მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავდნენ და აცხადებდნენ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს ბავშვები გაახლებულ გარემოში ხვდებიან. ტრადიცია არც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ დაარღვია. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და თქვა, რომ იმერეთის რეგიონი სასწავლო წელს შვიდი სრულიად ახალი და ორმოცდაორი რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, გაერკვია, რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო პერიოდში და როგორ ხორციელდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს. რადგან ზვიად შალამბერიძემ კონკრეტული ციფრები დაასახელა, სკოლებთან დაკავშირებული ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. წერილში (დანართი 1) გარკვევით ჩავწერეთ, რომ თითოეული სკოლის გასწვრივ სახელმწიფო შესყიდვის განცხადების ნომერი მიეთითებინათ. ადრესატმა მხოლოდ მოკლე მონაცემები გამოგვიგზავნა, (დანართი 2) რომლებიც მუნიციპალიტეტებში რეაბილიტირებული, ასევე მიმდინარე პროექტების რაოდენობას მოიცავს. სკოლის კონკრეტული მდებარეობა, შესყიდვის თარიღი, ღირებულება და სხვა დეტალები მითითებული არ არის.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაში ჩართულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო. ამიტომ „ფაქტ-მეტრმა“ ამ უწყებების მიერ 2019 – 2021 წლებში გამოცხადებული ის ტენდერები შეისწავლა, რომლებიც იმერეთის მხარეში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობის შესყიდვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, 2019 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვები იმერეთში 60-ზე მეტი სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის, ასევე რამდენიმე სკოლის მშენებლობის მიზნით გამოცხადდა.

ცხრილი 1. იმერეთის მხარეში 2019 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით გამოცხადებული ტენდერები

განცხადების ნომერი შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულების გაფორმების თარიღი დასრულების ვადა ცვლილებამდე, თვე შენიშვნა თავდაპირველი ღირებულება, ლ შეცვლილი ღირებულება, ლ გადახდილია მთლიანი თანხის
NAT210010706 სამტრედიის №12 საჯარო სკოლა 2021 წლის 3 აგვისტო 12 თვე დაუსრულებელია 3 966 408 4 076 938 67%
NAT210003541 სამტრედიის №10 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილი 120 დღე - 260 573 280 061 99%
NAT200016101 ტყიბული, სოფ ხრესილი 2020 წლის 30 დეკემბერი 10 თვე გადაწყდა, რომ ობიექტის რეაბილიტაციისთვის გასაწევი ხარჯი არარენტაბელური იყო. საკონტრაქტო ღირებულება შემცირდა 2 224 202 293 546 129%
NAT210008909 ტყიბულის №7 საჯარო სკოლა 2021 წლის 9 ივლისი 11 თვე დაუსრულებელია 2 361 687 2 510 383 34%
NAT190012586 ტყიბულის №4 საჯარო სკოლა 2019 წლის სექტემბერი 17 თვე ვადაგადაცილებულია 2 435 204 2 534 362 100%
NAT200008860 ტყიბული, სოფ. მუხურა 2020 წლის აგვისტო სამი თვე - 500 494 - 70%
NAT210012520 ტყიბულის №7 საჯარო სკოლა 2021 წლის აგვისტო 12 თვე ვადაგადაცილებულია 2 296 000 - 16%
NAT200015687 თერჯოლა, სოფ. რუფოთი და ქვედა სიმონეთი 2020 წლის 12 დეკემბერი 8 თვე ვადაგადაცილებულია 3 948 900 4 343 643 100%
NAT190010803 თერჯოლა, სოფ. ზედა საზანო 2019 წლის სექტემბერი თოთხმეტი თვე ვადაგადაცილებულია 1 124 000 - 100%
NAT190010805 თერჯოლა, სოფ. ჩხარი 2019 წლის სექტემბერი ათი თვე ვადაგადაცილებულია 1 092 500 - 100%
NAT190006297 თერჯოლა, სოფელი სიქთარვა 2019 წლის ივნისი 360 დღე ვადაგადაცილებულია 2 416 052 - 81%
NAT200014091 ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფ. მეორე სვირი, ქვედა საზანო, ცხრაწყარო 2021 წლის 6 აპრილი ათი თვე ვადაგადაცილებულია 8 796 000 8 971 619 97%
NAT190013562 ზესტაფონის №1 საჯარო სკოლა 2019 წლის სექტემბერი 300 დღე - 2 288 110 2 516 921 88%
NAT190003516 ზესტაფონი, სოფ. არგვეთა 2019 წლის მაისი ოცი თვე ვადაგადაცილებულია 3 655 246 - 87%
NAT200013646 ვანი, სოფ. ბზვანი 2020 წლის 30 ნოემბერი ათი თვე ვადაგადაცილებულია 2 427 902 2 616 373 91%
NAT210002122 ვანი, სოფ. შუაგორა 2021 წლის მარტი 160 დღე - 1 075 052 1 066 812 100%
NAT210003824 ვანი, სოფ ინაშაური 2021 წლის მაისი 120 დღე ვადაგადაცილებულია 337 508 - 98%
NAT200013511 საჩხერე, სოფ. მერჯევი 2020 წლის დეკემბერი 9 თვე - 1 800 000 1 790 491 100%
NAT210010704 ქუთაისის №14 საჯარო სკოლა 2021 წლის 8 აგვისტო 12 თვე დაუსრულებელია 2 908 056 3 173 743 68%
NAT200012475 ქუთაისის №23 2020 წლის სექტემბერი 11 თვე - 7 943 811 8 378 415 100%
NAT200012474 ქუთაისის №9 2020 წლის ოქტომბერი 11 თვე დაუსრულებელია 2 971 000 - 18%
NAT200012473 ქუთაისის №22 2020 წლის აგვისტო 11 თვე - 3 670 000 - 100%
NAT200012472 ქუთაისის №8 2020 წლის ნოემბერი 11 თვე - 4 414 220 4 277 322 100%
NAT220002642 ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა 2022 წლის მარტი 60 დღე - 271 487 - 99%
NAT200012241 ხარაგაული, სოფ. მარელისი, ვერტყვიჭალა, წყალაფორეთი 2020 წლის ოქტომბერი ათი თვე

ხელშეკრულებიდან ამოიღეს წყალფორეთის სკოლა, ამიტომ შეიცვალა ღირებულება.
ვადაგადაცილებულია

6 105 500 4 488 961 100%
NAT190003047 ხარაგაული, სოფ. კიცხი 2019 წლის მაისი 17 თვე ვადაგადაცილებულია 2 420 643 2 532 579 98%
NAT190009695 ჭიათურა, სოფელი რგანი 2019 წლის ივლისი 17 თვე ვადაგადაცილებულია 2 295 690 - 98%
NAT190009697 ჭიათურა, სოფ. მეჩხეთური 2019 წლის სექტემბერი 14 თვე - 1 264 016 - 100%
NAT190003512 წყალტუბო, სოფ. წყალტუბო 2019 წლის მაისი 20 თვე ვადაგადაცილებულია 3 691 400 - 100%
NAT200011105 ხონი, სოფ. გორდი 2020 წლის ოქტომბერი 10 თვე დაუსრულებელია 4 066 252 - 52%
NAT210014795 ხონი, ჩაის უბანი 2021 წლის სექტემბერი 365 დღე შეუსრულებელი 1 536 877 - -
NAT210009160 ქუთაისის N5, N10, N13, N17, N30, N32, N33, N36, ზესტაფონის N6 და N7, სოფ. დილიკაურის ბაღდათის N2, ჭიათურის N1 საჯარო სკოლები 2021 წლის ივლისი 2 თვე 554 742 546 264 89%

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

შენიშვნა: ცხრილში მწვანე ფონით გამოყოფილია დასრულებული პროექტები.

ჩვენ ორმოცამდე ტენდერი შევისწავლეთ. აქედან უმეტეს შემთხვევაში, პროექტი დასრულებულია. თუმცა ერთეული გამონაკლისების გარდა, სამუშაოები ვადაგადაცილებით ჩაბარდა და იმავდროულად, თავდაპირველი სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა. რაც შეეხება ხარისხს, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შემოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა ინფორმაცია უხარისხოდ შესრულებული, ასევე, დაუსრულებელი პროექტების შესახებ დროდადრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც ჩნდება და მედიასაშუალებებიც აშუქებენ. მაგალითად: ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით (NAT200011105), შპს „სპეცმონტაჟთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება 4 066 252 ლარით განისაზღვრა. მიმწოდებელს პროექტი 2021 წლის აგვისტოში უნდა ჩაებარებინა. ეტაპობრივად იზრდებოდა სამუშაოების დასრულების ვადა. ტელეკომპანია მეგა TV-ის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სამუშაოები შეჩერებულია და ოქტომბრიდან განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა, მგფ-მა მას 2021 წლის აგვისტოში, ავანსის სახით, 324 000 ლარი გადაუხადა. ამ დროისთვის, ჯამურად, გადახდილია 2 112 281 ლარი ანუ მთლიანი ღირებულების 52%. სამუშაოები ვერც ერთწლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა.

საინტერესოა ასევე მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოცხადებული, 1 603 383 ლარის ღირებულების, ტენდერი NAT220016965, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს. იმავე მიზნით ტენდერი გამოცხადებული იყო ზუსტად ერთი წლის წინ. მაშინ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპანიასთან 1 536 877-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო (ხარჯთაღრიცხვასა და ინვოისს შორის ფასებს შორის სხვაობა და სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი გაძვირება), კონტრაქტი მხარეთა შეთანხმებით შეწყდა, ხოლო კომპანიამ წინასწარ მიღებული თანხის სამ ეტაპად დაბრუნების ვალდებულება აიღო.

დიდხანს გრძელდება სამუშაოები, რომელიც მგფ-მა ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით შეისყიდა. 2020 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ობიექტი თერთმეტ თვეში უნდა დასრულებულიყო თუმცა, ბოლო ცვლილებით, კომპანიას ვადა 2022 წლის 5 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა. ყოველთვის, როცა ვადის გაგრძელებაზეა საუბარი, დოკუმენტებში მითითებულია სამუშაოების მატება ან ცვლილება, ასევე - მოულოდნელად გამოვლენილი გარემოებები. რამდენჯერმე (2020 წლის შესყიდვები) მიზეზად პანდემია სახელდება. მაგალითად, ტენდერი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადდა. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 12 ივლისს. სამუშაოების მიწოდების ვადად თერთმეტი თვე განისაზღვრა. მიმდინარე წლის მარტში მხარეები შეთანხმდნენ, რომ იზრდება როგორც სამუშაოების ხანგრძლივობა, ისე - ღირებულებაც. კონკრეტულად კი, სახელშეკრულებო ღირებულება 2 361 687 ლარი იყო და 2 510 383 ლარი გახდა, ხოლო ვადა 2022 წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდა. ცვლილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია „სხვადასხვა მიზეზი“, რომლებიც სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ხრესილში, როგორც სხვა არაერთ სკოლაში, მოსწავლეებმა სწავლა ახალ და გაუმჯობესებულ გარემოში ვერ დაიწყეს.

რატომ დგება შემსყიდველი ასე ხშირად სახელშეკრულებო ვადებისა და ღირებულების გაზრდის აუცილებლობის წინაშე, ამ საკითხებს, ალბათ, მომავალში შესაბამისი უწყებები შეისწავლიან. ფაქტია, რომ მოსახლეობა დროულად, ზოგჯერ კი, საერთოდ ვერ იღებს იმ სიკეთეებს, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი