ბადრი ჯაფარიძე: ცივილიზებული სამყარო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეს, აღიარებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნის მაგალითს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე, ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც, არაერთხელ მოექცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის - აშშ-ისა და ევროკავშირის, ყურადღების ცენტრში. საქმე, როგორც პოლიტიკურად სენსიტიური და მნიშვნელოვანი, ქვეყნის პარტნიორების არაერთ ანგარიშშიც მოხვდა.

განსაკუთრებით მწვავე შეფასებები, ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე, მას შემდეგ მოვისმინეთ, რაც სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ევროპარლამენტის მიერ გასული წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე და ამ გადაწყვეტილების გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა. შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართა. ამავე დღეს პარტია „ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა : „მე მინდა ვისაუბრო არა მოლოდინზე, არამედ ამ ოთხწლიან ისტორიაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას, მის რეპუტაციასა და ჩვენს სასამართლოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ოთხწლიან საქმეს, რომელშიც ჩვენც გვდევნიან, აღიარებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნის მაგალითს. ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ჩვენი დევნის შესახებ ორჯერ აღნიშნა, ასევე, მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაც“.

„ფაქტ-მეტრმა“ ბადრი ჯაფარიძის განცხადება გადაამოწმა.

გასული წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაზეც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას 3 წლის განმავლობაში ედავებოდნენ, არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეფარდებული სასჯელისა, მისი მოხდისგან სასამართლომ სამივე პირი გაათავისუფლა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. კანონმდებლობის თანახმად, ისინი არც ნასამართლევად ჩაითვლებიან.

დღეს, 26 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. კოლეგიამ არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ადვოკატები - გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქმე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე აღიძრა, ხოლო პროკურატურამ გამოძიების დაწყების ფაქტი პირველად მხოლოდ 2019 წლის 9 იანვარს დაადასტურა. საქმე 2008 წლის საბანკო ტრანზაქციებს ეხებოდა, რომლებიც „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენამდე 11 წლით ადრე მოხდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე).

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე, რიგი საეჭვო გარემოებების გამო, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

ჯერ კიდევ 2019 წლის 22 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა როს უილსონმაგანაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას ანაკლიის პროექტზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს.

მალევე, საქმეს საქართველოში საფრანგეთის იმჟამინდელი ელჩი პასკალ მენიეც გამოეხმაურა, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს უცნაური უწოდა დააღნიშნა, რომ ეს მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს, 2019 წლის 25 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომგანაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ამ ფაქტს, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და შეშფოთებას გამოხატა ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებაზე.

2020 წლის 21 იანვარს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენისგან წერილიმიიღო, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო. გარდა ამისა, ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინსწერილითმიმართეს. წერილში ეწერა რომ 2019 წელს ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემებს წააწყდა, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია და, რომ ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.

გასული წლის 15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დეპუტატს პარლამენტმა მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლით შეუწყვიტა.

აღნიშნულ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა ჰარკერ ჰარისმა. მისი შეფასებით, პარლამენტმა ლელოს წევრის, ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, რამაც წარმოშვა კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნები და პარლამენტი დაასუსტა.

„ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჰარისმა.

აღსანიშნავია რომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის როგორც 2020, ისე 2021 წლის ანგარიშებში, კერძოდ, დოკუმენტის იმ სექციაში, რომელიც ხელისუფლების გამჭვირვალობის ნაკლებობას ეხება.

ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც მოხვდა. ერთ-ერთი ასეთი რეზოლუცია, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა გასული წლის 9 ივნისს მიიღო.

მასში აღნიშნულია, რომ „სასამართლო საქმეები აღძრული იყო სხვა მსხვილი კრიტიკული მედიასაშუალებების მესაკუთრეების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“, მათ შორის, 2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ და პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი, ვახტანგ წერეთლის მამა, დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მათი განაჩენი შემსუბუქდა, ვინაიდან თაღლითობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს მედიის თანამშრომლებისა და მესაკუთრეების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მზარდ რაოდენობას. იქვე ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან და მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების გაგრძელებისგან;

კიდევ ერთი რეზოლუცია (საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ) სადაც ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე მოხვდა, ევროპარლამენტმა გასული წლის 14 დეკემბერს მიიღო.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე და ამ გადაწყვეტილების გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით პოლიტიზებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა.

ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე, როგორც პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმე, მოხვდა ევროკომისიის ანგარიშშიც, რომელიც გასული წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა და საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე, ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც, არაერთხელ მოექცა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ყურადღების ცენტრში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებით მწვავე შეფასებები მოვისმინეთ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ გასული წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ წერია რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე და ამ გადაწყვეტილების გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა. შესაბამისად, სტატიაში განხილული ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი