დავით უსუფაშვილი: თქვენ მიერვე შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესოდ მიჩნეული კანდიდატები თქვენვე დაიწუნეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით უსუფაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სახალხო დამცველის არჩევის ახალი, დროებითი წესი, მმართველი გუნდის ინიციატივით, პარლამენტმა გასული წლის 9 სექტემბერს მიიღო. ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებდა როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე სახალხო დამცველი. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.

არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფისგან საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს, ერთ-ერთმა მათგანმა, ანა აბაშიძემ - უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ, ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი არ ყოფილა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესოდ მიჩნეული კანდიდატების მხარდაჭერაზე ამბობს უარს. შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით სიმართლე არის ის, რომ თქვენ მიერვე შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესოდ მიჩნეული კანდიდატები თქვენვე დაიწუნეთ - მოდი, ამაზე ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა არ გვინდა!“,- ამ განცხადებით 8 თებერვალს პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა.

„ფაქტ-მეტრმა“ უსუფაშვილის განცხადება გადაამოწმა.

ევროკომისიის მიერ გასული წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

გასული წლის 9 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის [1] დროებით წესს შეეხება. ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის - ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

მიღებული კანონპროექტის თანახმად:

· პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის 9 წევრის შემადგენლობით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის - აკადემიური და პროფესიული წრეების, ჩართულობა. ჯგუფის წევრები შეაფასებენ და პარლამენტს წარუდგენენ კანდიდატებს განსახილველად.

· ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო პარტიებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.

· პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე სამუშაო ჯგუფის წევრები კანდიდატურებს შეაფასებენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

· პარლამენტი მას შემდეგ დაიწყებს კანდიდატების განხილვას, რაც, სულ ცოტა, 7 კანდიდატი იქნება წარდგენილი განსახილველად.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა და მიიჩნევდა, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები დამტკიცებამდე სახალხო დამცველის აპარატმა გააკრიტიკა და თქვა, რომ „სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო“.

გასული წლის 27 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს „მდიდარი NGO-ების კლანი” უწოდა და თქვა, რომ მათ „სრულიად დახურულ რეჟიმში,” კლანის პრინციპებით შეარჩიეს კანდიდატები.

28 სექტემბერს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის სამუშაო ჯგუფი/საკონკურსო კომისია შეიქმნა, რომელსაც დაევალა სახალხო დამცველობის პოტენციურ კანდიდატთა შეფასება, იდენტიფიცირებული კრიტერიუმების შესაბამისად მხოლოდ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე. მანამდე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფში ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ვერ შევიდა. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისინი საჯაროდ დაბლოკა „რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით. ამ გადაწყვეტილების გამო კონსულტაციებს გამოეთიშა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.

30 სექტემბერს სახალხო დამცველის კანდიდატების 19-კაციანი სია გამოქვეყნდა.

14 ოქტომბერს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თითოეული კანდიდატი 9-კაციანმა ჯგუფმა ოთხი კრიტერიუმით შეაფასა 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე. უმაღლესი შეფასება არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ მიიღო.

21 ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები დაასახელეს. მათმა დიდმა ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი მმართველ პარტიას არ წარუდგენია.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარი ოპოზიციის დიდი ნაწილმაც დაუჭირა. ეს კანდიდატები არიან:

· ანა აბაშიძე,

· ნაზი ჯანეზაშვილი,

· გიორგი ბურჯანაძე.

„ქართულმა ოცნებამთავდაპირველად განაცხადა, რომ მზად იყო, ემსჯელა სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი არ ყოფილა. კერძოდ:

· ლელა გაფრინდაშვილი,

· თინათინ ერქვანია,

· ნუგზარ კოხრეიძე,

· გიორგი მარიამიძე,

· ქეთევან ჩაჩავა.

საკითხზე მხარეებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა, შედეგად, 22 დეკემბერს პარლამენტში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხერხდა. სხდომაზე ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა საჭირო 90 ხმა ვერცერთმა ვერ მოაგროვა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე მიუკერძოებლობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. მდინარაძის თანაგუნდელმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერაზე უარის მიზეზად მათ „უკან მდგომი მილიონი ამომრჩეველი“ დაასახელა, რომელთათვისაც, მისივე თქმით, „ეს ტიპაჟები – [ანა] აბაშიძე, [გიორგი] ბურჯანაძე, [ნაზი] ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი“.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წარმომადგენლები ომბუდსმენის ვერ არჩევაზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

დასკვნა

როგორც აღვნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს თავიდანვე შესთავაზეს 3 კანდიდატი, რომლებსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. კანდიდატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფისგან საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. კერძოდ, პირველ ოთხეულში არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სამივე კანდიდატი მოხვდა [2]. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ, ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი არ ყოფილა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესოდ მიჩნეული კანდიდატების მხარდაჭერაზე ამბობს უარს. შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განცხადება არის სიმართლე.

[1] ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.

[2] გიორგი ბურჯანაძე ქულათა რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნაცვლად კომისიის 9 წევრისა, მას შეფასება მხოლოდ 8 წევრმა დაუწერა. სხვაობა კი მესამე ადგილზე გასულ ნუგზარ კოხრეიძესთან მხოლოდ 6 ქულას შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც გიორგი ბურჯანაძემ მიიღო, ამ რიცხვს აღემატება, კომისიის სრული შემადგენლობის მიერ შეფასების შემთხვევაში, „ქართული ოცნების მიერ შექმნილი კრიტერიუმებით პირველ სამ ადგილს არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული სამეული დაიკავებდა, სწორედ მათ წარდგენაზე თქვა "ქართულმა ოცნებამ" უარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია