ირაკლი ღარიბაშვილი: სუფთად ჩაატარა პოლიციამ, არავინ არ დაშავებულა [7-9 მარტის აქციებზე]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დარბევისას დაშავებული დემონსტრანტების საერთო რაოდენობაზე ინფორმაციას ამ დრომდე არც ერთი უწყება არ ავრცელებს, თუმცა, როგორც თავად შსს-ს მიერ და მედიაში გავრცელებული ცნობები, ფოტო და ვიდეომასალა მოწმობს, აქციების დაშლისას დემონსტრანტები ნამდვილად დაშავდნენ. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება: თვალების წვა, სუნთქვის გაძნელება, დამწვრობა და დაზიანებები სახის არეში და ა.შ.

აქციის დაშლისას ერთ-ერთმა მოქალაქემ - ზაზა ბირიაშვილმა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიციის მიერ აქციების დასაშლელად გამოყენებული ძალა შეაფასეს, როგორც უკანონო და არაპროპორციული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პოლიციამ 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დაშლის ოპერაცია „სუფთად ჩაატარა“, არავინ არ დაშავებულა, არის მცდარი.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველების მიერ 7-9 მარტის აქციების დარბევისას „არავინ დაშავებულა“ და ოპერაცია პოლიციამ „სუფთად ჩაატარა“.

„როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ, არავინ არ დაშავებულა რეალურად მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ“, - განაცხადა მან 3 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გადაამოწმა.

7 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. კერძოდ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. ათობით ადამიანი დააკავეს, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. შსს-ს ცნობით, დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს პარლამენტთან კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე - გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა კანონპროექტის ჩასაგდებად 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.

აღნიშნულ აქციებზე მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია როგორც შსს-მ, ასევე სხვადასხვა მედიამ გაავრცელა, თუმცა, ოფიციალურ ინფორმაციას, აქციების დარბევისას დაშავებული დემონსტრანტების საერთო რაოდენობაზე, ამ დრომდე არც ერთი უწყება არ ავრცელებს. შსს-მ მხოლოდ დაშავებული პოლიციელების რაოდენობა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ამავე უწყების 58 თანამშრომელი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქციების დარბევისას დაშავებული დემონსტრანტების საერთო რაოდენობაზე ინფორმაციას ამ დრომდე არც ერთი უწყება არ ავრცელებს, როგორც აღვნიშნეთ, თავად შსს-ს მიერ და მედიაში გავრცელებული ცნობები, ფოტო და ვიდეომასალა (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) მოწმობს, რომ აქციების დაშლისას დემონსტრანტები ნამდვილად დაშავდნენ. მათ აღენიშნებოდათ თვალების წვა, სუნთქვის გაძნელება, დამწვრობა და დაზიანებები სახის არეში და ა.შ. სპეციალური დანიშნულების რაზმები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და ე.წ. „წიწაკის სპრეის“, მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

აქციის დაშლისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ზაზა ბირიაშვილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. გარდა ამისა, ამავე მოქალაქემ ტვინის შერყევა და სახის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიტიკოს ზურა გირჩი ჯაფარიძესაც, რომელიც 7 მარტის ღამეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დააკავეს, სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიციის მიერ აქციების დასაშლელად გამოყენებული ძალა - როგორც უკანონო და არაპროპორციული, ისე შეაფასეს.

„მივიჩნევთ, რომ 7-8 მარტს სამართალდამცავთა მიერ არსებითად მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების უფლებაში ჩარევა არ იყო ლეგიტიმური. შსს-ს მიერ გაკეთებული პირველივე ჩარევა იყო უკანონო და არაპროპორციული ზომა. უხეშად დაირღვა კანონი, როდესაც პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე მყოფი დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. Პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების გაფრთხილება სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაიწყო. Პოლიციის მხრიდან კანონის უხეშად დარღვევამ და ძალადობამ გამოიწვია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილის გაღიზიანება. უკვე შემდგომ განხორციელებული ჩარევების დროს კი, პოლიცია სათანადოდ ვერ ახერხებდა მშვიდობიანი უმრავლესობისა და პოლიციასთან დაპირისპირებაში შესული მცირე ჯგუფის დიფერენცირებას“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, ასევე, შეაფასა ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა შეკრებილი მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, რაც „ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“.

„შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც“, - განაცხადა იოსელიანმა. „მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“, - განმარტა მან.

იოსელიანის თქმითვე, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც „აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პოლიციამ 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დაშლის ოპერაცია „სუფთად ჩაატარა“, არავინ არ დაშავებულა, არის მცდარი. აქციების დაშლისას დემონსტრანტები ნამდვილად დაშავდნენ, მეტიც, ერთ-ერთმა მოქალაქემ - ზაზა ბირიაშვილმა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიციის მიერ აქციების დასაშლელად გამოყენებული ძალა - როგორც უკანონო და არაპროპორციული, ისე შეაფასეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია