ირაკლი ღარიბაშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგებულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: 2022 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში 1.676 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 102%-ით აღემატება, მაგრამ თუ საბაზისო პერიოდად არა პანდემიურ პერიოდს, არამედ პანდემიამდელ - ანუ 2019 წლის მაჩვენებელს ავიღებთ, რაც ობიექტურად უფრო სწორი საზომია, მაშინ ზრდის ტემპი 72% იქნება.

ირაკლის ღარიბაშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით არსებული დადებით ტენდენციაზე სწორად მიუთითებს, თუმცა შესადარისად 2021 წლის არჩევით, პანდემიის ეფექტის მითითების გარეშე, უშუალოდ შედეგებს გარკვეული გადაჭარბებით წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტიციებთან დაკავშირებით განაცხადა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში 101.7%-ით იმატა“.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, ცნობილია მხოლოდ პირველი სამი კვარტლის მონაცემები. გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.676 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 831 მლნ-ის. შესაბამისად, ერთ წელიწადში, ზრდის ტემპმა ნამდვილად 101.7%-ს მიაღწია. მთელი წლის სტატისტიკა მარტში გახდება ცნობილი. რადგან 9 თვის მონაცემებმა მთელი 2021 წლის ინვესტიციების მოცულობას უკვე 35%-ით გადააჭარბა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ წლიურადაც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება (თეორიულად, ზრდას ხელი შეიძლება ინვესტიციების გადინებამ შეუშალოს, რაც ამ ეტაპზე პრაქტიკული თვალსაზრისით თითქმის გამორიცხულია). რა მოცულობის იქნება ზრდა, ეს ჯერ უცნობია, პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 330%-იანი ზრდა აღინიშნა, მეორეში 10%-იანი და მესამეში 99%-იანი.

პრემიერს გამოსვლისას კონკრეტული შესადარისი პერიოდი არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ „წინა წლები“ ახსენა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალია და 134%-ს შეადგენს, თუმცა პანდემიისა და შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის პირობებში, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარება ნაკლებად რელევანტურია.

თუ საბაზისო პერიოდად, პანდემიის წინა 2019 წელს ავიღებთ, მაშინ სამი კვარტლის მონაცემებით ზრდის ტემპი 72% იქნება. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 974 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

არსებული მდგომარეობით, 2022 წლის ინვესტიციები (სამი კვარტალი) სარეკორდოა. წინა რეკორდი — 1.450 მლრდ დოლარი 2017 წელს დაფიქსირდა, 2022 წლის მონაცემი მას 18%-ით აღემატება.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ სამ კვარტალში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, ყველაზე მეტი 364 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში ესპანეთიდან შემოვიდა, 275 მლნ-ით მეორე ადგილზე ბრიტანეთია, მესამე ადგილს 125 მლნ-ით ნიდერლანდები იკავებს. ირლანდიიდან შემოსული ინვესტიცია 120 მლნ დოლარს შეადგენს. ხუთეულს 103 მლნ-ით აშშ ასრულებს.

დარგების მიხედვით, სამი კვარტლის ჯამში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების მიმართულებით ინვესტირების მოცულობამ 418 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში 324 მლნ-ს, ხელოვნების, გართობისა და დასვენების მიმართულებით (მოიცავს აზარტულ თამაშებსაც) 159 მლნ-ს.

პირველ კვარტალში, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 55%-ს აღწევდა, მეორეში = 68%-ს, მესამეში - 60%-ს. 60% იყო რეინვესტირების წილი სამი კვარტლის ჯამშიც, 34%-ზე ოდნავ მეტი სააქციო კაპიტალი და თითქმის 6% სავალო ვალდებულებები.

მაშინაც კი, თუ ოთხი კვარტლის ჯამში ინვესტირების მოცულობამ 2017 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მშპ-სთან მიმართებით, 2007 წლის რეკორდი მაინც ვერ მოიხსნება. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მშპ-ს 18.6%-ს მიაღწია, იგივე შეფარდება 2022 წლისთვის 4.6 მლრდ იქნებოდა. თავად 2017 წელს ინვესტიციებმა მშპ-ს 11.8%-ს მიაღწია, 24.7 მლრდ დოლარიანი ეკონომიკისთვის (ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასება 2022 წლისთვის) იგივე თანაფარდობა 2.8 მლრდ-ზე მეტია, რაც ასევე ნაკლებდასაშვებად გამოიყურება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან თუ „წინა წლებში“ 2021 წელს ვიგულისხმებთ, მის მიერ მოყვანილი სტატისტიკა [ინვესტიციების 101.7%-იანი ზრდა], ზუსტია, თუ 2020 წელს მაშინ ზრდის ტემპი უფრო მაღალი - 134%-იანი გამოდის, პანდემიამდელი 2019 წლის შემთხვევაში კი ზრდის ტემპი 72% იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა გაორმაგებული არ არის, 72%-იანი ზრდა მაინც მნიშვნელოვანი მატებაა. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი