კახა კალაძე: მეგობრებო, ლიფტები არის თქვენი საკუთრება [ამხანაგობების] და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტების გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მისი მესაკუთრეა, თბილისის კორპუსების შემთხვევაში - კორპუსის „ამხანაგობები“. „ამხანაგობები“ ასევე ვალდებულნი არიან, სამ წელიწადში ერთხელ ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ.

ასევე, როგორც ქვემოთ განვიხილეთ, მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში, ამხანაგობების მხრიდან მიმართვიანობის შემთხვევაში, ლიფტების რეაბილიტაციის თანადაფინანსება ხორციელდება. ამ მიზნით, ყოველწლიურად 7-9 მლნ ლარამდე იხარჯება და წლიურად 60-მდე ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება.

არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით (ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და აღნიშნული ამ მიმართულებით მერიის მუშაობის ხარვეზს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის) თბილისში დაახლოებით 13-14 000 ლიფტი ფუნქციონირებს, რომელთა დიდი ნაწილი ძველ კორპუსებშია დამონტაჟებული და შესაბამისად, მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მერიის პროგრამის ფარგლებში წლიურად რეაბილიტირებული ლიფტების რაოდენობიდან გამომდინარე, მოძველებული ლიფტების პრობლემა თბილისს კიდევ კარგა ხანს ექნება, თანაც ლიფტი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია და მისმა გაუმართავმა მუშაობამ შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს, რაც მოხდა კიდეც (წარსულშიც არაერთხელ). ამ ფონზე, დედაქალაქის მერის განცხადება, რომ დედაქალაქის მთავრობა, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ არის და ამის დასტურად კანონის დამოწმება, სწორედაც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სამართლებრივად, დიახაც მერია არ არის პასუხისმგებელი ლიფტების უსაფრთხოებაზე, მაგრამ მერია და მერი არის მოქალაქეების მიერ დაქირავებული ორგანო და მოხელე, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედაც დედაქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს და ინფრასტრუქტურის შექმნა უნდა იყოს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის განცხადება ბუკვალურად სიმართლეა, აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მერის განცხადებას სიმართლედ არ აფასებს და მას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, ვარკეთილში ლიფტის შახტში მამაკაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაიცვალა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ამ ფაქტის გამო თბილისის მერმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა: „მეგობრებო, ლიფტები არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრამები, რომელიც გამოხატავს თანადგომას, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები და პრიორიტეტები თქვენ თვითონ განსაზღვროთ“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ვინ ეკუთვნის დედაქალაქის ლიფტები და მის ტექნიკურ გამართულობაზე ვინ არის პასუხისმგებელი.

თბილისში ლიფტების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში 13-14 000 ლიფტია. ლიფტების მფლობელები კორპუსის მაცხოვრებლები -„ამხანაგობები“, არიან. ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ლიფტის მფლობელი ვალდებულია, მის განკარგულებაში მყოფ ლიფტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე შეაფასოს და ამ შეფასების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები გაატაროს. ასევე მფლობელმა უნდა უზრუნველყოს: ლიფტის მომსახურება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ, ავარიულ შემთხვევაში, ლიფტში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება, ლიფტის გამოყენების ინსტრუქციის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა.

კანონმდებლობის მიხედვით (პროდუქციის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი), ლიფტის მფლობელმა ლიფტის ტექნიკური ინსპექტირება სამ წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს. ინსპექტირების ჩაუტარებლობა პირველ ჯერზე მფლობელის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა უკვე 1000 ლარით არის განსაზღვრული (მუხლი 35). ლიფტის მფლობელის დაჯარიმების საფუძველია ასევე ლიფტის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რა დროსაც ჯარიმის ოდენობა 50 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს (შეუსაბამობის ხარისხის მიხედვით, მუხლი 29).

შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტების უსაფრთხოებაზე და ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი მისი მფლობელია, კორპუსების შემთხვევაში - კორპუსის ამხანაგობები.

როგორც ვიცით, თბილისში არსებული კორპუსების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში არის აშენებული. შესაბამისად, ამავე პერიოდისაა ლიფტების უმრავლესობაც. აქედან გამომდინარე, თბილისის ძველ კორპუსებში არსებული ლიფტების დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ლიფტების დიაგნოსტირება და რეაბილიტაციაც კორპუსის ამხანაგობებმა უნდა განახორციელონ.

კახა კალაძემ განცხადებაში ხაზი იმასაც გაუსვა, რომ თბილისის მერიაში ამხანაგობების თანამდგომი პროგრამები მოქმედებს, რომელიც თანადაფინანსებით, კორპუსებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს, მათ შორის - ლიფტების რეაბილიტაციასაც.

თბილისის მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც მოქმედებს (05.01). აღნიშნული პროგრამის მიზანი ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებაა, რაც ლიფტების რეაბილიტაციის თანადაფინანსებასაც ითვალისწინებს. გასულ წელს თბილისის მერიას აღნიშნული პროგრამისთვის 40 მლნ ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. თბილისის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ფაქტობრივი ხარჯი 15 მლნ ლარი იყო, რაც გეგმის 99.2%-ია. ათვისებული თანხიდან 8.4 მლნ - 28.8%, უშუალოდ ლიფტების შეკეთებას მოხმარდა. ანგარიშისვე მიხედვით, გასული წლის 9 თვეში ამ პროგრამის ფარგლებში 315 ლიფტი შემოწმდა და 14 ობიექტი იქნა აღდგენილი.

2021 წელს იმავე პროგრამის ფაქტობრივმა ხარჯმა 39.5 მლნ შეადგინა (გეგმის 98.9%), საიდანაც უშუალოდ ლიფტების შეკეთებას 9.7 მლნ ლარი - მთლიანი ხარჯის 24.6%, მოხმარდა. პროგრამის ფარგლებში 372 ლიფტი შემოწმდა და 57 აღდგა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისში დაახლოებით 13-14 000 ლიფტია, რომელთა დიდი უმრავლესობა მოძველებულია (ლიფტების რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის ზუსტი სტატისტიკა რომ არ არ არსებობს, ეს პრობლემის სერიოზულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და ამ მიმართულებით მერიის მუშაობის ხარვეზს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის.) და რეაბილიტაციას საჭიროებს. მერიის პროგრამის ფარგლებში, განხილულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძველებული ლიფტების რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, არაერთი წელი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუმართავი ლიფტების პრობლემა დედაქალაქს კიდევ კარგა ხანს ექნება. ამ ფონზე, დედაქალაქის მერის განცხადება, რომ დედაქალაქის მთავრობა, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ არის და ამის დასტურად კანონის დამოწმება, სწორედაც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სამართლებრივად, დიახაც მერია არ არის პასუხისმგებელი ლიფტების უსაფრთხოებაზე (რაც კანონმდებლობის ხარვეზადაც შეიძლება ჩაითვალოს), მაგრამ მერია და მერი არის მოქალაქეების მიერ დაქირავებული ორგანო და მოხელე, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედაც დედაქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს და ინფრასტრუქტურის შექმნა უნდა იყოს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის განცხადება ბუკვალურად სიმართლეა, აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მერის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი