კახა ოქრიაშვილი: 2023 წელს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ია, ე.ი. რეალური ეკონომიკა მინუსშია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ოქრიაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გამოქვეყნებისას, თუ სხვა დამატებითი ინფორმაცია არაა მითითებული, რეალური ზრდა იგულისხმება და მასში ინფლაციის ეფექტი უკვე გათვალისწინებულია. შესაბამისად, რეალური მონაცემის ინფლაციაზე განმეორებით კორექტირება არასწორია.

2022 წელს ეკონომიკის ნომინალურმა ზრდამ 19.6% შეადგინა, რეალურმა კი 10.1%. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ 2022 წელს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. 2023 წელსაც ანალოგიურად, თუ ზრდის საპროგნოზო 4.5%-იანი მაჩვენებელი გამართლდა, ეს იქნება რეალური ზრდა და არა ნომინალური. შესაბამისად, ამ მონაცემის ინფლაციაზე დამატებით კორექტირება შეცდომაა და მიღებული შედეგი იმდენად მახინჯდება, რომ ზრდა კლებად წარმოჩინდება (იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის განაკვეთი ნომინალში მშპ-ის ზრდის ტემპს აჭარბებს).

პოლიტიკოსის მტკიცება, რომ ეკონომიკა მომავალ წელს მინუსში იქნება, ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების პირობებში, ტყუილია. თუმცა თავისთავად, განცხადების პათოსი, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, რეალობას შეესაბამება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ოქრიაშვილის განცხადება მცდარია.

ანალიზი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ (2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეუერთდა კოალიცია „ძალა ერთობაშიას“, სადაც თავის მხრივ მთავარ პოლიტიკურ ძალას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა) ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა: „დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4.5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5%. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა“.

მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ ერთ წელიწადში ქვეყნის შიგნით წარმოებული ყველა სახის საბოლოო პროდუქტისა და მომსახურების ღირებულების ჯამი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის არასრულყოფილ, მაგრამ არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. წლიდან წლამდე მის ცვლილებას ეკონომიკური ზრდის ტემპი განსაზღვრავს.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში, ინფლაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. დროთა განმავლობაში ლარის მსგავსად - დოლარის, ევროს, გირვანქა სტერლინგისა თუ სხვა ვალუტების მსყიდველუნარიანობა სხვადასხვა ტემპით, მაგრამ მაინც მცირდება. შედეგად, წარმოებული პროდუქციის ჯამური ღირებულება უფრო მეტად იზრდება, ვიდრე თავად პროდუქციის რაოდენობა.

ეკონომიკის მოცულობა ადგილობრივ ვალუტაში ან დოლარში მიმდინარე და საბაზისო ფასებში ცალ-ცალკე ითვლება, მაგრამ ზრდის ტემპი ყოველთვის რეალურ ზრდას ასახავს, იქნება ეს განვლილი პერიოდის შეფასება თუ პროგნოზი. როდესაც საქსტატი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა რომელიმე კონკრეტულ წელს იყო, ან იქნება პირობითად 7%, ინფლაციის გავლენა უკვე გათვალისწინებულია და რეალური ზრდის ტემპი იგულისხმება. ცალკე შეიძლება გამოითვალოს და გამოქვეყნდეს ნომინალური ზრდაც, მაგრამ აუცილებლად იქნება მითითებული, რომ ნომინალურ ზრდაზეა საუბარი.

2022 წელს წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ნომინალური - 19.6%-ით. 2021 წელს დაზუსტებული მონაცემებით, რეალური ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ნომინალური - 21.8%-ით. 2020 წელს ლარში დათვლით ნომინალური ეკონომიკა უცვლელად 49.3 მლრდ-ზე შენარჩუნდა, მაგრამ რეალური მშპ 6.8%--ით შემცირდა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, (გვ. 12) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა მართლაც 4.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 6% იქნება, მაგრამ 4.5%-იანი ზრდა, ამ შემთხვევაშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზია და არა ნომინალურის.

2001-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა მინუსში სულ ორჯერ გავიდა, 2009 და 2020 წლებში. დეპუტატის მიერ დასახელებული მეთოდი რომ სწორი ყოფილიყო, მაშინ 2002, 2008, 2011, 2017 და 2022 წლებშიც კლება უნდა დაფიქსირებულიყო. 2005 წელი მხოლოდ 0.2%-იანი ზრდით უნდა დასრულებულიყო, დღემდე სარეკორდოდ მიჩნეული 2007 წელი კი - 12.6%-ის ნაცვლად, 3.4%-იანი ზრდით.

ცხრილი1: ინფლაცია და მშპ-ის ზრდის ტემპი

წყარო: მსოფლიო ბანკი

იმის მიხედვით, თუ ვინ და რა პერიოდისთვის ახდენს შეფასებას, პოლიტიკოსები მთავრობიდან და ოპოზიციიდან, ერთი და იგივე სიდიდეს ხშირად განსხვავებულად ითვლიან. პოლიტიკოსები საკუთარი მმართველობის პერიოდში მიღწეული შედეგების გაზვიადებისათვის, ნომინალური ზრდის ეკონომიკის ზრდად წარმოჩენას ხშირად ცდილობენ. 2020 წლის სექტემბერში, ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა, როცა რეალური ზრდა 16% იყო. ანალოგიურად, 2018 წლის ნოემბერში ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში [2004-2012 წლებში] საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ, 400%-ით გაიზარდა. რეალურად, 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 71%-ით გაიზარდა. 300%-იანი ზრდა მხოლოდ მიმდინარე ფასებში დაფიქსირდა, ისიც დოლარში დათვლით.

კახა ოქრიაშვილმა საპროგნოზო რეალურ ეკონომიკურ ზრდის ტემპს ინფლაციის განაკვეთი განმეორებით გამოაკლო, რამაც შედეგი მთლიანად შეცვალა და შესაძლო 4.5%-იანი ზრდა სავარაუდო 1.5%-იან კლებად წარმოაჩინა. დეპუტატმა მსგავსი მცდარი მიდგომა 2022 წლის ივლისშიც გამოიყენა. ეკონომიკური ზრდის ამგვარი მეთოდით დათვლა აბსოლუტურად მცდარია და რეალობას სრულიად აცდენილი. შესაბამისად, მტკიცება, რომ ეკონომიკა მომავალ წელს მინუსში იქნება, ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების პირობებში, ტყუილია. თუმცა თავისთავად, განცხადების პათოსი, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, რეალობას შეესაბამება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ოქრიაშვილის განცხადება მცდარია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი