საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შემდეგ არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს მიენიჭათ:

ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები,

გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია,

რთვლის ტრადიცია საქართველოში,

მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი,

მესხური სამზარეულო - აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადების და გამოყენების ტრადიცია,

ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2003 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO), გენერალური კონფერენციის 32-ე სესიაზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია მიიღო. კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორ - ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ეროვნულ დონეზე, კონვენციის წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებას; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, ინსტიტუციის, არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღორძინებაში. აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიღებას წინ უძღოდა UNESCO-ს მიერ 2001 წლის 18 მაისს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელ შედევრების ნუსხის დამტკიცება. ამ ნუსხაში მსოფლიოს 19 უმნიშვნელოვანეს ნიმუშთან ერთად, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობაც იქნა შეტანილი. დღეისათვის აღნიშნულ კონვენციას მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა მიერთებული და ამ სფეროში აქტიურად თანამშრომლობს. UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოდან ოთხი ნომინაციაა შესული: ქართული მრავალხმიანობა (2001,2008), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013), ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა (2015), ქართული ჭიდაობა (2018).

საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას.

კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები - ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროებია:

ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები (ლეგენდა, იგავი, ზეპირი გადმოცემა, თქმულება და ა.შ.),

საშემსრულებლო ხელოვნება (სიმღერა, ცეკვა, სახიობა და ა.შ.),

საზოგადოებრივი პრაქტიკები (თამაშობა, დღეობა, დღესასწაული, კულინარია და ა.შ.)

გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება (ხალხური მედიცინა, ბუნების მოვლენებთან დაკავშირებული ადათ-წესები და ა.შ.),

ხელოსნობის დარგები და ტექნიკები (ხალხური რეწვა: თექა, მეტალი, თიხა, ფარდაგი და ა.შ).

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური გვერდის მიხედვით, ამ დრომდე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 66 ტრადიცია, სანახაობა თუ კერძია შესული - მათ შორის:

ქვევრი,

ბერიკაობა,

კახური მრავალჟამიერი,

მესხური ყველი ტენილი,

ლაღიძის წყლები,

ქართული ჭიდაობა,

დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგია,

კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი,

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია,

კახური ჩურჩხელის დამზადების გამოცდილება/ტექნოლოგია,

კახური პურის (დედას პურის) დამზადების ტექნოლოგია,

ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი,

მეთუნეობის უძველესი ტრადიცია,

ბაზიერობა,

ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები,

ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში,

ფშაური პოეტური ტრადიცია - ფშაური „ხმით ნატირები“,

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია,

ცეკვა „ქართული“,

სულგუნის დამზადების ტრადიცია,

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია,

ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკა/ გალობა და ა.შ.

როგორც ჩამონათვალი ცხადყოფს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ცალკეული კერძის, სანახაობის, გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილების, ტრადიციის შეტანა უჩვეულო არც აქამდე ყოფილა. თუმცა ამ სიიდანაც აბსოლუტურად ამოვარდნილია მცხეთური ღვეზელი, რომელიც არც ტრადიციასთან, არც რაიმე ტიპის რიტუალთან არ ასოცირდება და ქართული სამზარეულოს რიგითი კერძიც კი არ არის. ამიტომ, რა კრიტერიუმით მიენიჭა მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გაუგებარია.

ცნობისთვის და საზოგადოების „დასამშვიდებლადაც“, აღვნიშნავთ, რომ იუნესკოს არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში (საერთაშორისო ნუსხა) დანარჩენი მსოფლიოდანაც ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ფესტივალების, დღესასწაულების გამართვის ტრადიციები და ტრადიციული კერძების დამზადების გამოცდილება არის შესული. უახლესი სამეზობლოდან, სომხეთიდან - დუდუკი, ლავაშის მომზადების ტექნოლოგია, სომხური ქვა-ჯვრების ხელოვნება, ხოლო აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანული მუღამი (სიმღერის და ცეკვის ფოლკლორული ტრადიცია), აშუღის აზერბაიჯანული ხელოვნება, ხალიჩების ქსოვის ტრადიციული მეთოდი, თარზე დაკვრის ხელოვნება, ქალის ტრადიციული თავსაბურავი, ლაჰიჯის სპილენძის ხელობა არის შესული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველო 4 ძეგლით - ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და ქართული ჭიდაობით არის წარმოდგენილი.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი