ირაკლი ღარიბაშვილი: 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

2023 წლის 12 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა ,,იმედის კვირის’’ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა - „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს, 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!“.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას 13 მარტს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა - „საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს, წყაროს ნახვა, გთხოვთ“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

გარდა ამისა, 14 მარტს ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირს ყოველ ნაბიჯზე ესვრის ქვას - „თუ გინდათ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ არა მგონია, რომ შევთანხმდეთ“,- აღნიშნა გრეგოროვამ.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის იმ კორუფციულ სკანდალზე მიუთითებს, რომლის შესახებ მსოფლიომ 2022 წლის 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ბელგიის პრესის მეშვეობით შეიტყო.

ეს სკანდალი „კატარგეითის“ სახელით არის ცნობილი და ევროპარლამენტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და დამაზიანებელი კორუფციული სკანდალია. მასში 3 ქვეყნის - ბელგიის, საბერძნეთისა და იტალიის წარმომადგენელი (როგორც ყოფილი ისე მოქმედი) 4 ევროპარლამენტარი - პიერ ანტონიო პანცერი, მარკ ტარაბელა, ევა კაილი და ანდრეა კოცოლინო, ფიგურირებს. მათ ბელგიის პოლიცია დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს სპარსეთის ყურის ქვეყანა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ სოლიდურ თანხებსა და საჩუქრებს უგზავნიდა. მოგვიანებით ყველამ გაიგო, რომ კორუფციული სკანდალის მონაწილე ქვეყანა კატარია (საქმეში ფიგურირებს მაროკოც), ხოლო კორუფციული გარიგებები კატარში ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევათა გადაფარვას მიემართებოდა, ევროკავშირისთვის სავაჭრო ურთიერთობებში ბარიერების მოსახსნელად და უვიზო მიმოსვლის დასაწყებად.

თავად კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მათ „უსაფუძვლოსა და დეზინფორმაციულს“ უწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ჩატარებული 16 რეიდის შედეგად, 1,5 მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო.

ქვემოთ სკანდალში გახვეული ევროპარლამენტარების შესახებ მოკლე ინფორმაციას გთავაზობთ:

პიერ ანტონიო პანცერი- იტალიელი, სამი ვადით არჩეული სოციალისტი ევროპარლამენტარი 2004-2019 წლებში. გავრცელებული ინფორმაციით, მის სახლში 600 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

იანვრის შუა რიცხვებში პანცერმა ხელი მოაწერა ე.წ. „მონანიების ხელშეკრულებას“ ბელგიის ხელისუფლებასთან სასჯელის შემცირების მიზნით. გარიგების ფარგლებში მან აღიარა, რომ მართავდა ჯგუფს, რომელიც ქრთამს იღებდა, რათა ევროპარლამენტის პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ბელგიის პოლიცია ამტკიცებს, რომ ამ საქმით მან სულ მცირე 1 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მარკ ტარაბელა- ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარი 2004 წლიდან კორუფციულ სკანდალის შედეგად სტატუსის შეჩერებამდე.

გასული წლის ნოემბერში მან წარმოთქვა მოკლე სიტყვა პლენარულ სხდომაზე, სადაც კატარის შრომით რეფორმები ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და სპარსეთის ყურის ქვეყნის წინააღმდეგ „ცალმხრივ ნეგატიურ დისკურსს“ აკრიტიკებდა.

ევა კაილი - პარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი, რომელიც ისეთ საკითხებზე მუშაობდა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ბლოკჩეინი.

მიუხედავად იმისა, რომ კაილი ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგზე იყო ორიენტირებული, იგი 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში კატარში გაემგზავრა და ქვეყნის უმაღლეს ლიდერებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრები გამართა.

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა საგანგებო რეზოლუციით, კატარში დაღუპული ყველა მუშის გამო მწუხარება გამოხატა. თუმცა ევა კაილმა მაშინ საჯაროდ დაიცვა კატარი და თქვა: ქვეყანამ „ისტორიული ტრანსფორმაცია“ გაიარა, ცოტა ხნის წინ მიგრანტების უფლებებს აიგნორებდა, ახლა კი მათი დაცვა ისწავლაო.

„აქ ბევრნი მოგვიწოდებენ მათი [კატარის] დისკრიმინაციისკენ და აბულინგებენ მათ. ხოლო ყველას, ვინც მათთან მოლაპარაკებებშია ჩართული, კორუფციაში ადანაშაულებენ“, - განაცხადა მაშინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

დეკემბერში, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, კაილმა ხმა მისცა კატარისა და ქუვეითის მოქალაქეებისთვის ვიზის გათავისუფლებას.

უფრო ვრცლად იხ. რადიო „თავისუფლების“ სტატია.

გავრცელებული ინფორმაციით, მის სახლში 150,000 ევრომდე ნაღდი ფული იპოვეს.

ანდრეა კოცოლინო

იტალიელი სოციალ-დემოკრატი ევროპარლამენტარი 2009 წლიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნამდე.

აღიარებითი ჩვენებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფრანჩესკო ჯორჯიმ პირდაპირ დაადანაშაულა კოცოლინო და ტარაბელა კატარიდან და მაროკოდან ფულის მიღებაში. კოცოლინო აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

ცხადია, ბრალდებულთა სია მხოლოდ ევროპარლამენტარებით არ შემოიფარგლება. ბრალდებულთა შორის არიან ფრანჩესკო ჯორჯი - ევა კაილის პარტნიორი და პიერ ანტონიო პანცერის საპარლამენტო ასისტენტი, ნიკოლო ფიგა ტალამანკა - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,No Peace Without Justice’’-ის გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინი - იტალიელი პროფკავშირელი და სხვები. ამის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ გაჟღერებული რიცხვი არაზუსტია და სკანდალის რეალურ მასშტაბებს არ ასახავს.

სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელი ევროპარლამენტარის, კონსერვატიული პარტიის low and justice-ს წევრის, დომინიკ ტარჩინსკის იმ განცხადებას ეყრდნობა, სადაც ტარჩინსკი მხოლოდ ვარაუდობს, რომ „სკანდალში შეიძლება ასამდე ევროპარლამენტარი იყოს ჩართული“(“As many as a hundred MEPs could be involved’’).

ტარჩინსკი სკანდალთან დაკავშირებით სხვა ვარაუდებსაც გამოთქვამს, მაგალითად, მისი თქმით, „არსებობს ინფორმაცია, რომ კაილიმ საერთო ჯამში 10 მილიონ ევროზე მეტი აიღო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ციფრი ნახევარი მილიონიდან 1,5 მილიონამდე (ევრო) მერყეობდა“. თუმცა, ეს რიცხვები, ისევე როგორც სკანდალში მონაწილე ევროპარლამენტართა ზემოთ დასახელებული რიცხვი, არცერთი სამართლებრივი უწყების მიერ არ დასტურდება და მხოლოდ კონკრეტული ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წარმოადგენს.

სტატიაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ კატარგეითის კორუფციულ სკანდალში 4 ევროპარლამენტარი - პიერ ანტონიო პაცნერი, მარკ ტარაბელა, ევა კაილი და ანდრეა კოცოლინო ფიგურირებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, კორუფციულ სკანდალში 100 ევროპარლამენტარი ანუ ევროპარლამენტართა 14% არის გახვეული. ბუნებრივია, სავსებით შესაძლებელია კორუფციული სქემაში ჩართულ პირთა რიცხვი გაიზარდოს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებული რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს 25-ჯერ აღემატება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

შენიშვნა:

სკანდალის შემდეგ, დეკემბერშივე ევროპარლამენტში წარმოდგენილ იქნა 14 ამბიციური რეფორმა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც აღნიშნულმა სკანდალმა წარმოაჩინა. მათ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ,,პირველი ნაბიჯები’’ უწოდა. მისივე თქმით, „კრიმინალური პროცედურა რომელშიც პარლამენტია გარეული, მძლავრად აზიანებს დემოკრატიას, ევროპას...ნდობა, რომლის მოპოვებასაც წლები დასჭირდა, რამდენიმე წამში დაიკარგა, ხალხის ნდობა უნდა აღდგეს“.

დაანონსდა დეპუტატებისა და მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების, მათ შორის კატარის, შექმნილი არარეგულირებული ე.წ. მეგობრობის ჯგუფების გაუქმება, ევროპარლამენტართა ეთიკის გადახედვა, მამხილებლებისთვის უფრო მყარი გარანტიების შექმნა და ფინანსური დეკლარაციების წარმოდგენის სავალდებულოობა. ზოგიერთი დეპუტატი ისეთ დამატებით შეზღუდვებს ითხოვს, როგორიცაა, კონტროლი ევროპარლამენტართა სხვა სამუშაოებზე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი