იტვირთება

არჩილ თალაკვაძე: „მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება [მიგრაციული სალდო] სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფიქსირდება“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 1990-იანი წლებიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო გამოწვეული. 2020 წელს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვინც გეგმავდა ემიგრაციაში წასვლას პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ წავიდა. ამასთან, პანდემიის საწყის ეტაპზე, 2020 წელს ქართველების დიდი ნაწილი ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა ქვეყანაში.

2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელია, უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი არჩილ თალაკვაძის განცხადებას მანიპულირებად აფასებს.

ანალიზი

6 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება [მიგრაციული სალდო], ბოლო 15 და 20 წლის განმავლობაში, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფიქსირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი, ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო“.

საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა), რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. პანდემიის საწყის ეტაპზე, 2020 წელს ქართველების დიდი ნაწილი ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა ქვეყანაში. გარდა ამისა, 2020 წელს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვინც გეგმავდა ემიგრაციაში წასვლა (სასწავლებლად, სამუშაოდ თუ სხვა მიზნით) პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ წავიდა.

2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელია, უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად (1.1%-თ) შემცირდა, რაც დიდწილად ემიგრაციამ გამოიწვია. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებენ მიგრაციის მაჩვენებლით, თუ ვისი მმართველობის დროს იყო უფრო მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი. რეალურად, 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლები სადაოა და მისი შემდგომ პერიოდთან შედარება, დამახინჯებულ სურათს ჰქმნის. (ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო, ათასი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი