გიორგი ვაშაძის შეფასებით, ასაკობრივი პენსია სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად არ გაზრდილა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მტკიცებით, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად მინიმალური პენსიაც 3-ჯერ უნდა გაზრდილიყო, თუმცა პენსია ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად არ გაზრდილა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე პერიოდში, ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა. დღეს პენსიის მოცულობა 295-365 ლარია (მაღალმთიან დასახლებებში +20%).

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე 3,379,200.0 ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების (21,880,117.1 მლნ ლარი) 15.5%-ს შეადგენს. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა [გადასახდელები] 2.8-ჯერ არის გაზრდილი, ამავე პერიოდში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები თითქმის 3.2-ჯერ გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული ხარჯების წილი კი 13.7%-დან 15.5%-მდე გაიზარდა.

გიორგი ვაშაძე ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობა მზარდია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო დანახარჯს ზრდის. 2012 წლის შემდეგ, პენსიონერთა რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 19%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, 2012 წლის სექტემბერთან შედარებით, ერთ თვის განმავლობაში პენსიაზე გადარიცხული თანხის მოცულობა დაახლოებით 3.2-ჯერ არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებაში გაჟღერებული რიცხვები მეტნაკლებად სწორია, მისი მტკიცება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს პენსია ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად არ გაზრდილა, არის მცდარი.

ანალიზი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „8 მლრდ ლარი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, როცა პენსია 130-140 ლარი იყო. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არის 24 მლრდ ლარი... რომ გავამრავლოთ 3-ზე, 450-დან 500 ლარამდე უნდა იყოს ახლა პენსია, უბრალოდ, პროპორციულად რომ გადავანაწილოთ“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, გაიზარდა, თუ - არა საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობა მზარდია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებს ზრდის. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის სექტემბერში ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 680,465 იყო, საპენსიო დანახარჯმა ერთ თვეში დაახლოებით 83.2 მლნ ლარი შეადგინა. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 809,798-ია, ერთი თვეში პენსიაზე გაცემული თანხის მოცულობამ 270.5 მლნ ლარს შეადგინა. შესაბამისად, ამ პერიოდში პენსიონერთა რაოდენობა 129,333 ადამიანით, ანუ 19%-ით, გაიზარდა. ერთ თვის განმავლობაში პენსიაზე გადარიცხული თანხის მოცულობა კი 3.2-ჯერ არის გაზრდილი.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე პერიოდში, ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი).

დღეს პენსიის მოცულობა დიფერენცირებულია ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. 2023 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 295 ლარს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 365 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები საპენსიო დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით იღებენ. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერის პენსია 354 ლარს, 70 და მეტი ასაკის მოსახლეობისთვის კი 438 ლარს შეადგენს.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯი 1,068,393.9 ლარი იყო, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების (7,806,801.8 მლნ ლარი) 13.7%-ს შეადგენდა. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 3,379,200.0 ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების (21,880,117.1 მლნ ლარი) 15.5%-ს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული ხარჯების წილი გაიზარდა. 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა [გადასახდელები] 2.8-ჯერ არის გაზრდილი, ამავე პერიოდში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები თითქმის 3.2-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს პენსია ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად არ გაზრდილა, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი