თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვახორციელებთ „ოცნების ქალაქის“ [პირველი ეტაპის] მშენებლობას, 580 ოჯახი ძალიან მალე მიიღებს ახალ საცხოვრისს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, სამი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. ე. წ. ოცნების ქალაქში უნებართვოდ 2 000 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. აქედან, პირველ ეტაპზე, ახალ ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ახორციელებს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან 38 745 999-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, მოგვიანებით კი პროექტის ფასი გაიზარდა და 39 115 034 ლარი გახდა. თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტი 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში დასრულდებოდა. მშენებლობის პროცესში ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა, ჯერ - 2021 წლის 25 ოქტომბრის, შემდეგ - 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ბოლო ცვლილებით, მიმწოდებელს ვადა ერთი წლით გაუგრძელდა და სამუშაოები 2022 წლის 8 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა. ამ ეტაპზე (2023 წლის იანვრის ბოლოს) დასრულებულია მხოლოდ ერთი კორპუსი, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ორი კორპუსი კი კვლავ მშენებლობის პროცესშია. შემსრულებელმა, 2022 წლის დეკემბერში, კომპანია სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. მოცემული მდგომარეობით, კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 76% ანუ 29 688 227 ლარი.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 20 იანვარს გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდება, თუმცა ის მშენებლობის დასრულების ზუსტ დროს არ ასახელებს. ამიტომ რა დრო დასჭირდება მშენებლობის „დასკვნითი ეტაპის“ დასრულებას, უცნობია. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე მშენებლობის პირველ ეტაპს ეხება. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული 582 ოჯახი უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.

აქედან გამომდინარე, თორნიკე რიჟვაძის განცხადება, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი მალე დასრულდება, სიმართლეა, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე არ ახსენებს, რომ პროექტი არაერთხელ გახანგრძლივდა და კომპანიამ გეგმა-გრაფიკი დაარღვია. ამის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას მეტწილად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი:

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვახორციელებთ „ოცნების ქალაქის“ [პირველი ეტაპის] მშენებლობას, 580 ოჯახი ძალიან მალე მიიღებს ახალ საცხოვრისს.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, პირველი ქოხები 2012 წლიდან გაჩნდა. საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილს, ძირითადად, სტიქიით დაზარალებული ოჯახები ეძებდნენ. დასახლებას, თავდაპირველად, „მუყაოს ქალაქი“ შეარქვეს. დროთა განმავლობაში, ოჯახების ნაწილმა მუყაოსა და ხის ქოხები ქვის სახლებით ჩაანაცვლა. დასახლება თანდათან გაიზარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და „ოცნების ქალაქად“ იწოდება.

ჩვენ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულთა პრობლემებს პირველად 2016 წელს შევეხეთ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). იმ დროს უკვე არსებობდა დაპირება, რომ უნებართვოდ ჩასახლებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხს ხელისუფლება მალე მოაგვარებდა.

2020 წლის წლის თებერვალში მოსახლეობას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდნენ. სწორედ იმ შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას მშენებლობის დაწყება მიულოცა. მან გარკვევით და კატეგორიულად განაცხადა, რომ წელიწადსა და ექვს თვეში 582 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ „ფაქტ-მეტრი“ მუდმივად ყურადღებით აკვირდება პროცესებს და არაერთი სტატია გამოაქვეყნა კიდეც (იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4).

შპს „დაგს“ რომელმაც ტენდერში ორი კონკურენტი დაბალი ფასით დაამარცხა, სამუშაოები 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დაესრულებინა. ამის შემდეგ ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა. ერთ-ერთ მიზეზად აჭარის მთავრობა პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებდა. კომპანიამ სამუშაოები ვერც გახანგრძლივებულ ვადაში ჩააბარა. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ პროექტის განსახორციელებლად 38 745 999 ლარი საკმარისი არ იყო („დაგის“ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების გაძვირება არაერთხელ დაფიქსირდა) და შემსყიდველმა ღირებულება 369 000 ლარით გაზარდა. თუმცა კონტრაქტორმა სამუშაოების დროული დასრულება ვერც ღირებულების გაზრდის შემდეგ უზრუნველყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას გაუგზავნა, ვკითხულობთ, რომ შპს „დაგმა“ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების მეოთხე ეტაპი დაგვიანებით (არასრულად) შეასრულა და 2022 წლის 9 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, 309 463 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო ეკისრება. აღნიშნული წერილი 2022 წლის 29 დეკემბრით თარიღდება. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის 16 დეკემბერს მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ორი კორპუსი იქნებოდა დასრულებული, მესამე კი უახლოეს მომავალში დასრულდებოდა. ეს ნიშნავს, რომ განცხადების გაკეთების მომენტში, წერილის გაგზავნამდე ცამეტი დღით ადრე, მინისტრს უნდა სცოდნოდა, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩებოდა და ორი კორპუსის მშენებლობას წლის ბოლომდე ვერ დაასრულებდა.

არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 29 688 227 ლარს შეადგენს, რაც სახელშეკრულებო ღირებულების 76%-ია. ბოლო გადახდა 2022 წლის 29 დეკემბერს განხორციელდა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2023 წლის 20 იანვარს მედიასთან თქვა, რომ სამი მშენებარე კორპუსიდან, ერთში შიდასარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ორის მშენებლობა რამდენიმე თვეში დამთავრდება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დაწყების პარალელურად, სამთავრობო კომისამ, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიოდნენ, დაიწყო მუშაობა კრიტერიუმებზეც, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული ოჯახები ახალ საცხოვრებელს მიიღებენ. იმ დღიდან მოყოლებული, მოსახლეობამ არაერთი დაპირება მოისმინა, რომ 582 ოჯახზე გათვლილი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა ძალიან მალე დასრულდებოდა. თუმცა მუშაობა მხოლოდ კომისიამ დაასრულა, რომელმაც კრიტერიუმების ჩამონათვალი განსაზღვრა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები პროგრამის ბენეფიციარები მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდებიან. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ახალ საცხოვრებელს 2022 წლის ბოლოს მაინც მიიღებდნენ, თუმცა 2023 წელს კვლავ ძველ, უსახურ და სახიფათო ქოხებში შეხვდნენ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ზემოთ ნახსენებ კომენტარში, აღნიშნა, რომ თუ ოჯახები კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ მშვიდად იყონ, რადგან ბინა ყველა მათგანს გადაეცემა. უსაფრთხო საცხოვრებლის მომლოდინეებმა არ იციან, როდის შესრულდება დაპირება. ისინი დროდადრო აქციებს მართავენ. პრობლემა ისაა, რომ „ოცნების ქალაქში“ ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის საკმარისი ბინების მშენებლობა უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება პროგრამის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სკოლისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე აშენდება სახლები ტერიტორიაზე ჩასახლებული დანარჩენი ოჯახებისთვის.

რეგიონის მთავრობის განცხადებით, მომდევნო ეტაპის გეგმა უკვე მოწონებულია და ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია. ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილი ჯერაც გაურკვეველ ვითარებაშია, მათ ზუსტად არ იციან, როდის მიიღებენ ახალ საცხოვრებელს, ან მიიღებენ, თუ - არა საერთოდ. ამ ხნის განმავლობაში კი, მოუწესრიგებელი ელექტროხაზების მიზეზით (სავარაუდოდ), არაერთი ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ოჯახს სახლი (ქოხი) დაეწვა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5311 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი