ლაშა ხუციშვილი: ქვეყანაში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მეორე წელია, რაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმაც პანდემიამდელ პერიოდს 7-8%-ით გადააჭარბა.

2021 წელს ეკონომიკა 10.5%-ით, ხოლო 2022 წელს 10.1%-ით გაიზარდა, თუმცა პირველ შემთხვევაში, ზრდის ტემპში გადამწყვეტი როლი საბაზისო ეფექტმა ითამაშა - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. ექსპორტი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 31.8%-ით - 5.593 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 3.517 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება. რიცხვებში გამოხატული ფინანსთა მინისტრის განცხადება სიმართლეა, თუმცა მას შედეგებისგან განსხვავებით, აღნიშნულის მიზეზებზე არ უსაუბრია. მინისტრს არც 2020-ის ეკონომიკური ვარდნა უხსენებია და არც 2022 წლის ფულადი ტრანსფერების რეკორდული ზრდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემების კომენტირებისას განაცხადა: „უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აღნიშნულ ზრდაში, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა იყო, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს დაახლოებით, 7-8%-ით“.

2020 წელს, პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. მსგავსი ვარდნა 1994 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მათ შორის - არც 2009 წელს. რეცესია 2020 წლის მეორე კვარტალში დაიწყო და 2021 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გაგრძელდა. 2021 წლის მეორე კვარტლიდან რეგულაციები მკვეთრად შემსუბუქდა, ეკონომიკური საქმიანობები კვლავ დასაშვები გახდა, გაიხსნა საზღვრები. გაჩერებული ეკონომიკის ამუშავება სტატისტიკასაც დაეტყო და მშპ-ის ზრდის ტემპმა 10.5%-ს მიაღწია. 2020-ის ვარდნის მსგავსად, საქართველო გამონაკლისი არც 2021-ში ყოფილა, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა 1973 წლის შემდეგ5.9%-ით პირველად გაიზარდა. ევროპიდან მოლდოვამ, ირლანდიამ, ხორვატიამ, მონტენეგრომ და თურქეთმა საქართველოზე მაღალი ზრდა აჩვენა, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოში ზრდის ტემპი მაინც უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფოთა უმრავლესობაში.

2021 წლისგან განსხვავებით, უფრო მოულოდნელი 2022-ის ზრდა აღმოჩნდა. 24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ყოფილა. ქვეყანა საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგიის 89%- თავად აწარმოებდა, ბუნებრივი გაზის 92%-ზე მეტს კი აზერბაიჯანიდან ყიდულობდა. ამ გარემოებამ რუსეთისგან ენერგოშანტაჟი შეუძლებელი გახადა. გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს, მაგრამ არც უერთდება მათ, რის გამოც ქვეყანამ რუსეთთან ვაჭრობა 2022 წელს თითქმის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. რუსეთის მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლითაც ისარგებლეს. 2022 წელს საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 173%-ით, რუსი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი 410%-ით გაიზარდა. რეკორდულად, 403%-ით გაიზარდა რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაც.

1-ლი თებერვლის მდგომარეობით, 2022-ის სტატისტიკა ყველა ქვეყანას არ გამოუქვეყნებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ გლობალური ზრდა 2021-თან შედარებით ბევრად დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ზრდის ტემპით უფრო მოწინავე ადგილას აღმოჩნდება. მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, 2022 წელს გლობალური ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა, მაგრამ საქართველოსთან შედარებით, კიდევ უფრო მაღალი, 10.8%-იანი ზრდა სომხეთს ჰქონდა.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020-2022 წლებში მშპ-ის ზრდის ტემპი წლიურად 5% რომ ყოფილიყო, რეალური ეკონომიკა - 2019 წელთან შედარებით, 15.8%-ით გაიზრდებოდა. ახლა მატება 13.4%-ია. საბაზისო მდგომარეობამდე დასაწევად, ზედიზედ ორჯერ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა სხვაობა 2022 წელს მინიმუმამდე შემცირდა.

მინისტრი განცხადებაში ყურადღებას ექსპორტზეც ამახვილებს. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი მკვეთრად, 31.8%-ით - 5.593 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამ ნაწილში ლაშა ხუციშვილის განცხადება სრულიად სიმართლეა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მშპ-ს დაანგარიშებისას წმინდა ექსპორტი (ექსპორტს მინუს იმპორტი) გამოიყენება და არა ცალკე აღებული ექსპორტი, რაზეც მინისტრს არ უსაუბრია. იმავე 2022 წელს იმპორტი 33.2%-ით - 13.450 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5.857 მლრდ დოლარი, ხოლო 2022 წელს 7.857 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის ზრდის მიუხედავად, ექსპორტის ზრდა, მშპ-ს ფორმირებაში ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად აისახება. 2022 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თითქმის 700 მლნ დოლარით - 1.6 მლრდ-მდე გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში, 450 მლნ-ით - 900 მლნ-მდე გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც.

ლაშა ხუციშვილის განცხადება ტურიზმის ნაწილშიც სიმართლეს შეესაბამება. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 61%-ით აღდგა (2019 წელს შედგა 7.726 მლნ ვიზიტი, 2022 წელს 4.704 მლნ ვიზიტი), საერთაშორისო მოგზაურობიდან (საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტით 42%-ით - 9.358 მლნ-დან 5.427 მლნ-მდეა, შემცირებული) შემოსავალმა იმავე 2019 წლის მაჩვენებელს 7.6%-ით გადააჭარბა და 3.517 მლრდ დოლარს მიაღწია (ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვიზიტორთა რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურო დეპარტამენტის, ხოლო შემოსავლების რაოდენობა, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით აქვს მითითებული). ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსულმა თითოეულმა ადამიანმა, იქნება ეს საერთაშორისო მოგზაური, ვიზიტორი თუ ტურისტი, უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 2019 წელს. საშუალოდ, თუ ერთი საერთაშორისო მოგზაური 2019 წელს საქართველოში 349 დოლარს ხარჯავდა, 2022 წელს ეს მონაცემი 86%-ით - 648 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი ზრდა კი თავის მხრივ, ორი ძირითადი მიზეზით აიხსნება: 1) მაღალი ინფლაცია — 2022 წელს 2019 წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 29%-ით იყო გაზრდილი; 2) საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობა, ერთი ვიზიტორი უფრო მეტი დღით დარჩა საქართველოში, ვიდრე 2019 წელს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.7%-ით - 2.689 მლრდ ლარიდან 3.088 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მთლიანობაში, რიცხვებში გამოხატული ფინანსთა მინისტრის განცხადება, სამივე ნაწილში სიმართლეა - ეკონომიკა მართლაც ზედიზედ ორჯერ, ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა; ექსპორტის ზრდის ტემპმა 30%-ს გადააჭარბა და ტურიზმიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, ვიდრე 2019 წელს. შედეგებისგან განსხვავებით, მინისტრს მიზეზებზე არ უსაუბრია, მას არც 2020-ის ეკონომიკური ვარდნა უხსენებია და არც 2022 წლის ფულადი ტრანსფერების რეკორდული ზრდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5317 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი