იტვირთება

მიმდინარე წელს დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს აღინიშნება. „თბილისობა 2022“ ჯამში 3,050,000 ლარი დაჯდება.

აღნიშნული დღესასწაულის გასამართად დედაქალაქის მერიამ გამარტივებულ შესყიდვაზე (SMP220002435) ნებართვა ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით მიიღო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისობა ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ჩვეულებრივ ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება. აქედან გამომდინარე, თბილისობა დაუგეგმავი ღონისძიება არ არის და მის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესაძენად დრო საკმარისზე მეტი იყო, ამიტომ გაუგებარია, რატომ გამოცხადდა პირდაპირი შესყიდვა, რაც ბიუჯეტის თანხების კონკურენციის გარეშე დახარჯვას გულისხმობს და ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

როგორც თბილისის მერია აცხადებს „თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე და წარმატებით ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება“. სწორედ ღონისძიების შეუფერხებლად ჩასატარებლად მოითხოვა მერიამ გამარტივებული შესყიდვა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, გარდა იმისა რომ თბილისობის დღესასწაული ტრადიციულია, თბილისის მერის 29 აგვისტოს ბრძანებით (პდფ) თბილისობის ჩატარების თარიღი (1-2 ოქტომბერი) უკვე განსაზღვრული იყო. ასე რომ, ტენდერის გამოსაცხადებლად დრო საკმარისად იყო.

რაც შეეხება უშუალოდ 1-2 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებები განახლებულ ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში - სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, გაიმართება. ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები: თბილისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“, სცენის დეკორაციები, მოცულობითი თაღი, მოცულობითი ლოგო - „თბილისობა 2022“, ინსტალაცია - „საპატიო თბილისელები“, მოსასვენებელი სივრცეები, კაფე „ქიმერიონი“, ინსტალაცია - „მთაწმინდის მთვარე“, ინსტალაცია - „მოცულობითი გაზეთი“ და სხვა. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა „თბილისური უბანი ათონელზე“. რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ლოკაციად, გუდიაშვილის მოედანი წელს პირველად იქნება გამოყენებული. სკვერის შუაგულში ღია - „თბილისური კაფე“ განთავსდება, სადაც ცნობილი მზარეულები ლოკაციაზე მისულ სტუმრებს ორი დღის განმავლობაში საავტორო კერძებსა და დესერტებს შესთავაზებენ.

1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

„თბილისობა 2022“ 2 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტით დასრულდება.

რაც შეეხება გასამართი ღონისძიებების ბიუჯეტს, როგორც აღვნიშნეთ თბილისობის დღესასწაულისთვის ჯამში 3 მლნ ლარია გათვალისწინებული, უფრო დეტალურად, საზეიმო კონცერტისა და საპატიო თბილისელის დაჯილდოებისთვის - 780,000 ლარი; თემატური ინსტალაციებისა და დეკორაციების და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ჯამში - 2,1 მლნ ლარი; ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის აღდგენა-რესტავრაციისთვის და მონტაჟი/დემონტაჟისთვის 80,000 ლარია გამოყოფილი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ - პანდემიის წლებში, თბილისობის დღესასწაული მასშტაბურად არ აღნიშნულა. 2020 წელს ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა საპატიო თბილისელის დაჯილდოებისა, ყველა სხვა ღონისძიება გაუქმდა. კონცერტი კი - სატელევიზიო ფორმატში, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

რაც შეეხება, 2021 წელს, თბილისობის დღესასწაულის გასამართად 498,500 ლარი იყო გამოყოფილი და მთაწმინდის პარკში, მაყურებლის გარეშე, კონცერტის გამართვა იგეგმებოდა. თუმცა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო (საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, რაც მსხვერპლით დასრულდა), დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი