საქართველოს მთავრობა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61%-ით, 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ზუსტად 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ 2021 წლის მაჩვენებელს 61%-ით აღემატება და ნომინალში ისტორიული მაქსიმუმია, თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი - ინვესტიციების წილი მშპ-სთან მიმართებით. 2022 წელს ეკონომიკის მოცულობამ 24.6 მლრდ დოლარი შეადგინა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობამ მშპ-სთან მიმართებით შესაბამისად - 8.1%.

ეს მაჩვენებელი რეკორდულთან ძალიან შორსაა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინვესტიციების შეფარდებამ მშპ-სთან 8.1%-ს 2014-2017 წლებში მიყოლებით 4-ჯერ გადააჭარბა, მაქსიმალურ 11.9%-იან მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია, თუმცა რეკორდი არც ესაა. 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებით 18.6% იყო. ამავდროულად 2022 წლის მონაცემი წინა „სარეკორდო“ (2017) მაჩვენებელს მხოლოდ 9 მლნ აშშ დოლარითა აღემატება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოსტი სრულდებოდა ფრაზით: „შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს“.

საქსტატი საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 1996 წლიდან აღრიცხავს, თუმცა რადგან 1996 წელს ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 4 მლნ იყო, შეიძლება ის საერთოდ უგულებელვყოთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში სულ 25.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მათ შორის ნომინალურად ყველაზე მეტი - 2 მლრდ 2022 წელს. 2022-მდე სარეკორდოდ 2017 წლის მონაცემი ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორ მონაცემს შორის სხვაობა მხოლოდ 9 მლნ-ია.

მთელ საანგარიშო პერიოდში (26 კალენდარული წელი 1997-დან 2022-ის ჩათვლით) პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მლრდ აშშ დოლარს 14-ჯერ გადააჭარბა, მათ შორის 1.5 მლრდ-ს 7-ჯერ. გადაანგარიშებამდე ითვლებოდა, რომ 2007 წელს შემოსული ინვესტიციების მოცულობა 2.015 მლრდ-ს შეადგენდა, თუმცა მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, მონაცემი 1.765 მლრდ-მდე დაკორექტირდა. საქსტატმა ცვლილებები სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ახსნა.

ნომინალურის გარდა, ინვესტიციების დათვლისას აუცილებელია მეორე კომპონენტის გათვალისწინებაც - რა წილი უკავია მას მთლიან ეკონომიკაში. გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წელს საქართველოს მთლიანი ეკონომიკა ნომინალში 2.8 მლრდ-ს შეადგენდა. 1 მლრდ-იანი ინვესტიცია იმ პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლის განმაპირობებელი იქნებოდა. 2022 წელს კი როდესაც ნომინალური ეკონომიკის მოცულობამ 24.6 მლრდ-ს მიაღწია, 1 მლრდ-იანი ინვესტიცია უკვე ნეგატიურ კონტექსტში განსახილველი გახდებოდა. რეალური ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით ყოველ ინვესტირებულ 1 დოლარს სხვა ძალა და მნიშვნელობა აქვს დღეს, ვიდრე ჰქონდა 10 ან მით უმეტეს 20 და 25 წლის წინ. მხოლოდ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებითაც კი, საქართველოში 20 წლის წინანდელი 1 დოლარი უფრო მეტია, ვიდრე ამჟამინდელი 2 დოლარი.

თუ ინვესტიციებს მშპ-სთან მიმართებით დავითვლით, რაც სრული სურათის წარმოსადგენად აუცილებელი წინაპირობაა, მშპ-ს 8.1%-ს მივიღებთ, ეს კი პირველის ნაცვლად მე-10 ადგილს ნიშნავს. 2003, 2004, 2006, 2007, 2008, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან 8.1%-ს აღემატებოდა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

წყარო: მსოფლიო ბანკი

პროცენტული ფარდობა იგივე რომ ყოფილიყო, რაც თუნდაც 2017 წელს, მაშინ ინვესტიციების მოცულობა 2.9 მლრდ-ს გადააჭარბებდა, 2006 წლის დონეზე რომ გასულიყო 3.7 მლრდ-ს, სარეკორდო, 2007 წლის გამეორების შემთხვევაში კი - 4.5 მლრდ დოლარს.

საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ციკლურობა ახასიათებს, რომელიც მეტწილად, მაგრამ არა ყოველთვის, მსხვილ ტრანზიტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არის დაკავშირებული, იქნება ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი თუ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. მდგომარეობა განსხვავებული იქნებოდა დიდი ჰესები და ანაკლიის პორტი დათქმულ ვადებში რომ აშენებულიყო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო პროექტები პროექტებად დარჩა.

2022 წელს ყველაზე მეტი - 526 მილიონი დოლარის ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებით განხორციელდა, მეორე ადგილზე უძრავი ქონებაა, რომლის მიმართ დაინტერესება თითქმის 10-ჯერ - 42 მლნ-დან 407 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სამეულს 197 მლნ დოლარით წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა ასრულებს.

ინვესტორი ქვეყნებიდან 428 მლნ-ით პირველ ადგილზე ბრიტანეთია, 367 მლნ-ით მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს, მესამეზე კი 164 მლნ-ით შეერთებული შტატებია.

ესპანეთის მეორე ადგილის, ისევე როგორც სექტორებში წყალმომარაგების მეორე ადგილზე გასვლის მიზეზი ესპანური კომპანია Aqualia-ის მხრიდან GWP-ის წილი 80%-ის შეძენა გახდა. უძრავი ქონების მიმართულებით 870%-ით გაზრდილი ინვესტირება კი მაღალი ალბათობით რუსეთიდან მიგრაციის ზრდას უნდა უკავშირდებოდეს, რაც რეალური ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებით ვერ აიხსნება.

მთავრობის ფეისბუქ-პოსტში სიმართლეს შეესაბამებოდა განცხადების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა, 2 მლრდ დოლარს მიაღწია და რეკორდი [ნომინალურად] მოხსნა. „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ მართალია განცხადებაში მოყვანილი რიცხვი ზუსტია, თუმცა სრული კონტექსტი დამახინჯებულია და სურათი იმგვარადაა წარმოჩენილი, რომ მკითხველს არასწორი შთაბეჭდილება ექმნება. 2022 წელს დაფიქსირებული ნომინალური მაქსიმუმი მხოლოდ მცირედით აჭარბებს მანამდე დაფიქსირებულ ნომინალურ რეკორდს, ხოლო მშპ-სთან შეფარდებით წლევანდელი შედეგი მხოლოდ მეათე ადგილზეა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრ მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი