გიორგი ბარამიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 70%-დან 5%-მდე შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბარამიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: ჩრდილოვან ეკონომიკას ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ გააჩნია და სხვადასხვა განმარტებით ის შესაძლებელია, ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას მოიცავდეს დაწყებული კრიმინალური საქმიანობით (ნარკოვაჭრობა), დამთავრებული ბინის არაფორმალურად/არაოფიციალურად გაქირავებით. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გამოთვლისას მსგავსი აქტივობების გათვალისწინება ვერ ხდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ ნებისმიერ ქვეყანაში მოქალაქეთა ფაქტობრივი ჯამური შემოსავალი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მშპ. ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით იზომება (ჩრდილოვანი ეკონომიკის ფარდობა ოფიციალურ მშპ-სთან). თუმცა არაფორმალური აქტივობის გაზომვა და ფულად ერთეულში შეფასება რთულია. შესაბამისად, სანდო მონაცემები ამ შემთხვევაში ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მსოფლიო ბანკისეული შეფასებაც არაერთი ნაკლოვანებით ხასიათდება და მისი მოცემულობად მიღება არ შეიძლება. მაგრამ პოლიტიკოსი თავისთავად მონაცემებსაც შეცდომით ასახელებს. რეალურად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2003-2012 წლებში საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 66%-დან მხოლოდ 60%-მდე და არა 5%-მდე შემცირდა. ფაქტობრივ და დასახელებულ მონაცემებს შორის აცდენა არსებითია და სიმართლის ელემენტს მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების ტენდენციაზე მითითება წარმოადგენს. შესაბამისად, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ 27 იანვარს, TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ ამბებში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილსაც შეეხო. კერძოდ, პოლიტიკოსმა განაცხადა: „საქართველომ... 70% გვქონდა, ეს მსოფლიოს ბანკის მონაცემებია, ჩრდილოვანი ეკონომიკა და 5%-მდე შევამცირეთ.“

ჩრდილოვან ეკონომიკას, ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ გააჩნია. ის შეიძლება იყოს, როგორც არალეგალური/კრიმინალური საქმიანობა: კონტრაბანდა, ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, პროსტიტუცია... ასევე ისეთი უწყინარი ქმედებები, როგორებიცაა: ბინის გაქირავება, ხელოსნობა, ტაქსისტად ან რეპეტიტორად მუშაობა... ყველა ამ საქმიანობას ერთი რამ მაინც აერთიანებთ. არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები გადასახადებს არ იხდიან.

ჩრდილოვანი ეკონომიკის კიდევ ერთი მაგალითი ის დარეგისტრირებული საწარმოა, რომელიც შემოსავლების ნაწილს მალავს, სადაც რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა ოფიციალურად გაფორმებულთა რიცხვს აღემატება და ბიუჯეტში იმაზე ნაკლებ გადასახადს იხდის, ვიდრე უნდა გადაეხადა.

ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის გამოვლენა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, საკმაოდ რთულია და მრავალ დაშვებას ეფუძნება. მისი დათვლა ფაქტობრივად აღურიცხავის აღრიცხვის მცდელობაა, სადაც ცდომილების ალბათობა მაღალია.

ამოცანა უფრო რთულდება, როცა კვლევა მსოფლიო მასშტაბით ტარდება. ზოგიერთ ქვეყანაში მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალურია, სხვაგან არა. სახელმწიფოთა ნაწილში ალკოჰოლური სასმლის გაყიდვაც კი აკრძალულია. გარდა ამისა, ქვეყნები ერთმანეთისგან საგადასახადო ტვირთის მოცულობის, რეგულაციების რაოდენობის, კანონის აღსრულებადობისა თუ კორუფციის დონითაც განსხვავდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში, რაიმე ტიპის საქმიანობა შეიძლება საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლებული არ იყოს, მაგრამ ამავე დროს არ არსებობდეს კანონი, რომელიც მას დაბეგრავდა. შესაბამისად, ერთი და იგივე მიდგომამ შეიძლება ერთ ქვეყანაში არაფორმალური ეკონომიკის წილი მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოავლინოს, მეორეში კი - ვერა.

მსოფლიო ბანკი არაფორმალურ ეკონომიკას 12 საზომით განსაზღვრავს, რომლებიც თავის მხრივ ძირითადად დასაქმებასა და აღქმებზეა დაფუძნებული.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2003 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ს 65.8%-ს შეადგენდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. მეორე-მესამე ადგილებს - ასევე 60%-ზე მაღალი ნიშნულით, პანამა და ბოლივია ინაწილებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლოს - 2012 წელს საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 5.6 პროცენტული პუნქტით - 60.2%-მდე შემცირდა, პოზიცია კი მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა. 64.7%-ით პირველ ადგილს ზიმბაბვე იკავებდა. ბოლო მონაცემი 2018 წლით თარიღდება, სადაც საქართველო ისევ მეორე ადგილზეა, ისევ ზიმბაბვეს შემდეგ, თუმცა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 56.6%-მდეა შემცირებული. მსოფლიო ბანკის მონაცემები ნაკლებად სარწმუნოა რეალობას შეესაბამებოდეს, მიუხედავად ჩრდილოვანი ეკონომიკის სავარაუდოდ საკმაოდ მაღალი მოცულობისა, საქართველოს პროგრესი განსაკუთრებით 2003-2012 წლებში და ზოგადად ადგილი პირობით რეიტინგში სავარაუდოა, გაცილებით უკეთესი იყოს, სათანადო შეფასების განხორციელების შესაძლებლობის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს შესახებ მსოფლიო ბანკისა და საქსტატის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში მსოფლიო ბანკის მიხედვით 2003 წელს 65.9%-ს შეადგენდა, საქსტატის ცნობით 62.4%-ს. აცდენა დიდ მასშტაბს 2010 წლიდან იძენს, რაც თავის მხრივ, მეთოდოლოგიის ცვლილებითაა გამოწვეული. საქსტატს 1998-2009 წლებისა და 2010-2021 წლების დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა სხვადასხვა მეთოდოლოგიით აქვს დათვლილი. შედეგად, თუ 2012 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 52,6%-ს შეადგენდა (საქსტატის ძველი შეფასება), საქსტატის ცნობით, ეს რიცხვი ბევრად ნაკლები - 36.7% იყო (ახალი მეთოდოლოგია). სხვაობა 19 პროცენტულ პუნქტს აღწევს დაკვირვების ბოლო 2018 წელსაც. საქსტატის ცნობით, ამ წელს თვითდასაქმებულთა წილი 30.3% იყო, მსოფლიო ბანკიც მონაცემებით კი - 49.2%.

თვითდასაქმებულთა წილის შესახებ წარმოქმნილი გაუგებრობის გარდა, მსოფლიო ბანკის კვლევაში, ერთ-ერთი მდგენელის - არაფორმალური დასაქმების მაჩვენებლის გრაფა, საქართველოს შემთხვევაში, საერთოდ ცარიელია. სავარაუდოდ, შესაბამისი მონაცემების არ არსებობის მიზეზით. არასრულადაა შევსებული კანონიერად და უკანონოდ რეგისტრირებულ კომპანიათა შესახებ არსებული ველებიც. შედეგად, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით გამოწვეულ მსგავს ნაკლოვანებებს საბოლოო შეფასების სიზუსტეზე აქვთ გავლენა.

მსოფლიო ბანკი ერთადერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია არ არის, რომელიც საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს ასე კრიტიკულად აფასებს. სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, 2015 წელს საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის წილი მშპ-ს 53%-ს შეადგენდა, უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ორ სახელმწიფოს ზიმბაბვესა და ჰაიტის აქვთ. მცირე პროგრესს სავალუტო ფონდიც აღნიშნავდა. კერძოდ, მისი შეფასებით, 2003 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 64.9%-ს აღწევდა, 2012 წელს კი 58.7%-ს.

2003-2012 წლებში მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მართალია საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდა, მაგრამ შემცირდა მხოლოდ 60%-მდე, რაც გიორგი ბარამიძის მიერ დასახელებულ 5%-თან შედარებით ბევრად მეტია. ჩრდილოვანი ეკონომიკის 5%-იანი დონე არარეალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვისაც. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყანა შვეიცარიაა, რომლის ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი იმავე კვლევის მიხედვით მშპ-ს 8%-ს შეადგენდა. რამდენიმე აშკარა კითხვის ნიშნის მიუხედავად, გიორგი ბარამიძეს კვლევის სანდოობაში ეჭვი არ შეუტანია. თუმცა, მაშინაც კი, თუ მსოფლიო ბანკის მონაცემები არაზუსტია, მტკიცება, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2003-2012 წლებში საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 70%-დან 5%-მდე შემცირდა, არასწორია, რადგან მსოფლიო ბანკი ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის მხოლოდ 60%-მდე შემცირებას ადასტურებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბარამიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი