ირაკლი კობახიძე: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, გაიგეს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძემ პოზიცია შეცვალა.

ანალიზი

14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტს, რომელიც არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავდა და ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციირებას ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან და ყველა, ვინც ხმას მისცემს მას, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე იქნებოდა პასუხისმგებელი.

კანონპროექტის ინიციირებას და უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა.

საბოლოოდ, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კენჭისყრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, „ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კანონპროექტმა თავისი 3 მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ინიციირებისას უმრავლესობის წევრებს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, კანონპროექტის მიზნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. ისინი, ასევე, ტერმინ „აგენტის“ მნიშვნელობასა და კონოტაციას განსხვავებულად აფასებდნენ. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის არსებითი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხოლო კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერმინ „აგენტთან“ დაკავშირებით ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავდნენ.

„აგენტი ნიშნავს ინტერესების გამტარს და არა ჯაშუშს, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით“, - აცხადებდა ირაკლი კობახიძე. მისივე განმარტებით: „აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ რეალურად, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით. იმიტომ, რომ აგენტი არსებობს. დაზღვევის აგენტი არსებობს, რომლის მიზანია, რომ დაგარწმუნოს, კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო სააგენტოსთან. ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. სააგენტო ჰქვია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ეს არ ნიშნავს, რომ აგენტებზე მუშაობს. ეს მიღებული ტერმინია რეალურად და ნიშნავს ინტერესების გამტარს“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზემოაღნიშნული განცხადებები, კანონპროექტის ჩაგდებამდე და მის შემდეგ, საჯარო პოზიციის ცვლილებად უნდა შეფასდეს. თუმცა, იგივე განცხადებები მოწმობს, რომ სინამდვილეში, კანონპროექტის ინიციატორების და მხარდამჭერების რეალური მიზანი არა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვა იყო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია