სოციალურ ქსელებში რუსულენოვან და ქართულენოვან პროკრემლისტურ გვერდებზე და მასმედიაში გავრცელდა (1, 2, 3, 4, 5) მორიგი მტკიცება თითქოს პოლონეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონების ნაწილის ანექსიითაა დაინტერესებული.

ამჯერად პროპაგანდისტები აღნიშნულ თეზისს ასაბუთებენ ფოტოსურათით, რომელიც თითქოს ერთ-ერთ პოლონურ ტელეარხზე გასული ამინდის პროგნოზის გადაცემის ფრაგმენტს ასახავს. მტკიცების თანახმად, გადაცემაში ამინდის პროგნოზის წარდგენისას გამოიყენებოდა პოლონეთის რუკა, რომელზეც ლვოვის, ტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის, ვოლინის, ჩერნოვცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინიცას, როვნოს და ზაკარპატიეს ოლქები პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდნენ.

აღნიშნული ცნობა დეზინფორმაციაა, რაც რამდენიმე მტკიცებულებით დასტურდება. პირველ რიგში კი იმით, რომ მოცემული გადაცემის ეპიზოდი პოლონური ტელეკომპანია TVP 1-ს საიტზე არ იძებნება - TVP 1-ზე ამინდის პროგნოზის გადაცემა სულ სხვანაირად გამოიყურება, და მასში გამოყენებულ პოლონეთის რუკაზე უკრაინის ოლქები არსად ჩანს.

გარდა ამისა, ფოტოს სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ მასზე გამოსახული ტელეწამყვანი სინამდვილეში ტელეკომპანია TVP 1-ის თანამშრომელი არაა. წამყვანის სახელი იანა ვისოცკაა, და მისი სურათი რადიოსადგურ RadioMaryja-ს ვებგვერდზე არსებული 2020 წლის მარტში ჩაწერილი ამინდის პროგნოზის გადაცემიდან ამოჭრეს.

ფოტოს სიყალბის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულება ორთოგრაფიული შეცდომებია. აღნიშნულზე ყურადღება ტვიტერის მომხმარებლებმაც გაამახვილეს: “რუსები ამბობენ, თითქოს პოლონური ტელეარხი ამინდის პროგნოზს იმპერიული პოლონეთისთვის აჩვენებს. იდიოტები. მათ დაავიწყდათ პოლონური მართლწერა - უნდა დაეწერათ: Białoruś, Słowacja, Mińsk, Kijów, Lwów».

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფაქტების გადამოწმების პოლონური ორგანიზაცია „დემაგოგი“ დეზინფორმაციაში ხსენებულ ტელეკომპანიას დაუკავშირდა, სადაც რუსი პროპაგანდისტების ბრალდება უარყვეს.

სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც პოლონეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიერთებას აპირებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე ვრცელდება.

მაგალითად, პოლონეთის ფარული ზრახვების შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა - სერგეი ნარიშკინმა, 30 ნოემბერს გააკეთა. ნარიშკინის თქმით, „ვარშავა აძლიერებს მზადებას უკრაინის მიწების: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკისა და ტერნოპოლის ოლქის დიდი ნაწილის ანექსიისთვის“. სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ შესაბამის სამსახურებს ბრძანება უკვე მისცა, რომ უკრაინის მიმართ პრეტენზიების ოფიციალურად დასაბუთება დროულად მოამზადონ. მისივე თქმით, პრეტენზიის საწყისი წერტილს 1943 წლის ვოლინის ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური ვარშავა ამ ტერიტორიის პოლონეთთან შეერთების თაობაზე ლვოვში რეფერენდუმს ჩაატარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დროს რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინის შთანთქმის იდეა ისევ ცოცხალია. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით კი, პოლონეთი უკვე დგამს ნაბიჯებს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების დასაკავებლად.

მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს სამშვიდობო მისიას ან გაეროს შეეძლოთ საომარი მდგომარეობის შეჩერება. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთი ამ იდეას დასავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების საბაბად გამოიყენებდა. სწორედ ამის შემდგომ, უკვე 28 აპრილს, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდა და აშშ-თან ერთად პოლონეთის ისტორიულ ტერიტორიებზე სამხედრო პოლიტიკური კონტროლის დამყარებას აპირებდა. ნარიშნიკის ამ განცხადებას 29 აპრილს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს ვარშავა დასავლეთ უკრაინის ანექსიის გეგმას ამზადებს. ნარიშკინს პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრის პრესსპიკერმა (Spokesperson of the Minister-Special Services Coordinator), სტანისლავ ზარინმაც უპასუხა. მისი თქმით, ნარიშკინი პოლონეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციას განაგრძობს და მცდარ მტკიცებას ავრცელებს. მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთ უკრაინის პოლონეთის ანექსიის შესახებ ტყუილი უკვე წლებია ვრცელდება და კამპანია განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაძლიერდა.

ასევე, პოლონეთის მთავრობა მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ტყუილს უწოდებს მტკიცებას, თითქოს პოლონეთს უკრაინისადმი მტრული დამოკიდებულებები აქვს და მისი დასავლური ტერიტორიების ოკუპაცია სურს.

საყურადღებოა, რომ საჯარო მოწოდებები უკრაინის მეზობლების მიმართ, რომ მათ უკრაინის ტერიტორიები დაენაწილებინათ, წლების წინ დაიწყო. 2014 წელს, დუმის აწ უკვე გარდაცვლილმა წევრმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის საელჩოებს გაუგზავნა წერილები და შესთავაზა უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის წერილს „სიგიჟე“ უწოდა.

რეალურად, პოლონეთს სახელმწიფოებრივ დონეზე და არც რომელიმე სახელმწიფო მოხელის მეშვეობით არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია უკრაინის დასავლური ტერიტორიების შესახებ. მიუხედავად ამისა, კრემლის დღის წესრიგში აღნიშნული თემა პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენება.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი