ხათუნა სამნიძე: პანდემიის დროს ბიუჯეტის 46% უცხოური სესხებითა და გრანტებით შეივსო

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით ხათუნა სამნიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, შემოსულობებმა 18.042 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 487 მლნ ლარი გრანტი იყო, 7.290 მლრდ სესხი, კრედიტიდან 5.252 მლრდ უცხოეთიდან იყო მოზიდული. ჯამში უცხოური სესხისა და გრანტის მოცულობამ 5.724 მლრდ-ს მიაღწია, რაც წილობრივად შემოსულობების 31.7%-ს შეადგენს. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხათუნა სამნიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

28 თებერვალს TV პირველზე გადაცემა „რეაქციაში“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ მთავრობა თავად უცხოეთიდან დაფინანსების მიღებაზე უარს არ ამბობს, კერძოდ მან განაცხადა (22:17 სთ-დან): „პარლამენტი ვერ იმუშავებდა, ჩვენ რომ არ გვქონდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, ბიუჯეტი არ ექნებოდა გამართული. ხელფასებს ვერ გასცემდა, ქართული ოცნება, ეს მან იცის, მაგალითად, პანდემიის დროს ჩვენი ბიუჯეტის 26.5%, მეორე შემთხვევაში 46% პანდემიის დროს იყო უცხოური თანხები, სესხები, გრანტები“.

საქართველო საერთაშორისო საბიუჯეტო დახმარებას სესხებისა და გრანტების სახით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებდა. მსოფლიო ბანკის ცნობით, უკვე 1995 წელს სამთავრობო ვალი მშპ-სთან მიმართებით 61%-ს აჭარბებდა, რაც 1997 წელს 46%-მდე შემცირდა, მაგრამ 2001 წელს ისევ 60%-ს გადასცდა. უცხოური კრედიტების აღების პრაქტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც გაგრძელდა, მაგრამ 2012 წლისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო სამთავრობო ვალის წილი მშპ-სთან მიმართებით 29%-მდე იყო შემცირებული (2007 წელს 19%-მდე). ვალების აღება „ქართულმა ოცნებამაც“ გააგრძელა და პანდემიამდე ვალის წილმა მშპ-ს 45%-ს გადააჭარბა, 2020 წელს კი ეკონომიკის 6.8%-იანი ვარდნის, დამატებით დიდი ოდენობის ვალის აღებისა და ასევე ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე, 65%-ს გადასცდა. სტატისტიკა მთლიან სახელმწიფო ვალს მოიცავს, რომლის 70%-ზე მეტი საგარეო ვალია.

მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში: ავტობანი, წყალგაყვანილობის სისტემა დონორების დაფინანსების წილი საკმაოდ მაღალია. 2023 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 1.242 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს, საიდანაც 898 მლნ ლარი, ანუ 72%-ზე მეტი კრედიტია.

პანდემიის გამო 2020 და ნაწილობრივ 2021 წლებიც გამონაკლისი აღმოჩნდა, რა დროსაც კრედიტი სოციალური ხარჯების დაფინანსებასაც მოხმარდა. მთლიანად „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2013-2023 წლებში (2023 წლის გეგმის გათვალისწინებით) 30.8 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 3.9 მლრდ ლარი უცხოური გრანტი იყო, 5.4 მლრდ ლარი შიდა კრედიტი და 21.5 მლრდ ლარი უცხოური კრედიტი.

2013-2023 წლებში ბიუჯეტის 22.7% გრანტებითა და სესხებით ივსებოდა, მათ შორის 16.6% გრანტებითა და უცხოური სესხებით.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში როგორც თანხობრივად, ასევე წილობრივად ყველაზე მეტი უცხოური ვალი სახელმწიფომ 2020 წელს აიღო, უფრო მეტი ვიდრე წინა 4 წელიწადში ერთად.

ცხრილი 1: სესხებისა და გრანტების მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

5.7 მლრდ-იანმა (460 მლნ კრედიტი, 5.3 მლრდ სესხი) საერთაშორისო დახმარებამ 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების 31.7% შეადგინა, რაც წილობრივად საკმაოდ მაღალია, მაგრამ სცდება ხათუნა სამნიძის მიერ დასახელებულ 46%-იან მაჩვენებელს. პოლიტიკოსმა განცხადებისას 2 უზუსტობა დაუშვა: 1) დაანგარიშებისას უცხოურ კრედიტს საშინაო კრედიტიც მიამატა; 2) მონაცემები აიღო წინასწარ განსაზღვრული გეგმიდან და არა დაზუსტებული მაჩვენებლიდან. პანდემიის დაწყებიდან პირველი გადამუშავების შემდეგ, გეგმის თანახმად 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 18.420 მლრდ უნდა ყოფილიყო (ფაქტობრივ მონაცემზე 378 მლნ-ით მეტი). გრანტები 558 მლნ (98 მლნ ლარით მეტი), კრედიტი მთლიანად 8.038 მლრდ (748 მლნ ლარით მეტი), მათ შორის - უცხოური კრედიტი 6.188 მლრდ (924 მლნ ლარით მეტი) და საშინაო კრედიტი 1.850 მლრდ (176 მლნ ლარით ნაკლები). გეგმა რომ შესრულებულიყო, ჯამური სესხებისა და კრედიტის წილი ბიუჯეტის შემოსულობების 46.7%-ს მიაღწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა სამნიძის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემი, რეალობას თითქმის 15 პროცენტული პუნქტით სცდება, 31.7% მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია კონტექსტიც. 1994 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ვარდნა სულ ორჯერ დაფიქსირდა, 2009 და 2020 წლებში. 2009 წელს გრანტებისა და უცხოური სესხების წილმა ბიუჯეტის შემოსულობების 20.3% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რუსული ინტერვენციის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, 2020 წელს ვარდნამ 6.8%-ს მიაღწია.

2020 წელს გადასახადებისგან მობილიზებული თანხების მოცულობა 300 მლნ ლარით 9.365 მლრდ ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, რომ არა უცხოური კრედიტები, სახელმწიფოს ისეთი პროგრამების განხორციელება როგორიც იყო - კოვიდით დაავადებულთა მკურნალობა, კომუნალური ხარჯების და ლოკდაუნის გამო უსამსახუროდ დარჩენილ პირთათვის კომპენსაციების გაცემა, გაუჭირდებოდა.

ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარკვეული რიცხობრივი უზუსტობების მიუხედავად, ხათუნა სამნიძის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი