ჯაბა ფუტკარაძე: 2022 წელს, უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა გვაქვს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

განცხადება: უპრეცედენტო წელი იყო 2022 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით - 116 მლნ აშშ დოლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა გვაქვს.

რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს აჭარაში, ოთხივე კვარტლის მიხედვით, ჯამში 116 542 800 აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (პუი) განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 84 938 200 აშშ დოლართან მიმართებით, მართლაც 37.2%-ითაა გაზრდილი. შარშან პუი-ს მთლიანი მოცულობის დიდი წილი, 58 184 100 $, განხორციელდა პირველ კვარტალში და აქედან 36 582 200 $ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე მოდის. ასეთი მაღალი ინტერესი უძრავი ქონებით აჭარაში, ბოლო რამდენიმე წელია, არ დაფიქსირებულა. პირიქით, პანდემიამდელ პერიოდშიც კი, გაცილებით ნაკლები იყო. აჭარაში უძრავ ქონებაზე ინტერესის ზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო, როცა საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქე შემოვიდა.

შარშან აჭარაში რეინვესტირების მოცულობამ 154 200 600 $ შეადგინა, თუმცა სავალო ვალდებულებებმა პუი-ს მთლიანი მოცულობა 47 051 100 $-ით შეამცირა. რაც შეეხება სააქციო კაპიტალს, 2022 წელს 9 393 300 $ იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 6 706 200 $-ით ნაკლებია.

შარშანდელი წლიური მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს, როცა რეგიონში 193 271 300 აშშ დოლარის მოცულობის პუი დაფიქსირდა. მინისტრი კი ამბობს, რომ 2022 წელი „უპრეცედენტო“ იყო. როგორც ვხედავთ, პუი-ს მოცულობა 2019 წლის მონაცემს ვერ დაეწია. უფრო მეტიც, რეგიონში პუი-ს განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2017 წელს, 209 642 100 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს, 2021 წელთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართლაც საგრძნობლად გაზრდილია, მაგრამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, უპრეცედენტო არ არის, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით „ნახევრად სიმართლე“.

ანალიზი: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „უპრეცედენტო წელი იყო 2022 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით - 116 მლნ აშშ დოლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა გვაქვს.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 2022 წელს 116 542 800 აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 31 604 600 აშშ დოლარით მეტი ინვესტიცია (პუი) განხორციელდა, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. დანართი 1

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2019-2022 წლების კვარტლების მიხედვით, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, 2021 წლის პირველ და მეორე კვარტლებში პუი-ს მოცულობა წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს აღემატებოდა, ხოლო მესამე კვარტალში დაეცა. ჯამში, 2022 წლის მიხედვით, 116 542 800 $ შეადგინა.

როგორც ვიცით, პუი სამი კომპონენტისგან შედგება და სრული სურათის დასანახად, მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ 2022 წელს რეინვესტირების კომპონენტი მაღალი, თუმცა სავალო ვალდებულებების გამო, პუი-ს მთლიანი მოცულობა 47 051 100 $-ით მცირდება. გასულ წელთან შედარებით, ნაკლებია სააქციო კაპიტალის მოცულობაც. დანართი 2

ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში, 2021-2022 წლები, კომპონენტების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, წინა შესადარებელ მონაცემთან მიმართებით, 2022 წელს რეინვესტირების მოცულობა, თითქმის, 722%-ით გაზრდილია. თუმცა, სავალო ვალდებულებების გამო, პუი-ს მთლიანი მოცულობა 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მხოლოდ 37.2%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან მიმართებით, 41.7%-ით ნაკლები იყო სააქციო კაპიტალის მოცულობაც.

თუმცა აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ სტატია 2019 წელს გამოაქვეყნა. საერთოდ, საქსტატი აჭარის მონაცემებს 2009 წლიდან ითვლის და 2022 წლის FDI-ის მოცულობას მაჩვენებლები აღემატებოდა 2014-2015 წლებში და 2017 წელს.

გრაფიკი 1. აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ 2014 წლის FDI-ის წინა წლის მონაცემს შევადარეთ, როგორც ეს მინისტრმა 2022 და 2021 წლების მონაცემების შემთხვევაში გააკეთა, ზრდა 103%-ს აღემატება, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელი, 2016 წლის პარამეტრთან მიმართებით, გაზრდილია 93%-ზე მეტით. ანუ ამ ასპექტშიც, 37.2%-იანი ზრდა უპრეცედენტოდ ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ყველაზე მსხვილ ინვესტორად თურქეთი რჩება. შარშან მან აჭარაში 65 708 800 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი და მესამეზე - რუსეთის ფედერაცია.

გრაფიკი 2. აჭარის რეგიონში განხორციელებული FDI ქვეყნების მიხედვით, 2019-2022 წლები, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დანარჩენი მოცულობა გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყანაზე. რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში, პუი-ს ოდენობა ცოტათი აღემატება 1 მლნ აშშ დოლარს, უმეტესად კი 1 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებია. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკას, მართალია, შარშან აჭარაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება. რუსეთის ფედერაციიდან კი მეტი პუი განხორციელდა, ვიდრე 2020 და 2021 წლებში. ექსპერტების შეფასებით, საქართველოში უძრავ ქონებაზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა. აღნიშნული გარემოება დროში ემთხვევა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას, რის შემდეგაც საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქე შემოვიდა. აჭარაში განხორციელებული პუი-ს ყველაზე დიდი წილი კი სწორედ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე მოდის.

გრაფიკი 3. აჭარაში განხორციელებული FDI სექტორების მიხედვით, 2019-2022 წლები, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის მიხედვით, უძრავი ქონების სექტორში 46 270 700 $-ის პუი განხორციელდა. ჩვენ მიერ აღებულ საანგარიშო პერიოდში, ასეთი მაღალი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ინვესტიციები საგრძნობლად შემცირებულია. საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკაში პუი-ს ყველაზე დიდი მოცულობა 2019 წელს განხორციელდა. 2022 წელს კი მინუს 27939 100 აშშ დოლარი დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, უარყოფითი (მინუს) მონაცემი ნიშნავს, რომ პუი, საერთო ჯამში, წამგებიანია, რადგან ინვესტორი ინვესტირებული რესურსის ნაწილს კარგავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი