ევროპარლამენტარმა რობ როოსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ „აიცერი სხვისთვის“ კამპანია ყოველთვის ტყუილი იყო. COVID-პასპორტის ერთადერთი დანიშნულება კი ადამიანების ვაქცინაციის იძულება იყო. „ევროპარლამენტის COVID-მოსმენაზე ფაიზერის კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გამომიტყდა, რომ ვაქცინების დანერგვის პერიოდში ისინი არ ყოფილა ტესტირებული ვირუსის გადადების შეჩერებაზე.... ეს სკანდალური ინფორმაციაა. მითმა, „აიცერი სხვებისთვის“ მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა აცრილიყო. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი ყოფილა“, - ამბობს რობ როოსი.

ევროპარლამენტარის განცხადებით, COVID-პასპორტებმა მასობრივი დისკრიმინაცია გამოიწვია. „ფაქტ-მეტრი“ ამ უკანასკნელის განხილვაში არ შედის. თუმცა მისი მტკიცება, თითქოს ვაქცინები ვირუსის გავრცელებას არ აფერხებდა და „აიცერი სხვებისთვის“ იყო უსაფუძვლო მოწოდება, არის მანიპულაცია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებამდე, COVID-19-ის ვაქცინების ეფექტიანობა, რაც ინფიცირებისგან, დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან დაცვას გულისხმობს, შესაბამისი კვლევებით დადასტურდა. ინფიცირებისგან დაცვა უკვე ნიშნავს იმას, რომ ვაქცინას აქვს უნარი, გავრცელება შეაფერხოს. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა. თუ რამდენად შეამცირებდა ვაქცინა კორონავირუსის გავრცელების რისკებს, ეს ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვდა. თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. იმუნიზაციის დაწყების შემდეგ, ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის პარამეტრების მონიტორინგის მიზნით, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმუნიზაციის შედეგებზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

ვაქცინაციის დანერგვის შემდგომ ჩატარებული კვლევები და იმუნიზაციის შედეგები (2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემები) აჩვენებდა იმას, რომ COVID-19-ის ვაქცინები ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებდა. კერძოდ, ვაქცინირებულ პირებს ინფიცირების შემთხვევაში ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ ან/და ნაკლები დროით ავადობდნენ, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. ამრიგად, მოწოდება, რომ აცრით როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს იცავდი, შესაბამის მტკიცებულებებს ემყარებოდა.

პანდემიის პერიოდში ვირუსი მუტაციას განიცდიდა და ახალი შტამები ჩნდებოდა. შესაბამისად, ვაქცინების ეფექტურობაც მცირდებოდა. თუმცა იმუნიზაციისა და არაერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია. ამასთან, სრულად ვაქცინირებულ პირებს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე აუცრელებს. ვაქცინირებულ ადამიანს ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის სხვებზე გავრცელების პოტენციალი აქვს, თუმცა გაცილებით დაბალი სიხშირით, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებს.

CDC-ის მონაცემებით, დელტა ვარიანტის გაჩენამდე, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილები და შემდგომ დაინფიცირდნენ, არავაქცინირებულებთან შედარებით უფრო ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ანუ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, ადრეული მონაცემების თანახმად, როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ადამიანებს დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსული რნმ-ის და კულტივირებად ვირუსის რაოდენობის მსგავსი დონე აქვთ. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული, ვაქცინირებული ადამიანებიც კი შესაძლოა ისევე გადამდებები აღმოჩნდნენ, როგორც არავაქცინირებულები. თუმცა ვაქცინირებულები ნაკლები დროით არიან გადამდებები, რადგან კვლევებმა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსული რნმ-ის რაოდენობის და კულტივირებადი ვირუსის დონის სწრაფი კლება აჩვენა. არაერთი კვლევით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად გადამდებები აღმოჩნდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელნიც საერთოდ არ იყვნენ, ან ერთი დოზით იყვნენ აცრილები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა შეამცირონ, მათ შორის - დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც. სრულად ვაქცინირებული პირები ნაკლებად გადამდები აღმოჩნდნენ, ვიდრე არავაქცინირებულები ან ერთი დოზით აცრილი პირები.

ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტიანობა შემცირებულია. თუმცა, პანდემიის კრიზისულ ფაზაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მთავარი დანიშნულება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება იყო. ამასთან, ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას აფერხებდა. რეალურად, ვაქცინებმა ,შესაძლოა ითქვას, რომ პანდემიის მწვავე ფაზა დაასრულეს და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი