ლევან ხაბეიშვილი: ოზურგეთის მერმა ერთ წელიწადში ორჯერ მოიმატა ხელფასი და 5 500 ლარი გაუხდა. სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს კი 25-ლარიანი დახმარება დაუმტკიცეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ოზურგეთის მერის თანამდებობრივი სარგო გასული წლის 1 ივნისიდან გაიზარდა და 4 950 ლარი გახდა. მანამდე მერის ხელფასი 3 000 ლარი იყო. შესაბამისად, ზრდამ 65% შეადგინა. 2022 წლიდან პრემიერის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ოზურგეთის მერიის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ახალი ნუსხა განისაზღვრა, სადაც 10%-იანი ზრდა აისახა და მერის ხელფასმა უკვე 5 450 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ოზურგეთის მერს 6 თვიან პერიოდში ხელფასი მართლაც ორჯერ გაეზარდა, თუმცა არა ერთი და იმავე წლის ფარგლებში. ლევან ხაბეიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახების დახმარებას, ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით, ოთხ და მეტსულიან ოჯახებს 25 ლარის ოდენობის დახმარება დაენიშნათ, ოღონდ თითოეულ ბავშვზე და არა მთლიანად ოჯახს, როგორც ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში აღნიშნავს. გადაწყვეტილების მიხედვით, სოციალურად დაუცველი 4-შვილიანი ოჯახის თვიური დახმარება ჯამში 100 ლარი იქნება. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფულად შემწეობას და ბავშვზე დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ისედაც იღებენ და ოზურგეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არის დამატებითი დახმარება. აქედან გამომდინარე, მერის ხელფასის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი დამატებითი თანხის შედარება არარელევანტურად მიგვაჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ნახევრად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა: „თალაკვაძემ [ოზურგეთის მერი] ერთ წელიწადში ორჯერ მოიმატა ხელფასი და 5 500 ლარი გაუხდა და 25 ლარიანი დახმარება დაუმტკიცეს სოციალურად დაუცველებს, ვისაც 4 შვილი ჰყავთ“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობრივ პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით იყო დარეგულირებული. დადგენილების მიხედვით, ოზურგეთის მერის თანამდებობრივი სარგო 3 000 ლარით განისაზღვრა, მისი პირველი მოადგილის - 2 600 ლარით, მოადგილეების (ორი მოადგილე) კი - 2 400 ლარით.

2022 წლის აპრილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ახალი ნუსხა დადგინდა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მერის თანამდებობრივმა სარგომ 4 950 ლარი, პირველი მოადგილის - 3 850, მოადგილეების თანამდებობრივმა სარგომ კი 3 520 ლარი შეადგინა. ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა.

როგორც ვხედავთ, განხილული ცვლილებით მერის ხელფასი 65%-ით, პირველი მოადგილის - 48%-ით, მოადგილეების - 47%-ით გაიზარდა. თანამდებობრივი სარგოების აღნიშნული ზრდა იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც მერიაში დასაქმებულ ყველა სხვა საჯარო მოხელეს ხელფასები 10%-ით გაეზარდა (ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ).

მიმდინარე წელს, მერიის თანამდებობრივ პირთა სახელფასო ნუსხა კიდევ ერთხელ შეიცვალა და მასში საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა აისახა. შესაბამისად, ამ ცვლილების შემდეგ ოზურგეთის მერის ხელფასმა უკვე 5 440 ლარი შეადგინა, პირველი მოადგილის ხელფასი - 4 230 ლარამდე, მეორე მოადგილეების კი 3 870 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის მიხედვით (მუხლი 8. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე არიან რეგისტრირებულნი, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა. ოთხსულიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას დახმარება ეხსნება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები საარსებო შემწეობას და ბავშვზე ფულად დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ. ოზურგეთის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა არის დამატებითი შემწეობა.

განხილული მასალის მიხედვით, ოზურგეთის მერის თანამდებობრივი სარგო გასული წლის 1 ივნისიდან გაიზარდა და 4 950 ლარი გახდა. მეორე ზრდა უკვე მიმდინარე წელს განხორციელდა და მერის ხელფასმა უკვე 5 450 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ოზურგეთის მერს 6 თვიან პერიოდში ხელფასი მართლაც ორჯერ გაეზარდა, თუმცა არა ერთი და იმავე წლის ფარგლებში. ლევან ხაბეიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახების დახმარებას, ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით ოთხ და მეტსულიან ოჯახებს 25 ლარის ოდენობის დახმარება მართლაც დაენიშნათ, ოღონდ თითოეულ ბავშვზე და არა მთლიანად ოჯახს, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. სოციალურად დაუცველი 4-შვილიანი ოჯახის თვიური დახმარება ჯამში 100 ლარი იქნება. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფულად შემწეობას და ბავშვზე დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ისედაც იღებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა ასეთი ოჯახებისთვის დამატებითი დახმარებაა. აქედან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი