სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სადაც საუბარია, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად გამოყოფილ ტანკებზე გამოსახულია რიცხვები 14/88, რაც თითქოს ნეო-ნაცისტურ ლოზუნგს და კოდურ შრიფტს წარმოადგენს.

პოსტის ავტორის მტკიცებით 14/88 ეს არის კოდური შრიფტი რომელიც ფართოდ მიღებულია ნეო-ნაცისტებში და შეესაბამება დევიდ ლეინის (ამერიკული ნეონაცისტური, ტერორისტული ორგანიზაციის, „წესრიგის“/The Order ერთ-ერთი დამფუძნებელი XX საუკუნიას 80-იან წლებში) 2 ნაცისტურ სლოგანს, რომელებიც შედგებოდნენ 14 სიტყვისგან (რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც 14/88) და მისი ავტორობით, შექმნილ 88 მცნებას (88 Percepts). ამას გარდა, პოსტის ავტორი საუბრობს იმაზეც, რომ ციფრი 88 შეესაბამება ნაცისტურ მისალმებას "Heil Hitler!", რადგან გერმანულ ენაში H ასო ანბანში რიგით მერვეა და შესაბამისად 88 განასახიერებს HH - "Heil Hitler!".

სინამდვილეში, პოსტში გამოქვეყნებულ სურათზე არსებული ტანკების კოლონას არაფერი აქვს საერთო გერმანიის მხრიდან 2023 წლის თებერვალში, უკრაინისთვის Leopard 1 ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებასთან, და ტანკზე გამოსახული რიცხვები 14/88-ც ვიდეო რედაქტირების შედეგად არის ჩამატებული.

სინამდვილეში სურათზე ასახული ტანკები არა გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის შეპირებული ლეოპარდის ტიპის ტანკების კოლონას, არამედ, მანჰაიმში, აშშ-ის კოლემანის სამხედრო ბაზისთვის (აშშ-ის სამხედრო ბაზა გერმანიაში) განკუთვნილ M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს წარმოადგენს და ვიდეო 2022 წლის მარტის თვეშია გადაღებული, როდესაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, აშშ-მა მის საზღვრებს გარეთ არსებულ ყველაზე დიდ მძიმე შეიარაღების სამხედრო ბაზაზე დამატებითი ტექნიკის და პერსონალის განთავსება დაიწყო.

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Südwestrundfunk-ის მიერ 2022 წლის მარტის თვეში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ არც პოსტში ნაჩვენებ კონკრეტულ ტანკზე და არც სარკინიგზო კოლონაში შემავალ სხვა ტანკზე არ ფიქსირდება წარწერა 14/88 და ის მოგვიანებით ვიდეოს რედაქტირების შედეგადაა ჩამატებული.

შესაბამისად, პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამერიკული ტანკების, უკრაინისთვის შეპირებულ გერმანულ ტანკებად წარმოჩენითა და ვიდეო რედაქტირების შედეგად ამ ტანკებზე ნაცისტური სიმბოლიკის დამატებით, მხოლოდ და მხოლოდ კრემლისტური პროპაგანდის გავრცელებას ისახავს მიზნად, რომელიც ცდილობს უკრაინა და მისი ხელისუფლება ნაცისტებად წარმოაჩინოს და საკუთარი სამხედრო აგრესია დენაციფიკაციის პროპაგანდისტული ნარატივებით გაამართლოს.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია