იტვირთება

აკაკი გვიანიძე:სამი ახალი ბაღი უნდა აშენებულიყო წელს [ბათუმში]. აღმოჩნდა, რომ სამივესთან გაუქმებულია კონტრაქტი და წელს ეს ბაღები არ იქნება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, სამი ხელშეკრულება გააფორმა. აქედან ორი - შპს „დამბასთან“, ხოლო ერთი - შპს „ინსტალთან“. პირველს ორი ობიექტი უნდა აეშენებინა, ერთი - ბაგრატიონის, ხოლო მეორე - ქათამაძის ქუჩაზე. თითოეული ხელშეკრულების ღირებულება 2 574 000 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ „დამბასთან“ გაფორმებული ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 148 000 ლარს შეადგენდა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 1 763 226 ლარი (ერთი ხელშეკრულების ფარგლებში - 980 668 ლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულების ფარგლებში - 782 558 ლარი) აითვისა. ორივე პროექტის დასრულების ვადად 2022 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. კომპანიამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლო. მიმდინარე წლის ნოემბერში შემსყიდველმა ორივე კონტრაქტი გაწყვიტა და შემსრულებელს, პირგასამტეხლოს სახით, 252 024 ლარის და 268 716 ლარის გადახდა დააკისრა.

შპს „ინსტალმა“ კი ახალი ბაღის მშენებლობა მეზღვაურის ქუჩაზე დაიწყო. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 3 475 000 ლარი იყო. სამუშაოები 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემსრულებელი სამუშაოებს დაბალი ტემპით ახორციელებდა, რის გამოც პროექტი სახელშეკრულებო ვადაში ვერ დასრულდებოდა. სამმართველომ, როგორც წინა ორ შემთხვევაში, ამჯერადაც ხელშეკრულება შეწყვიტა და კომპანიას 173 477 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა. ამასთანავე, სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, საბანკო გარანტიის ამოქმედება გადაწყვიტა.

აქედან გამომდინარე, ქალაქ ბათუმს სამი ახალი საბავშვო ბაღი წელს მართლაც ვერ შეემატა, რაც ნიშნავს, რომ სკოლამდელი ასაკის ასეულობით ბავშვის პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩა.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა: „სამი ახალი ბაღი უნდა აშენებულიყო წელს [ბათუმში]. აღმოჩნდა, რომ სამივესთან გაუქმებულია კონტრაქტი და წელს ეს ბაღები არ იქნება.“

„ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, ქალაქში წელს მართლაც სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა შეწყდა. კერძოდ, 2021 წლის ივლისში ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, DESIGN BUILD-ის მეთოდით, გამოაცხადა ტენდერი ბაგრატიონის ქ. №127-ში საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ერთადერთი კომპანია, რომელიც ტენდერით დაინტერესდა, იყო შპს „დამბა“. მხარეებს შორის 2 574 000-ლარიანი კონტრაქტი 2021 წლის აგვისტოში გაფორმდა. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, რომ პროექტს 2022 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაასრულებდა. პროექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ი/მ ნუგზარ ბოლქვაძე ახორციელებდა. 2022 წლის 27 ოქტომბერს, როცა სამუშაოები დასრულებული უნდა ყოფილიყო, ნუგზარ ბოლქვაძემ შემსყიდველს მისწერა, რომ სამუშაოების ტემპის გაზრდის გარეშე, პროექტის დათქმულ ვადაში დასრულება შეუძლებელი იქნებოდა. ამის შემდეგ შემსყიდველმა შპს „დამბას“ მიმართა და სთხოვა, პროექტის დროულად ჩაბარების მიზნით, სამუშაოების ტემპი და პერსონალის რაოდენობა გაეზარდა. როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია არ გამოსწორდა. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება გამოსცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „დამბას“ დაეკისრა პირგასამტეხლო, რომელიც, ჯამში, 252 024 ლარს შეადგენს. სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს კი საბანკო გარანტიის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალა. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი თანხის 38% ანუ 980 668 ლარი.

ზუსტად იმავე პერიოდში ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი კიდევ ერთი ბაღის პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოაცხადა. საუბარია ქათამაძის ქ. №32-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. ტენდერში მონაწილეობა ამჯერადაც მხოლოდ შპს „დამბამ“ მიიღო და გაიმარჯვა. 2021 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება და პროექტის დასრულების ვადაც იგივე იყო, შესაბამისად, 2 574 000 ლარი და 2022 წლის 30 ოქტომბერი.

ამ პროექტთან დაკავშირებითაც, მოვლენები იმ თანმიმდევრობით განვითარდა, როგორც ბაგრატიონის ქ. №127-ში მშენებარე ობიექტის შემთხვევაში. ამ ეტაპისთვის კომპანიას მთლიანი ღირებულების 30% აქვს ჩარიცხული, რაც 782 558 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის ივლისში შემსყიდველის მიერ დაქირავებულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა ნუგზარ ბოლქვაძემ სამმართველოს მისწერა, რომ აუცილებელი იყო, შემსრულებელს მუშაობის ტემპი გაეზარდა. ზუსტად 2022 წლის 27 ოქტომბერს, როცა პროექტის სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე სამი დღე რჩებოდა, ტექნიკურმა ზედამხედველმა სამმართველოს კიდევ ერთხელ აცნობა, რომ კომპანია პროექტს დათქმულ დროში ვერ დაასრულებდა, თუ ტემპებს არ გაზრდიდა. თავის მხრივ, შპს „დამბა“ სამმართველომაც გააფრთხილა. საბოლოოდ კი შემსყიდველმა კონტრაქტი გაწყვიტა. ბრძანება მიმდინარე წლის 17 ნოემბრით თარიღდება. კომპანიისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ჯამში, 268 716 ლარია. დაწყებულია საბანკო გარანტიის ამოქმედების პროცედურები.

გასული წლის ივლისში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, DESIGN BUILD-ის მეთოდით, გამოცხადდა ტენდერი მეზღვაურის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის დეტალური პროექტისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. ამჯერად ტენდერში ექვსი კომპანია ჩაერთო. ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ყველაზე დაბალი ფასი შპს „ინსტალმა“ შესთავაზა. 2021 წლის სექტემბერში მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 3 475 000 ლარია. პროექტის დასრულების ვადად 2022 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა.

სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას კვლავ ი/მ ნუგზარ ბოლქვაძე ახორციელებდა. 2022 წლის 17 დეკემბერს ზედამხედველმა სამმართველოს მისწერა იმავე შინაარსის წერილი, როგორიც წინა ორი ტენდერის შემთხვევაში. კერძოდ, ნუგზარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს და ასეთ პირობებში, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში პროექტის დასრულება შეუძლებელი იქნება. კომპანიამ ტემპი ვერ გაზარდა, რასაც მოჰყვა 2022 წლის 21 ნოემბრის ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შპს „ინსტალს“ 173 477 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, ხოლო სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს დაევალა, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაიწყოს.

აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან გახარჯულია თანხა, თუმცა ქალაქმა, სადაც ასეულობით ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი, ახალი ობიექტები ვერ მიიღო. სავარაუდოდ, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგიდან კიდევ დიდხანს ვერ მოიხსნება.

ინფორმაციისთვის: შპს „დამბა“ეკუთვნის გიორგი ჯაბიძეს, რომელსაც 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 55 000 ლარი აქვს შეწირული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი