზე [ოკუპაცია] აქცენტი არ კეთდება, შესაბამისად, ეს მეორდება ადგილობრივ დონეზეც. საზოგადოების დახმარებით, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ შეხვედრების ორგანიზება.

ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში შევქმენით ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის თავმჯდომარე ორგანიზაცია, წლების განმავლობაში, ვიყავით ჩვენ. იმ სხდომის [აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 7 ივნისის სხდომა] შემდეგ, რომელზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლით საჯარო პოლიტიკის სფერო ძალიან დააზიანა, დავინახეთ, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობიდან არავინ არ მიუთითა, რომ ამგვარი ლექსიკის ან ტონის გამოყენება ასეთი ტრიბუნიდან დამაზიანებელია ინსტიტუტისთვისა და დემოკრატიისთვის. ამიტომ ჩვენ ვეღარ ვხედავთ საკუთარ თავს საბჭოში და ის დავტოვეთ. შეიძლება, მთელი რიგი ცვლილებები განახორციელოს საბჭომ, გააუმჯობესოს გამჭვირვალობის ხარისხი, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის მიმართ კანონით დაკისრებული ვალდებულებები განახორციელოს - იყოს მაკონტროლებელი.

საჯარო ინფორმაციის ნაწილს რაც შეეხება, ამ მიმართულებით, ჩვენი ორგანიზაციასთან მიმართებით, მდგომარეობა არ შეცვლილა. თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტს დასჩემდა ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდება ან სულაც - იგნორირება. სჭირდება ძალიან ბევრჯერ შეხსენება.

ჩვენს კვლევებს რაც შეეხება, იმავე რეკომენდაციებსა და მიგნებებს მერე კითხულობენ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებში, რადგან ჩვენი მიგნებები აბსოლუტურად რელევანტური და ფაქტებზე დაფუძნებულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შემდეგ (იხ. კვლევა), რომლითაც ის სახლის უკანონო მშენებლობაში ვამხილეთ, დემოკრატიულ ქვეყანაში საკრებულო მოიწვევდა რიგგარეშე სხდომას და იტყოდა, რომ მერი ვალდებულია, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს.

მრავალმილიონიან შესყიდვებთან, ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებულ კვლევებს, წერილის სახით, ვაგზავნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში და უკვე ისინი არიან ვალდებული, რომ ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება. აჭარის შემთხვევაში რომ რეაგირება ჰქონოდათ, ასეთი რამე არ მომხდარა. მუნიციპალიტეტები პრაქტიკულად არ იმჩნევენ ამ კვლევებს, ან ჩვენ გვადანაშაულებენ მიკერძოებულობაში. მათ აინტერესებთ მხოლოდ მათეული თანამშრომლობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება, მათთან ერთად პროექტი აკეთო, მაგრამ ხმა არ უნდა ამოიღო მათ ხარვეზებსა და მანკიერებებზე. სამოქალაქო საბჭოების დახმარებით სადაც პრობლემები გამოვლინდა, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ადვოკატირების მიზნით, იქ გარკვეული შედეგები გვაქვს, რადგან პრობლემები, რომლებიც ჩვენი სამოქალაქო საბჭოების წევრებმა გამოავლინეს, დიდიხანია არსებობს და გადაწყვეტა სჭირდება. მაგრამ როგორც კი გადავდივართ საჯარო მმართველობის კრიტიკაზე, სიტუაცია მძაფრდება.

ჩვენ ვმუშაობთ საჯარო მმართველობის ხარისხის ამაღლებაზე, კორუფციის რისკების შემცირებაზე, მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაზე... აჭარის რეგიონში გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობა სამოქალაქო საბჭოების ფორმატში შედგა, მაგრამ ამის მიღმა რაც ხდება, იქ შეუვალები არიან. „წინააღმდეგობრივი“ არის ის სიტყვა, რომლითაც შეიძლება დავახასიათო ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს ხელისუფლების პოზიციებიდან გამომდინარეა.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია