იტვირთება

ირაკლი ზაქარეიშვილმა Facebook-ში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსების იმპორტზე სანქციები შეუმსუბუქა! მიუხედავად ამისა, რუსეთი ევროპას აღარაფერს აწვდის!“.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ახალ სახელმძღვანელო წესებში ევროკავშირმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გარკვეულწილად მართლაც შეამსუბუქა და ეს შეეხო ქვანახშირს. შედეგად, მესამე სახელმწიფოებში რუსული ქვანახშირის გადაზიდვა (ასევე გადაზიდვის დაფინანსება ან დაზღვევა) ევროკავშირის ტერიტორიის გამოყენებით ან ევროკავშირის ოპერატორების მიერ ნებადართული გახდა. ნებადართული პროდუქტების სიაში ასევე ხვდება სასუქები, ცხოველების საკვები, ცალკეული ჰიდროკარბონები და ზოგიერთი აუცილებელი პროდუქტი (ხე-ტყე, ცემენტი). აქამდე, ევროკავშირის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ევროკავშირის ოპერატორებს რუსული ქვანახშირის ტრანსპორტირება და მომსახურება (ტრანსპორტირების დაფინანსება და დაზღვევა) აკრძალული ჰქონდათ. სახელმძღვანელოს თანახმად, აღნიშნული პროდუქტების ტრანსპორტირება დაშვებული უნდა იყოს, რათა მსოფლიოში სასურსათო და ენერგეტიკის უსაფრთხოების გამოწვევებს გაუმკლავდნენ.

ევროკომისიის განახლებული სახელმძღვანელოთი გაკვირვებული და უკმაყოფილო დარჩნენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებაც გამოაქვეყნა. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საკითხი რამდენიმე სახელმწიფომ დააყენა და სახელმძღვანელო წესების გადახედვა ითხოვა. საპირისპიროდ, ევროკომისიის სპიკერმა დანიელ ფერიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისმა სანქციებმა მესამე ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო პროდუქციის იმპორტზე არასასურველი გავლენა არ მოახდინოს.

შესაბამისად, ევროკავშირმა რუსეთის ენერგორესურსებზე სანქციები გარკვეულწილად მართლაც შეამსუბუქა, მაგრამ მხოლოდ ქვანახშირზე და არა ყველა ენერგორესურსზე და არა მათ იმპორტზე, როგორც ამას ზაქარეიშვილი წერს, არამედ მათ მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე.

რაც შეეხება ზაქარეიშვილის პოსტის მეორე ნაწილს, თითქოს რუსეთი ევროპას აღარაფერს აწვდის - ეს ტყუილია და ყალბ ამბავს წარმოადგენს. ევროპა რუსული ენერგორესურსების იმპორტს კვლავ აგრძელებს. მაგალითად, აგვისტოს მონაცემებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში დღეში 1.7 მილიონ ბარელს შეადგენდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგივე სტატისტიკა იანვარში 2.6 მილიონი ბარელი იყო, რაც მიუთითებს, რომ ევროპა რუსული ენერგორესურსების იმპორტს ამცირებს. გაერთიანებულმა სამეფომ რუსული ნავთობის იმპორტი უკვე აკრძალა, ხოლო ევროკავშირის აკრძალვა დეკემბერში ამოქმედდება. აგვისტოში უკვე შევიდა ძალაში ევროკავშირის მიერ რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებული ძირითადად ბუნებრივი აირის იმპორტშია. ამ მხრივ, ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება თავად რუსეთმა შეამცირა, რაც ევროპისთვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის. თუმცა რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შემცირებულად, მაგრამ კვლავ აგრძელებს, იხილეთ ცხრილი:

ევროკავშირის მიერ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი. წყარო: Bruegel

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი