მსოფლიო ბანკმა 2023-2024 წლების გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიტიკოსთა შეფასებით, 2023 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება, რაც 2022 წლის ივნისში გასაჯაროებულ პროგნოზთან შედარებით - 1.3%-ით ნაკლებია. 2024 წლისთვის ნავარაუდევი ზრდაც - 0.3%-ით, 2.7%-მდეა, შემცირებული.

მოლოდინი საქართველოს შემთხვევაშიც გაუარესებულია. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ის ნაცვლად 4%-ით გაიზრდება. 2024 წლის 5%-იანი ზრდის პროგნოზს კორექტირება არ შეხებია.

მსოფლიო ბანკი, საქართველოს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ჭრილში განიხილავს. ჯგუფში სულ 23 სახელმწიფოა, მათ შორის - კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობაც საქართველოს არ აქვს აღიარებული. პროგნოზის მიხედვით, ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა ტაჯიკეთს ექნება, ყველაზე დაბალი (-3.3%)-იანი რუსეთს. 2.3%-ით შემცირდება ბელარუსის ეკონომიკაც, უკრაინა კი 35%-იანი ვარდნის შემდეგ 3.3%-იან ზრდაზე უნდა გავიდეს. სომხეთში 4.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში - 2.8%-იანი, ხოლო თურქეთში - 2.7%-იანი.

თუ მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებს, პლუს უკრაინასა და ბელარუსს განვიხილავთ, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ - 4.1%-იან ზრდას, სომხეთში მივიღებთ, ყველაზე დიდ - 3.3%-იან ვარდნას კი ისევ რუსეთში.

როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში მოლოდინი გაუარესებულია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოთა ნაწილს რეცესიის ზღვარზე მოუწევს გავლა. თუმცა გლობალური ვარდნა არ იქნება. ისეთი დიდი ზომის ეკონომიკა როგორც შეერთებული შტატებია, მხოლოდ 0.5%-ით გაიზრდება, ჩინეთი - 4.3%-ით, იაპონია - 1%-ით, ინდოეთი - 6.6%-ით და ევრო ზონა - 0%-ით.

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების მიუხედავად, მტკიცება რომ თითქოს სანქციებმა რუსეთზე მეტად დასავლეთი დააზარალა, ისევ მცდარად რჩება. თუ მსოფლიო ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 2022 წელს 2.9%-ით გაიზარდა და 2023-ში 1.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 3.5%-ით შემცირდა და 2023-შიც მკვლევრები 3.3%-იან ვარდნას ელიან.

რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც თავისი მასშტაბებით ევროპის კონტინენტზე 1945 წლის შემდეგ უპრეცედენტოა, გავლენას მთელ მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი - რეგიონზე ახდენს. უკრაინაში 2023 წელს - 3.3%-იანი, 2024 წელს კი 4.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. თუ დავუშვებთ, რომ ზრდის ტემპი მომავალში ასევე 4.1%-ზე შენარჩუნდა, მაშინ, ქვეყანა 2021 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2033 წელს დაუბრუნდება. თუ რუსეთში შენარჩუნდა 2024 წლის 1.6%-იანი ზრდა, ის ომამდელ პოზიციებს 2028 წელს აღიდგენს, ბელარუსი კი - 2027 წელს.

2023 წლის პროგნოზში, უკრაინის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.2%-ითაა გაუმჯობესებული, რუსეთის შემთხვევაში პირიქით 1.3%-იანი გაუარესება იკვეთება. პროგნოზი 2023 წლისთვის ყველაზე მეტად - 3.8%-ით ბელარუსისთვის გაუარესდა, რითაც შესაძლო მცირე ზრდა ისევ მოსალოდნელმა კლებამ ჩაანაცვლა.

ომის გავლენა საქართველოზეც აისახა. საქართველო სანქციებს გაცხადებულად არ შეერთებია, მაგრამ რიგი ზომების გატარება მაინც მოუწია: დაიბლოკა რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები, VTB ბანკი იძულებული გახდა პორტფელის უდიდესი ნაწილი ლიბერთისა და ბაზის ბანკზე გაესხვისებინა. იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, მაშინ როცა სხვა ბანკები რეკორდულ ჯამურად თითქმის 2 მლრდ ლარიან მოგებაზე გავიდნენ, ვითიბიმ 73 მლნ ლარიანი ზარალი აჩვენა.

პარალელურად, მკვეთრადაა გაზრდილი ფულადი გზავნილები რუსეთიდან. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.068 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წელთან შედარებით 1.656 მლრდ დოლარით ანუ 402%-ით მეტია. თუ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2021 წელს 18%-ს შეადგენდა, 2022 წელს 47%-ს გადააჭარბა.

რუსი ვიზიტორების წილი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წელთან შედარებით 19.6%-დან 23.8%-მდე გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 11.5%-დან 13%-მდე გაიზარდა. თანხობრივად 1.475 მლრდ დოლარიდან 2.206 მლრდ დოლარამდე. ცალკე აღებული იმპორტი 73%-ით 929 მლნ დოლარიდან 1.608 მლრდ დოლარამდე, მათ შორის - ნავთობპროდუქტების იმპორტი 123 მლნ დოლარიდან 562 მლნ-მდე გაიზარდა. სანქციების გამო, რუსეთი იძულებულია საწვავი ფასდათმობით გაყიდოს, რის გამოც მისი შეძენა ქართველი იმპორტიორებისთვის უფრო მომგებიანი გახდა.

როგორც წესი პროგნოზები სრულად არც სტაბილურ გარემოში მართლდება, რაც მეტია გაურკვევლობა, მით მეტია აცდენის ალბათობა. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კეთდებოდა გათვლა, რომლის თანახმადაც 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით ხოლო რუსეთის 8.9%-ით უნდა შემცირებულიყო. 6.5%-იან ვარდნას ელოდნენ ბელარუსშიც. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსზე გაკეთებული გათვლები თითქმის სრულად გამართლდა და ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. ენერგომატარებლების გაძვირების ხარჯზე რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 3.5%-ით შემცირდა. მოსალოდნელთან შედარებით მდგრადი აღმოჩნდა უკრაინაც, სადაც ეკონომიკურმა ვარდნამ 35%-ს მიაღწია.

განსხვავება, საქართველოს შემთხვევაშიც, თვალსაჩინოა. 2022 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბანკი საქართველოში 5.5%-იან ზრდას მოელოდა, საქსტატის ცნობით იანვარ-ნოემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა 10%-ს მიაღწია. მსგავსია დეკემბრის საპროგნოზო მაჩვენებელიც. საქართველოს მთავრობა 2023 წელს 5%-იან ზრდას მოელის. 5%-იან ზრდაზეა აგებული სახელმწიფო ბიუჯეტიც. ეროვნული ბანკი უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი და 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. (პესიმისტური 2%-იანი და ოპტიმისტური 6%-იანი დაშვებით).

რეალური სურათი, თუ რამდენით გაიზრდება 2023-2024 წლებში არამარტო საქართველოს არამედ ნებისმიერი დასახელებული ქვეყნის ეკონომიკა, ამ ეტაპზე დიდწილად რჩება დამოკიდებული უკრაინაში რუსეთის შეჭრით და მასზე რეაგირების ღონისძიებებით გამოწვეულ ფაქტორებზე. შესაბამისად, არსებულ პროგნოზები ნაკლებად სანდოა და გაცილებით მაღალი სკეპტიციზმით უნდა იქნას მიღებული, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ამავდროულად, აუცილებელია, აღინიშნოს რომ აცდენა მოსალოდნელია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით და მისი მასშტაბი და მიმართულება დიდწილად მიმდინარე ომის განვითარების პერიპეტიებზე რჩება დამოკიდებული.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი