სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ, რომელსაც უკრაინის ომზე დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა გაავრცელა. გავრცელებული პოსტის მიხედვით, ზელენსკიმ განაცხადა: „მილიონჯერ ვთქვი, რომ თქვენი ტანკების გარეშე, ცის დაკეტვის გარეშე, ATACMS სისტემების გარეშე, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ სოლედარს. როგორც აშშ-ს კონგრესში, ასევე ნატოს წარმომადგენლებთან პირად შეხვედრებზე მე ვიმეორებდი ერთიდაიგივეს. მაგრამ თქვენ მხოლოდ იღიმებოდით, თავს აქნევდით და ტაშს უკრავდით. თქვენ ჩაძირული ხართ საკუთარ ბიუროკრატიაში, ან იქნებ უბრალოდ გეშინიათ პუტინის. თქვენ - მშიშრები ხართ და თქვენს კისერზეა სოლედარის დამცველთა სისხლი“.

მსგავსი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის არც ერთ ოფიციალურ გვერდზე თუ სანდო საინფორმაციო წყაროებში არ იძებნება. მსგავსი სიტყვებით, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება მხოლოდ რუსულენოვან პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხებსა და Vkontakte-ზე იძებნება.

რუსულმა პროპაგანდისტულმა წყაროებმა, პრეზიდენტ ზელენსკის გაყალბებული ციტატა 13 იანვარს გაავრცელეს, მაშინ როდესაც, ხანგრძლივი და სისხლიანი საბრძოლო შეტაკებების შედეგად რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დაიკავეს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოლედართან დაკავშირებით ბოლო განცხადება 12 იანვარს გაავრცელა, სადაც მან თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქალაქი სოლედარი რჩება საბრძოლო ფრონტის ყველაზე კრიტიკულ მიმართულებად და უკრაინის არმია ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებთან შეიარაღების მოწოდებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

13 იანვრის მიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დროის უმეტესი ნაწილი დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების საკითხს დაუთმო, სადაც უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პარტიების გადაცემის შესაძლებლობასა და ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შესაბამისად, Facebook-ზე ქართულ ენაზე გავრცელებული ზელენსკის ციტატა, ისევე როგორც რუსულენოვანი პროპაგანდისტული წყაროების მიერ, რუსულ ენაზე გავრცელებული მსგავსი ინფორმაცია, ფაბრიკაციას წარმოადგენს და უკრაინის პრეზიდენტის და მისი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი