ლევან ხაბეიშვილი : აეროპორტის გზაზე დაყრილი 3-მილიონიანი თეთრი ქვები მწვანედ აბიბინდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: აეროპორტის გზაზე (კახეთის გზატკეცილსა და ევროპის ქუჩის შუა ზოლში) გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში კომპანია „გრინსერვის +“-მა განახორციელა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას აღნიშნულ ტერიტორიაზე გრუნტის მოჭრის, დატკეპნის, ბალახის დათესვის, სარწყავის მოწყობის და შუა ზოლის მარმარილოს თეთრი ქვებით მოპირკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება ჯამში 3 194 940 ლარი იყო. ტერიტორიის მოსაპირკეთებლად სულ 2 482 მ3 ქვა იყო საჭირო, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 1 427 506 ლარი შეადგინა ( 1მ3 ფასი 575 ლარი).

სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, აღნიშნულ ქვებს შორის ბალახი ამოვიდა და მის გასუფთავებას „თბილსერვისის“ სამსახურის წარმომადგენლები მუხლზე დამდგარნი ცდილობენ. ფოტოზე აღბეჭდილი შესრულებული სამუშაოს მასშტაბებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბალახი მართლაც საკმაო რაოდენობით არის ამოსული.

ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში პროექტის ჯამურ ღირებულებას ასახელებს, თუმცა მხოლოდ ქვების შესაძენადაც საკმაოდ სოლიდური თანხა -1.5 დაიხარჯა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო (ქვებს შორის ბალახის ამოსვლის საპრევენციოდ, როგორც წესი, გრუნტზე ქვების დაყრის დროს, ნიადაგს ქვემოთ სპეციალური ფირი იგება), ქვები ბალახმა დაფარა, რაც ბიუჯეტის სახსრების უყაირათოდ ხარჯვაზე მიუთითებს.

შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა „კვირის ფორმულაში“ სტუმრობისას სხვა საკითხებთან ერთად აეროპორტის გზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ქვები ჩამოიტანა ირანიდან კალაძემ, თეთრი ქვები დაყარა აეროპორტის გზაზე და თქვა, აქ ლამაზია თეთრი ქვები უნდა იყოსო, აბიბინდა სამი მილიონი, გაბალახდა, სამი მილიონი გახდა მწვანე“.

აეროპორტის გზაზე (კახეთის გზატკეცილსა და ევროპის ქუჩის შუა ზოლში) გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში განხორციელდა. აღნიშნული მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (NAT190012239) შპს „გრინსერვის+“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე გრუნტის მოჭრის, დატკეპნის, ბალახის დათესვის, სარწყავის მოწყობის და შუა ზოლის მარმარილოს თეთრი ქვებით მოპირკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 3 194 940 ლარი იყო და ძალაში 2019 წლის 8 აგვისტოს შევიდა.

როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა შუა ზოლის მარმარილოს თეთრი ქვებით (20-30 მმ) მოპირკეთება იყო. ტენდერის პირობებით, პრეტენდენტს შემსყიდველ ორგანიზაციაში (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში) მისაწოდებელი მარმარილოს დეკორატიული ქვის ნიმუში და მისი იდენტობის (მათ შორის პარამეტრების და ქვის წარმომავლობის (სახეობა) შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გაცემული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ), უნდა წარედგინა. მოთხოვნაში ასევე ეწერა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.

ხელშეკრულების ამოქმედებიდან მასში ცვლილება ხუთჯერ შევიდა. ოთხი ცვლილების საფუძველი „გრინსერვისის“ მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ძველი ბოძების დემონტაჟს და მათი ახლით ჩანაცვლებას ახორციელებდა, სამუშაოები დროულად ვერ დაასრულა, შესაბამისად, „გრინსერვისი +“ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ახორციელებდა და აღნიშნულის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადა გახანგრძლივდა.

ხელშეკრულების ერთი ცვლილება მარმარილოს ქვების ზომას შეეხებოდა. დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორიის დიდი მასშტაბის გამო, მცირე ზომის ქვები ვიზუალურ მიმზიდველობას კარგავდა, ასევე აღნიშნული ზომის ქვები ნაკლები სიმძიმის გამო, არამდგრადი იყო. ამიტომ, გადაწყდა, ტერიტორიაზე უფრო დიდი ზომის (არანაკლებ 6 სმ) და გლუვი ქვები გაშლილიყო. ტერიტორიის მოსაპირკეთებლად სულ 2 482 მ3 ქვა იყო საჭირო, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 1 427 506 ლარი შეადგინა ( 1მ3 ფასი 575 ლარი).

სწორედ 1.5 მლნ ღირებულების ქვებით მოპირკეთდა აეროპორტის გზის გამწვანებული ტერიტორია. რა მდგომარეობა დღეს დასახელებულ გზაზე?

სოციალურ ქსელში (face-book) გავრცელებულ ფოტოებზე კარგად ჩანს თეთრ ქვებს შორის მწვანედ ამოსული ბალახი და „თბილსერვისის“ თანამშრომლები, რომლებიც ქვების ბალახისგან გაწმენდის სამუშაოებს მუხლებზე მდგომნი ასრულებენ. ბალახი რომ დიდი რაოდენობით არის ამოსული, ამაზე უკვე გაწმენდილ ტერიტორიაზე არსებული ბალახის გროვებიც მიუთითებს. შესაბამისად, ვიზუალური მასალა ნამდვილად ადასტურებს, რომ თბილისის მერიის მიერ 1.5 მილიონად ნაყიდი მარმარილოს ქვები ბალახმა დაფარა და იმისთვის რომ ტერიტორიამ ვიზუალური ეფექტი შეინარჩუნოს, რაზეც თავის დროზე აქცენტი კეთდებოდა, ყოველწლიურად დამატებით სახსრების და სამუშაო ძალის მობილიზება არის საჭირო. აღნიშნული კი ბიუჯეტის სახსრების უყაირათოდ ხარჯვის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

ლევან ხაბეიშვილი მარმარილოს ქვების ღირებულებად პროექტის მთლიან ღირებულებას ასახელებს, აქედან გამომდინარე, განცხადებას ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე, ვაფასებთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია