„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების წინ, პროცესები დაძაბულად მიმდინარეობს. ეს დაძაბულობა არა მხოლოდ ცენტრში იგრძნობა, არამედ - რეგიონულ დონეზეც. პარტიის შიგნით დაწყებულმა დაპირისპირებამ ორ ბანაკად გახლიჩა აჭარის ორგანიზაციაც. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები და კონტრარგუმენტები აქვს.

რამ გამოიწვია დაპირისპირება, რატომ ცდილობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის „განზე გაწევას“ და რატომ გახდა შეუძლებელი კონფლიქტის დიალოგით მოგვარება, ამ და სხვა კითხვებზე „ფაქტ-მეტრთან“ ღიად ისაუბრეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ. მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძესთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ლევან ანთაძე კი ლევან ვარშალომიძისა და ვანო მერაბიშვილის გუნდშია და შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია.

ვინაიდან ორივე რესპონდენტთან ვრცელი ინტერვიუ გამოვიდა, პირველ ეტაპზე მირდატ ქამადაძის პასუხებს ვაქვეყნებთ, რასაც ლევან ანთაძის ინტერვიუ მოჰყვება.

- ბატონო მირდატ, რა გახდა საფუძველი და როგორ დაიწყო დაპირისპირება თქვენს ორგანიზაციაში?

- 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ბათუმში თავისუფლების კვარტალი რომ გაიხსნა, წინა ხაზზე იდგა ლევან ვარშალომიძე. მან მოუწოდა ხალხს, გამოდით, არსად წასვლას არ ვაპირებ, ბოლომდე ვაპირებ ბრძოლასო. 25 დეკემბერს დემოკრატიული წესით ჩატარდა პარტიის შიდა არჩევნები. კანდიდატები იყვნენ ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. პირადად მე ვარშალომიძის კამპანიაზე ვმუშაობდი და ხმა მას მივეცი. მელიამ ამ არჩევნებში ის დაამარცხა. არჩევნებიდან ორი თუ სამი კვირის შუალედში, ვარშალომიძე პარტიიდან ისე წავიდა, კარვებში ისე დატოვა ჩვენი ამომრჩევლები და მხარდამჭერები, რომ ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით, არაფერი აუხსნია. ამის შემდეგ, საჯაროდ არსად არ გამოჩენილა. 2021 წლის არჩევნების წინ, როცა რაღაც აქტივობები იგეგმებოდა, ბუნებრივია, ყველაფერი შეთანხმებით კეთდებოდა, მათ შორის, საკრებულოს წევრების საკითხიც თანხმდებოდა. პირველი ტური ჩავატარეთ, ხმა არ მიუცია, მეორე ტური ჩავატარეთ, არც მაშინ მიუცია ხმა. გახსოვთ, რომ გიორგი კირთაძესა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის სხვაობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ბათილი ბიულეტენები, ტოტალური გაყალბების მიუხედავად. მერე იყო ნუგზარ ფუტკარაძის ამბები [ემნ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული ოპოზიციონერი წევრის გარდაცვალება „ქართული ოცნების“ მიერ მისი გადაბირების მცდელობას უკავშირდება]. ამ პროცესებში ლევან ვარშალომიძე საერთოდ არ გამოჩენილა. როცა რამე აინტერესებდა, ელგუჯა ბაგრატიონის [აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან] მეშვეობით ეკონტაქტებოდა გიორგის [კირთაძე] და ჩვენც შუამავლის საშუალებით ვათანხმებდით საკითხებს.

- ვარშალომიძე რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, თუ რატომ უთანხმებდით საკითხებს?

- ის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. რეგიონულ ორგანიზაციას თავმჯდომარე არ ჰყავს. მაგრამ ის იყო ლიდერი და ჩვენ ამ სუბორდინაციას პატივს ვცემდით.

- როდის და რატომ მოითხოვა ვარშალომიძემ გიორგი კირთაძის გადადგომა ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან?

- 2021 წლის დასაწყისში, როცა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ლევან ვარშალომიძემ გიორგი კირთაძეს მოსთხოვა, რომ მხარდაჭერა რევაზ ხარაზისთვის გამოეცხადებინათ და თავმჯდომარედ აერჩიათ. გიორგიმ ამაზე უპასუხა, რომ საკრებულოს წევრებს, რომლებმაც უზარმაზარ წნეხს გაუძლეს, ვერ სთხოვდა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას. საკითხი მათ თვითონ უნდა გადაეწყვიტათ და მართლაც არ ჩარეულა. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც ლევან ვარშალომიძის მხარდაჭერილი კანდიდატიც მონაწილეობდა და სხვა კანდიდატებიც. ხმების უმეტესობა ლაშა კილაბერიამ მიიღო და გახდა თავმჯდომარე. რეზო ხარაზი მოადგილედ აირჩიეს. იმავე დღეს ელგუჯა ბაგრატიონმა გვითხრა, რომ საღამოს 6 საათამდე გვქონდა ვადა, რათა გადაგვეყენებინა კილაბერია და თავმჯდომარე რეზო ხარაზი გამხდარიყო. ჩვენ ვკითხეთ, რა მოხდებოდა, თუ ამას არ გავაკეთებდით. გვითხრა, რომ აჭარის მასშტაბით, ყველა საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ და ამ საკითხზე იმსჯელებდნენ. მეორე დღეს მართლაც შევიკრიბეთ და ერთგვარი „სახალხო სასამართლო“ მოგვიწყვეს. ყველამ ვთქვით სიმართლე, რაც მოხდა სინამდვილეში. შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს მეთოდი, რომელსაც კილაბერიას წინააღმდეგ იყენებდნენ, არასწორი იყო. კილაბერია ვერ გადააყენეს.

- როგორც მახსოვს, არჩევიდან ძალიან მალე კილაბერია საკრებულოდანაც წავიდა და ქვეყანაც დატოვა. მისი წასვლა ამ ამბებს უკავშირდებოდა?

- კი, თვითონ დაწერა პოსტი ამის შესახებ. იმ შეხვედრის შემდეგ, ვარშალომიძემ გადაწყვიტა, რომ კირთაძე თანამდებობიდან უნდა წავიდეს. გიორგი და ჩვენც დავინტერესდით, რატომ უნდა დაეტოვებინა პოზიცია. არგუმენტი დღემდე არ ვიცით. ამის შემდეგ დაიწყეს საკრებულოს წევრების რეპრესია, იმ წევრების, რომლებმაც ძლიერ ზეწოლას გაუძლეს, არ გაიყიდნენ, არ შეშინდნენ.

- სამართლებრივად რომ განვიხილოთ, როგორ შეიძლება კირთაძის გადაყენება ან გაშვება ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან?

- გიორგიმ შესთავაზა არჩევნების ჩატარება. [შარშან] აპრილში მან გამოაქვეყნა პოსტი და შიდა პარტიული არჩევნები მოითხოვა. თუმცა იმ პოსტით ყველა დეტალი გარეთ არ გამოვიტანეთ, რადგან ჩვენს ამომრჩეველს გავუფრთხილდით. არჩევნებზე უარი გვითხრეს. მერე იყო გიორგისგან კიდევ ერთი შეთავაზება, რომ ვარშალომიძე ჩამოვიდეს, დაჯდეს ოფისში და მე გავიწევი, თუ დისკომფორტს ვუქმნი. ამაზეც უარი იყო. იურიდიულად, თავმჯდომარე ან არჩევნებით შეიცვლება, ან პარტიის თავმჯდომარემ უნდა შეცვალოს. ამის შემდეგ დაიწყეს დალაგება მელიასთან.

- მელიასთან დალაგებაში რა იგულისხმება, ან ვინ ალაგებდა, ვარშალომიძე?

- ხუთი თუ ექვსი თვის განმავლობაში, 6 ნოემბრამდე, მიდიოდა საუბარი, რომ მელიას კირთაძე უნდა ამოეხსნა. მელიას პოზიცია იყო ძალიან სწორი: მითხარით არგუმენტი, რა დააშავა კირთაძემ. ასეთი არგუმენტი ვერ დაუდეს. 4 ნოემბერს აჭარაში მელიასთან იყო გაფართოებული შეხვედრა. მე, ელგუჯა ბაგრატიონი და ლევან ანთაძე ვესწრებოდით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ მელიას საჯაროდ აღუთქვეს მხარდაჭერა. ოთხ დღეში დადგნენ ბრიფინგზე, სადაც სხვა პოზიცია დააფიქსირეს. როგორც მერე გავიგეთ, იმ შეხვედრაზე ელგუჯა მელიას სთხოვდა, რომ კირთაძე მოეხსნა. რახან მელიამ იქაც არგუმენტი მოითხოვა და არ მოხსნა, ვარშალომიძემ გადაწყვიტა, რომ სხვა მხარეს გადასულიყვნენ და დადგნენ მეორე მხარეს. ამის გაგრძელება ის იყო, რომ ვანო მერაბიშვილმა დეკემბერში, შუამავლების მეშვეობით, ხუთჯერ სცადა ჩემთან მოლაპარაკება. ყველას ერთსა და იმავე პასუხს ვცემდი: მერაბიშვილს, როგორც თავის დროზე წარმატებულ შსს მინისტრს, რომლის ბევრი საქმე მომწონს და ისტორიას დარჩება, ვაფასებ და ეს ჩვენი გუნდის დამოკიდებულებაა. [მერაბიშვილს] ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე მეგობრის მეშვეობით. მივწერე, რომ პატივს ვცემ, მესმის თხოვნის მასშტაბი, მაგრამ დღეს პრინციპული ღირებულებითი განსხვავება გვაქვს, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს საჯაროდ და ასეთი მოლაპარაკებების წინააღმდეგი ვართ. ამიტომ მაგ მხარეს ვერ დავდგებით. თუმცა პერსონალურად არაფერს არ ვერჩით. ამის შემდეგ, ლევან ვარშალომიძე, რომელიც არ გამოჩენილა ორი წელი თავის აქტივთან, დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდა და შეხვდა ჩვენი აქტივის ნაწილს. ამის შესახებ ფეისბუქით შევიტყვეთ. იმ შეხვედრაზე ვარშალომიძემ ბაგრატიონს წააკითხა მერაბიშვილისთვის ჩემ მიერ მიწერილი ტექსტი, ოღონდ არა სრული, არამედ კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზურგს უკან რაღაცებს ვაკეთებდით და ასე სცადეს გიორგის გაშავება. ამ მეთოდებით ვინც პოლიტიკას აკეთებს, იმ ხალხის გვერდით დგომა არ მიმაჩნია სწორად. ჯერ ერთი, ჩემი მიმოწერის გამოტანა ასე იყო ბინძური მეთოდი. იმ ადამიანებთან მე სრული ტექსტი გავხსენი და წავაკითხე, ბევრმა გაიგო საქმის რეალური ვითარება.

- და გიორგის „გაშავებას“ რა უნდა მოჰყოლოდა, რა მიზანი ჰქონდა ვარშალომიძეს?

- არჩევნების დროს მხარდამჭერებისთვის გიორგის პოზიცია არ უნდა ყოფილიყო ანგარიშგასაწევი. გიორგი ახლაც მოქმედი თავმჯდომარეა, თუმცა კიდევ ერთხელ შეკრიბეს აქტივის ნაწილი უთხრეს, რომ პარტიიდან მათთან ლევან ანთაძე იკონტაქტებს, ანუ ბათუმში პარტიას ლევან ანთაძე წარმოადგენს. ესაა არაფორმალური მმართველობა.

- ანუ თქვენი წევრების ნაწილი ლევან ანთაძესთან მიდის რაღაც საკითხების გასარკვევად და შესათანხმებლად, ნაწილი - გიორგისთან?

- დიახ და სწორედ ამან გამოიწვია გაყოფა. თუმცა ბათუმის საკრებულოს აბსოლუტური უმრავლესობა ამ მხარეს დარჩა. ერთი ადამიანი მაინც გამოვიდეს და ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მოითხოვეს კირთაძის გადაყენება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან ძალიან მალე. ზუსტად ვიცი, რომ იოტისოდენა სიმართლეც კი არაა იმ მხარეს, როცა გიორგის გადაყენებაზეა საუბარი. ამიტომ ვერ მოდის ვერავინ სალაპარაკოდ. თუ ვარშალომიძე საჯაროდ არ იტყვის ამას, მაშინ ჩაითვლება, რომ [ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნების შედეგების გამო ითხოვს გიორგის გადაყენებას. კირთაძემ ისეთი შედეგები დადო, რომ ის მომგებიანი პოლიტიკოსია. ვარშალომიძეს უნდა პარტიაში ძალაუფლება. ვარშალომიძე, მერაბიშვილი და კეზერაშვილი ამიტომ დალაგდნენ ერთად, ძალაუფლებისთვის ლაგდება ეს ხალხი და არა იმისთვის, რომ რაღაც ხედვა წარუდგინოს ხალხს.

- თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ის მხარე გაიმარჯვებს, როგორ აგრძელებს თქვენი გუნდი თანამშრომლობას?

- ჩემი ამბიცია პოლიტიკაში არის, რომ საჯაროდ ვესაუბრო ამომრჩეველს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ პროდასავლურ ოპოზიციურ ერთობაზე, რომელშიც იმ მხარეს მყოფი ადამიანებიც მოიაზრებიან. მელიას გამარჯვების შემთხვევაში, არავინ არავის არ ეუბნება, რომ ვინმე პარტიიდან უნდა წავიდეს. იმ ორგანოში, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღები იქნება, ამ ადამიანების სათათბირო ხმით მოწვევა შეიძლება. ასე ვხედავ თანამშრომლობას. რაც შეეხება მეორე მხარის გამარჯვებას, ისინი არაფერს არ ამბობენ ამაზე. ზუსტად ვიცი, რომ ვარშალომიძე, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან იმ პირობით დალაგდა, რომ ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უნდა გაგვიშვას. ხაბეიშვილის გამარჯვების თეორიული შანსი არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მე საჯაროდ მივულოცავ მას, პარტიის მმართველობითი რგოლიდან გავიწევი, მაგრამ გავაგრძელებ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. მე ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რომლებისთვისაც ვიბრძვი. ბათუმელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კირთაძეს და ბათუმის გუნდს, ეს ნიშნავს, რომ არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, ბათუმელების სახელით, ზურგს უკან ვიღაც ფულიან ბიძიებთან გარიგდეს და ამ ადამიანების ინტერესები არ დაიცვას.

- აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში არიან გიორგი კირთაძეც და ლევან ანთაძეც. როგორ ითანამშრომლებენ?

- ისინი დეპუტატები არიან და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ იმ პრინციპებისა და ღირებულებებისთვის საქმიანობას, რომელთა გამოც იქ შევიდნენ. ესაა სწორი. პარტიულ თათბირებზე დასხდებიან ერთად, თუ - არა, ეგ სხვა საკითხია.

- ნიკა მელიას მიმართ გამოთქმული პრეტენზიებიდან ერთ-ერთი იყო, რომ რეგიონულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. ეთანხმებით?

- არავინ ამბობს, რომ მელიას შეცდომა არ დაუშვია. თუმცა, როცა ხალხს ესაუბრები, ისმენ მის მოსაზრებას და შენი გადაწყვეტილებების საქმის კურსში გყავს, ეს შეცდომის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. მელია ამაში ძლიერია. ამასთანავე, მელია დიდი პროდასავლური ერთობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია. კომუნიკაციის პრობლემა არასდროს არ გვქონია.

- თქვენი აზრით, ვინმე პარტიის შიგნით ებრძვის დემოკრატიულ პროცესებს?

- დიახ და ბათუმის ორგანიზაციაში დემოკრატიულ პროცესებს ნაჯახით ებრძოდა ლევან ვარშალომიძე, ელგუჯა ბაგრატიონის ხელით. საჯაროდ ვეკითხები ლევან ანთაძეს, რატომ ითხოვდა გიორგი კირთაძის გადაყენებას ლევან ვარშალომიძე? რა უფლებით მოძრაობდა თვითონ, როგორც თავმჯდომარე, რა უფლებით ატარებს ბათუმის ორგანიზაციის აქტივთან თათბირებს ისე, რომ მოქმედ თავმჯდომარეს საქმის კურსში არ აყენებს? ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა, ვიღაც ადამიანი კულისებიდან ალაგებს პროცესებს სხვისი ხელით. ამას აკეთებს ბიძინა. ოღონდ ის პრორუსია და ამათ პროევროპულობაში ეჭვი არ მეპარება. გამოვიდნენ საჯაროდ და გაგვცენ კითხვებზე პასუხი. თუ პოლიტიკოსი საჯაროდ არ გამოდის, მაშინ წავიდეს სახლში.


მსგავსი სიახლეები

5322 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი