ლევან დავითაშვილი: სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2004-2021 წლების მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, 660 ათასზე მეტი ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 18%-ს შეადგენს.

ამასთან, მინისტრის მტკიცებით, აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ეკონომიკის გაჯანსაღებამ განაპირობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2021 წელს ქვეყანაში დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს, ორნიშნა ინფლაციის ფონზე, ქვეყანაში მოსახლეობის რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2021 წლის ეკონომიკის გაჯანსაღებამ ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას. 2021 წელს სიღარიბე 21.3%-დან 17.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ასევე 2%-ით შემცირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა სიღარიბის დონე. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“.

მინისტრი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრობს, ეს უკანასკნელი აჩვენებს, საარსებო მინიმუმს ქვემოთ - ანუ უკიდურეს სიღარიბეში, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. 2021 წელს სიღარიბის დონე პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებითაც 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2004-2021 წლის მონაცემებით, გასულ წელს აბსოლუტური სიღარიბის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. ზოგადად უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა სოციალურ დახმარებებს აქვს, რადგან თუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმი გააჩნია, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა. 2021 წელს სიღარიბის შემცირება სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ამრიგად, მინისტრის მტკიცება, რომ სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკის გაჯანსაღებამ შეუწყო ხელი, სიმართლეს არ შეესაბამება.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამასთან, მინისტრი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18% - ანუ 660 ათასზე მეტი ადამიანი, არის საარსებო შემწეობის მიმღები.

სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. სიღარიბის მაჩვენებლებზე ფულადი დახმარებებს უფრო სწრაფი, მაგრამ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც მოცემულ მომენტში უკიდურეს სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, კვლავ მოწყვლად ჯგუფად რჩება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი