იტვირთება

შალვა პაპუაშვილი: დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

სხვადასხვა შეფასებებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები წლის დასაწყისში და მით უფრო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დამდგარ პესიმისტურ პროგნოზებთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. ასევე, მიმდინარე მონაცემებით, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგად, რაც 2022 წელს, კოვიდ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ექსპორტის და ტურიზმის სფეროებს უკავშირდება, წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა.

შეცვლილი მაკროეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველოს მთავრობამ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარმოადგინა. ეკონომიკის ზრდა თავის მხრივ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას იწვევს. ასევე, ნომინალური მშპ-ს ზრდის შედეგად, მცირდება მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელიც. მეორე მხრივ, გაზრდილი შემოსავლების შედეგად, მთავრობამ ბიუჯეტის ვალდებულების ზრდის გეგმური მაჩვენებლის შემცირება გადაწყვიტა, რაც ვალის შემცირების თვალსაზრისით დამატებით დადებით ეფექტს წარმოადგენს.

პოლიტიკოსის განცხადება საერთო ჯამში სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ნომინალური მშპ-ს და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, ისევე როგორც ვალის ფარდობითი მაჩვენებლის შემცირება, ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალ მაჩვენებელთან ერთად, ინფლაციასთანაც არის დაკავშირებული. თავდაპირველი პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.5% იყო, თუმცა, განახლებული პროგნოზით, ინფლაცია 11.5%-ს შეადგენს. მიმდინარე ინფლაცია, მოსახლეობისთვის კრიტიკული პრობლემაა, ხოლო ეკონომიკის ზრდა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე მყისიერად არ აისახება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა, რადგან განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით განაცხადა: „დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს“.

2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში მართლაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, მაღალი ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტთან იყო დაკავშირებული, რადგან 2021 წლის I კვარტალში რეალური მშპ 4.1%-ით შემცირდა.

საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, მშპ-ს რეალური ზრდის თავდაპირველი საბაზისო პროგნოზი 6% იყო, თუმცა მაჩვენებელი 8.5%-მდე იზრდება, რაც მოსალოდნელზე მეტად გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის ექსპორტის, ფულადი გზავნილების ზრდას და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის მოსალოდნელზე მაღალ დონეს უკავშირდება. აღსანიშნავია რომ ბოლო მონაცემებით, ცალკეულ ორგანიზაციებს, მაგალითად „TBC Capital“-ს, ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მაღალი პროგნოზები გააჩნიათ. რაც შეეხება ნომინალური მშპ-ს მაჩვენებლის გეგმას, რომელიც რეალური ეკონომიკური ზრდის გარდა, ინფლაციის გავლენასაც მოიცავს, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლად 72 მლრდ ლარი განისაზღვრა, რაც თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 7.3 მლრდ ლარით მეტია.

აღსანიშნავია რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შედეგად წარმოქმნილი გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გაჩნდა. აპრილის თვეში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტული პუნქტით, 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 5.5%-ს დაუბრუნდა. აღსანიშნავია რომ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ნაწილობრივ სწორედ რუსეთიდან გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, განსაკუთრებით ფულადი გზავნილების დინამიკის მხრივ.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ზრდა 2020-2022 წლებში, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 104.1% შეადგინა. ზრდა ძირითადად გრანტების და სხვა შემოსავლების ხარჯზე დაფიქსირდა. უშუალოდ გადასახადების მუხლში, შესრულებამ 100.3% შეადგინა, თუმცა მაღალი იყო შესრულება ცალკეული გადასახადების შემთხვევაში: საგადასახადო შემოსავალი (105.4%), მოგების გადასახადი (124.2%), დამატებული ღირებულების გადასახადი (111.9%), იმპორტის გადასახადი (133.4%). ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, პირდაპირ არის დაკავშირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან და შესაბამისად, მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, საბიუჯეტო პარამეტრებზე დადებითი გავლენა ექნება. თავდაპირველი გეგმით, საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებელი 14.5 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც 15.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია რომ შემოსავლების ზრდის გარკვეული ნაწილი, მოსალოდნელზე მაღალ ინფლაციასთანაც არის დაკავშირებული. თავდაპირველი პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.5% იყო, თუმცა, განახლებული პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 11.5%-ს შეადგენს. ფასების ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებზე ორმაგი ეფექტი აქვს, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ნომინალური საგადასახადო შემოსავალი იზრდება და მეორე მხრივ, ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება.

ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემები 2022 წლის პირველი 6 თვის მიხედვით, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

6 თვის გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ვალდებულებების მუხლი 93.3%-ით შესრულდა, ვალდებულებების დაგეგმილი, 1.3 მლრდ ლარი ზრდის ნაცვლად, 1.2 მლრდ ლარით ზრდა დაფიქსირდა. წლიური თვალსაზრისით, ვალდებულებების ზრდის გეგმა 4.3 მლრდ ლარიდან 3.6 მლრდ ლარამდე შემცირდა, რაც დადებით ფაქტს წარმოადგენს, ვალის შემცირების მიზნიდან გამომდინარე. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 400, ხოლო საინვესტიციო კრედიტების 300 მილიონი ლარით შემცირება. მეორე მხრივ, მთლიანი შიდა ვალის გეგმიური მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა და 7.1 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო საგარეო ვალის მაჩვენებლის გეგმა 8.2 მლრდ დოლარიდან 7.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, ამ შემცირებაში მნიშვნელოვანი გაცვლითი კურსის გავლენაა.

ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის შემუშავებისას დოლარის კურსად 3.4 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, კურსი 2.8 ლარამდე გამყარდა. შესაბამისად, მთავრობის ვალის საპროგნოზო და მიმდინარე მაჩვენებლების შემცირება, მნიშვნელოვანწილად, ახალი კურსით გადაანგარიშებამ გამოიწვია. განახლებული პროგნოზით, მთავრობის ვალი მოსალოდნელი მშპ-ს 39%-მდე შემცირდება, რაც ვალის დაახლოებით 2018-2019 წლის დონემდე შემცირებას ნიშნავს. 2020 წელს, მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობა 60% იყო, 2021 წელს მაჩვენებელი 49%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 2: მთავრობის ვალი 2015-2022 (აგვისტოს მონაცემებით, მოსალოდნელი მშპ-ს %) წლებში, მლრდ ლარი, მშპ-ს %

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი