უკვე წლებია, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფერადი ლითონების მწარმოებელი ორი კომპანია: „არემჯი კოპერი“ (RMG Copper) და „არემჯი გოლდი“ (RMG Gold) ფუნქციონირებს. ახლა კი „RMG Copper”-მა სამოქმედო არეალის გაფართოება განიზრახა და მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს ფართობზე (11,27 ჰა) ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას გეგმავს. ვინაიდან საბადოსთან უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფელი მუშევანია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ახალი პროექტი გააპროტესტა. სამუშაო ტერიტორიასა და სოფელს შორის უმცირესი მანძილი, დაახლოებით, 808 მეტრია. მოსახლეობა შიშობს, რომ სამუშაოები მათ გარემოს რადიკალურად შეცვლის.

პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ხე-მცენარეების ჭრის, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/დასაწყობების, ტერიტორიის მოსწორების და მისასვლელი გზების მოწყობის ღონისძიებები. მოპოვებითი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, 2-ცვლიანი გრაფიკით განხორციელდება. წლის განმავლობაში განსაზღვრულია, დაახლებით, 55 აფეთქება (კვირაში 1 ან 2). კარიერის დამუშავება 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა „RMG Copper”-ის წარდგენილი პროექტის მიხედვით, შესაძლებელია, რომ კომპანიამ სამთო სამუშაოები ათვისების გეგმის შესაბამის პერიოდში (2022-2032) ან ლიცენზიით გათვალისწინებულ ვადაში (2022-2041) განახორციელოს. კარიერის მაქსიმალური მწარმოებლურობა წელიწადში 795 993 ტონას შეადგენს. სამუშაო დღეების გათვალისწინებით, მაქსიმალური წარმადობა დღეში, დაახლოებით, 2181 ტონა იქნება.

2021 წლის 10 ოქტომბერს სს „RMG Copper”-მა, საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა სკოპინგის ანგარიში, რომელზეც 2022 წლის 4 თებერვალს გაიცა სკოპინგის (N3) დასკვნა. ამის შემდეგ, კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადა. 2022 წლის 23 მაისს კი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა.

2022 წლის 2 ივნისს სს „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ სს „RMG Copper”-ისგან მიღებული დოკუმენტები სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და განსხვავებული მოსაზრებების წარსადგენად, ვადა 2022 წლის 28 ივნისამდე მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ შენიშვნები და კომენტარები წარადგინა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „RMG Copper“-სთვის გადაცემული მუშევანი 2-ის საბადოს მთლიანი ფართობი 902.95 ჰექტარია, აქედან სამუშაოები 175.8 ჰექტარზე უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე კომპანია საქმიანობას მხოლოდ 11.27 ჰექტარზე განახორციელებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასაც მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიას მოიცავს. „მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ გზშ-ის პროცედურა საბადოს მთლიან ტერიტორიაზე დაგეგმილმა საქმიანობამ უნდა გაიაროს. შენიშვნებიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხზე იგივე მოსაზრება სამინისტროს სკოპინგის გაცემამდეც წარუდგინა, თუმცა უწყებამ არ გაითვალისწინა. „მწვანე ალტერნატივა“ წერს, რომ აღნიშნული მიდგომა საქმიანობის ხელოვნურად დანაწევრების შთაბეჭდილებას ქმნის.

„მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, „RMG Copper”-ის მიერ წარდგენილ ანგარიშში არაერთი საკითხი, მათ შორის, კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე ზემოქმედების, სათანადოდ არ არის შეფასებული. კერძოდ, სოფ.მუშევანში დადასტურებულია X-XI და შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი, რომლებიც საბადოსგან ერთი კილომეტრითაც არაა დაშორებული. აფეთქების ბიძგები ღირსშესანიშნაობებს დააზიანებს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია “RMG Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ძეგლი ადრეული ბრინჯაოს ხანას განეკუთვნებოდა და ის ანალოგიურ ეგვიპტურ ძეგლებზე 1000 წლით ძველი იყო. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ ობიექტს სტატუსი კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული.

2022 წლის 28 ივლისს სოფელ მუშევანის მოსახლეობა „მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს“ პროექტის გასაპროტესტებლად სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ადგილობრივები რადიო „მარნეულთან“ აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. ადგილობრივმა ალიხან იაჰიაოღლუმ რადიო „მარნეულს“ უთხრა: „მოატყუეს ხალხი იმით, რომ სოფელს გაზი და წყალი მიეწოდება და ასე შეაგროვეს ხელმოწერები. მოსახლეობას, ზოგადად, არ ჰქონდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. როდესაც დინამიტი ფეთქდება, მას შეუძლია დააზიანოს ჩვენი სახლები და შეაშინოს ხალხი. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? ჩვენს გარშემო წლებია ხეებს ჭრიან, ჰაერიც შეიცვალა. ხეები სიცოცხლეა და ჩვენ ამ ხეებით ვსუნთქავთ“.

„11:00-დან 16:00 საათამდე იქნება აფეთქება და გვეუბნებიან, როცა აფეთქება იქნება, შეგატყობინებთ, გამოდით გარეთ და იქ დაელოდეთ. გვეუბნებიან, თუ თქვენი სახლი დაზიანდება, ჩვენ მოვალთ და შეგიკეთებთ თქვენს სახლს. ჩვენ არ გვინდა ჩვენი სახლის შეკეთება. დაე, ჩვენი სახლი დარჩეს ისეთი, როგორიც არის, უბრალოდ ჩვენი სახლი არ დაგვიზიანოთ“, - თქვა „რადიო „მარნეულთან სოფელ მუშევანის საინიციატივო ჯგუფის წევრმა რასიმ მამედოვმა.

2022 წლის 28 ივნისს, პლატფორმა სალამის მხარდაჭერით, სოფელ მუშევანის საინიციატივო ჯგუფმა, პროექტის დაწყების თავიდან აცილების მიზნით, ხელმოწერები შეაგროვა და სს „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ კოლექტიური განცხადებით მიმართა. მუშევანის საინიციატივო ჯგუფის უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

„ფაქტ-მეტრი“ პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელ რაბილ ისმაილს ესაუბრა. „კომპანიამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არასწორად დაიწყო. პირველად სოფელ მუშევანის მოსახლეობას 2022 წლის იანვარში შეხვდა და ეს შეხვედრა თარჯიმნით არ უზრუნველყო, თუმცა სოფლის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის. მეორე შეხვედრა 14 ივლისს შედგა. ამჯერად თარჯიმანი ჰყავდათ. ასევე, კომპანიის მიერ სოფელში გაკრული საინფორმაციო პლაკატები მხოლოდ ქართულ ენაზე იყო, რაც კომუნიკაციის ბარიერს ქმნის“, - გვითხრა ისმაილმა.

2022 წლის 9 აგვისტოსს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში RMG Copper-ის სასარგებლო წიაღისეულის (მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს) ღია კარიერული წესით მოპოვებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა. სააგენტოს მიერ კომპანიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გზშ-ის ანგარიშსა და დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი: ხმაურის მონიტორინგი; საწარმოო მოედანზე საწვავის სამარაგო რეზერვუარის მოწყობა; ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ჰაბიტატებსა და მათზე შესაძლო ზემოქმედებაზე და ა.შ.

სააგენტომ კომპანიისგან ,,მწვანე ალტერნატივის” მიერ წარდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, ასევე, გავლენის ზონაში არსებულ მოსახლეობასა და განცხადების წარმდგენ პირებთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა. აღნიშნული პირობების შესასრულებლად კომპანიას ორთვიანი ვადა მიეცა.

რა ვიცით ფერადი ლითონების მწარმოებელი კომპანიების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალების საბადოს შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. 1975 წლიდან ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო - „მადნეულის კომბინატი“ ამოქმედდა. 1994 წელს კი მეორე საწარმო - „კვარციტი“ შეიქმნა. 2012 წლიდან საწარმოების - „კვარციტისა“ და „მადნეულის“ მფლობელი რუსული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“ გახდა. სწორედ ამ პერიოდში სს „მადნეულს“ – „არემჯი კოპერი“ (RMG Copper), ხოლო შპს „კვარციტს“ „არემჯი გოლდი“ (RMG Gold) დაერქვა.

RMG Gold“-ისა და „RMG Copper”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან რუსი მილიარდერები დმიტრი ტროიცკი, დმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა. ორივე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მითითებულია რუსეთის მოქალაქე თორნიკე ლიპარტია.

„მწვანე ალტერნატივის“ 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, 2009 წლამდე დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად, ბანკ „სანქტ-პეტერბურგის“ თანამფლობელები იყვნენ.

შპს RMG Gold-ში 96,21%-ს ფლობს შპს „მაინინგ ინვესთმენთი“, რომელიც კვიპროსში რეგისტრირებულ შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდს“ ეკუთვნის. შპს RMG Gold-თან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანია შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის" მფლობელიც კვიპროსში რეგისტრირებული შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდია“. აღსანიშნავია, რომ შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ჯონდო შუბითიძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავჯდომარეა მილიარდერი დმიტრი კორჟევი. ზემოხსენებულის გარდა, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ ფლობს 100% წილს საქართველოში რეგისტრირებულ სს „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდში“, რომლის გენერალური დირექტორი, 2016 წლის 18 ნოემბრამდე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა იყო.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ 2015 წელს „მაინინგ ინვესთმენთს“ შეერწყა შპს „მაინინგ დეველოპმენტს - ჯორჯია“, რომლის გენერალური დირექტორი იყო ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ფარესიშვილი.

RMG-ის განცხადებით, მუშევანის პროექტი სოფლიდან მოშორებით მდებარეობს და გამორიცხულია, რომ მოსახლეობას რაიმე ზიანი მიადგეს.


მსგავსი სიახლეები

5662 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია