ბათუმის მერია : [ბათუმის დროებითი ღამის თავშესაფრის] რემონტი დაიწყება [2021 წლის] სექტემბერში და დასრულდება მომავალი წლის შემოდგომაზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „ბეგი ჯორჯიას“ შორის 2021 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა 2 494 996 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციის შესახებ. ობიექტი 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები ხანგრძლივი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, როგორც დოკუმენტაციიდან ვიგებთ, გახდა თავშესაფრის ბენეფიციარების დაგვიანებული გადაყვანა ალტერნატიულ ფართში. ამასთანავე, 2021 წელს სარეკონსტრუქციო ობიექტში განთავსებული იყო საარჩევნო უბანი. 30 ოქტომბერს კი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ 2015 წელს მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შენობის რეალური მდგომარეობა შეუსაბამო იყო. ამან არაერთი ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია.

კომპანიამ ვადის 291 დღით გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც შემსყიდველი არ დათანხმდა და 2023 წლის 26 იანვარს ხელშეკრულება შეწყვიტა. მან „ბეგი ჯორჯიას“ პირგასამტეხლო დააკისრა. ახლა ბათუმის მერია ელოდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ზუსტი მოცულობა და ღირებულება უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი, თუმცა როდის, უცნობია. კომპანია პირგასამტეხლოს არ ეთანხმება და თავს დაზარალებულად მიიჩნევს. მხარეები არ გამორიცხავენ, რომ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.

აქედან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაპირება, რომელიც ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსმა გაახმოვანა, არ შესრულდა.

რეზიუმე: 2021 წლის 26 აგვისტოს მედიით გავრცელდა ბათუმის მერიის დაპირება, რომელიც ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსმა მამუკა შამილიშვილმა გაახმოვანა: „[ბათუმის დროებითი ღამის თავშესაფრის] რემონტი დაიწყება [2021 წლის] სექტემბერში და დასრულდება მომავალი წლის შემოდგომაზე.“

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, დასრულდა, თუ - არა ობიექტის რეკონსტრუქცია. როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულება შეწყვეტილია და ჯერ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა.

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე ბავშვთა სახლის გადაკეთება უსახლკაროთა დროებით თავშესაფრად 2012 წლეს გადაწყდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის განხორციელებაში მერიას შვეიცარიის განვითარების ფონდი დაეხმარებოდა. მოგვიანებით, იმ მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებდა, რომ დონორმა თავისი პირობა შეასრულა და შენობის ესკიზური პროექტი უსასყიდლოდ მოამზადა, მაგრამ მერიამ ალტერნატიული პროექტი მაინც შეისყიდა და ამაში ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დახარჯა. პროექტი 2015 წელს შპს „აჭარკაპმშენმა“ მოამზადა. მიუხედავად ამისა, შენობის რეაბილიტაციის საკითხი არაერთხელ გადაიდო.

2021 წლის 16 ივლისს ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა 2 762 059-ლარიანი ტენდერი, რომელიც ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციას ითვალისწინებდა. 2021 წლის 23 აგვისტოს შპს „ბეგი ჯორჯიასთან“ 2 494 996 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ობიექტი 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ ახორციელებდა. 2022 წლის 19 ივლისის წერილში შემსყიდველი კომპანიას მიმართავს, რომ სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს, 24 ოქტომბრით დათარიღებული წერილით კი ვიგებთ, რომ ობიექტზე სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია. ამ დროს პროექტის დასრულებამდე, ხელშეკრულების თანახმად, ექვსი დღე იყო დარჩენილი.

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ პროექტის დაგვიანებით დაწყება და ნელი ტემპით მუშაობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, 2022 წლის 19 დეკემბერს კომპანიის მიერ შემსყიდველისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო შენობიდან ბინადრები ალტერნატიულ ფართში დროულად არ გაიყვანეს. ამასთანავე, ობიექტში განთავსებული იყო საარჩევნო უბანი. 2021 წლის 30 ოქტომბერს კი არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამიტომ სამუშაოები 91 დღის დაგვიანებით დაიწყო.

კომპანიის დირექტორის ამავე წერილით ირკვევა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ობიექტზე არსებულ რეალურ მდგომარეობას შორის არაერთი შეუსაბამობა იყო და დეტალები დამატებით შესწავლას საჭიროებდა. მიმწოდებელი წერს, რომ კომპანია კონსტრუქტორის გადაწყვეტილებას და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებას ელოდებოდა, რაც 2022 წლის 5 აპრილს განხორციელდა.

ამასთანავე, სოციალური სერვისების სააგენტომ ბათუმის მერიას წერილით მიმართა, რათა „მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებები განეხორციელებინა. აღნიშნული ცვლილებები საპროექტო ორგანიზაციამ ხანგრძლივი დროის შემდეგ შეიტანა. გაახლებული პროექტი მოიცავდა შენობის მეოთხე სართულის მოხსნას და შიდა სივრცეების ხელახლა დაგეგმარებას. კომპანია დამკვეთს აცნობებს, რომ სამუშაოების ნელი ტემპი მისი მიზეზით არ იყო გამოწვეული. როგორც ირკვევა, იმ დროს კომპანიას უკვე შეძენილი ჰქონდა სამშენებლო და სამონტაჟო მასალები, რომელთა ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელმა სამუშაოების ვადის 291 დღით გაგრძელება ითხოვა, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

2022 წლის 27 დეკემბერს კომპანიას საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უპასუხა. მან აღნიშნული მიზეზები ხელისშემშლელ ფაქტორებად არ მიიჩნია და კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 2023 წლის 26 იანვარს კი ხელშეკრულება შეწყვიტა. ამ დროს შემსრულებლისთვის უკვე გადახდილი იყო მთლიანი ღირებულების 21% ანუ 480 852 ლარი.

„ფაქტ-მეტრს“ ბათუმის მერიის შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით აცნობა, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დაზუსტების მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ტენდერი გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, შეწყვეტილი შესყიდვის ფარგლებში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომლებიც მხარეებმა წარადგინეს. სამმართველომ მიმწოდებელს პირგასამტეხლო დააკისრა და ამის შესახებ წერილობით უკვე აცნობა. გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი სასამართლოს მიმართავს.

სასამართლო დავას არ გამორიცხავს არც შპს „ბეგი ჯორჯიას“ წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით. კომპანია თავს დაზარალებულად მიიჩნევს. ამბობს, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულება კი არ გაწყვიტა, ხელშეკრულებიდან გავიდა, მიატოვა. მისივე განმარტებით, შემსყიდველმა ბრძანება გამოსცა კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილის მიღებიდან ოცდათექვსმეტი დღის შემდეგ და ეს პირგასამტეხლოს თანხის მოცულობას გასაზრდელად გააკეთა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2015 წელს შესყიდული პროექტის მიხედვით ხორციელდებოდა. „ბეგი ჯორჯიას“ წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ პროექტი რეალურ მოცემულობასთან აცდენილი იყო, რაც რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა და არაერთი ცვლილება მოითხოვა. ის არ ეთანხმება სამმართველოს პასუხს, რომ სამუშაოების შეფერხების საფუძველი არ არსებობდა. განმარტავს, რომ მშენებელი კომპანია სამუშაოებს საკუთარი შეხედულებით ვერ შეასრულებდა, სანამ საპროექტო დოკუმენტაცია საბოლოო სახეს არ მიიღებდა, პროცესები კი შემსყიდველი მხარის მიერ ჭიანურდებოდა.

„ბეგი ჯორჯიამ“, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შემსყიდველს კიდევ ერთი წერილი მისწერა და სთხოვა, რადგან პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი იყო, სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა, პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე. როგორც მან გვითხრა, კლიმატური პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უკვე განხორციელებული სამუშაოების დაზიანების ალბათობა მაღალია. ამან კი, შესაძლოა, შემდგომში საფრთხე შეუქმნას რეაბილიტირებულ შენობასა და მის ბინადრებს. კომპანია ამბობს, რომ შემსყიდველს ამის შესახებ აცნობა და პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნის.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, დროებითი ღამის თავშესაფრისთვის 768 800 ლარია გამოყოფილი. აქედან 174 300 ლარი - შტატით და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის, დარჩენილი თანხა კი 70 ბენეფიციარის კვებასა და სამედიცინო მომსახურებას უნდა მოხმარდეს. ამ ბიუჯეტის დანართში წერია, რომ ბათუმის მერიამ 2022 წელს თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განახორციელა, ხოლო 2023 წელს ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ რეაბილიტირებულ შენობას ავეჯითა და ინვენტარით სრულად აღჭურვავს. 2023 წლის თებერვალში აღსაჭურვი შენობის რეკონსტრუქციაც კი არ იყო დასრულებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი