გურამ მაჭარაშვილი: სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არის, მათ შორის, დღევანდელი რეგლამენტითაც კი, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია [სასამართლოში შესაძლო დარღვევებზე]

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ორი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ერთი სასამართლოში არსებულ სისტემურ კანონდარღვევებს, ხოლო მეორე, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილების თანახმად, მათ აშშ-ში შესვლა მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო აეკრძალათ.

რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს, 12 აპრილს დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების გლობალურ თაღლითურ ქსელთან კავშირებზე მიუთითებს და მას ამ სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის იდეას მხარს არ უჭერენ. ისინი ერთი მხრივ, თვლიან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პარალელურად ამ საქმიანობის წამოწყება ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს არ ემსახურება და შესაბამისად, ამ ინიციატივას ოპოზიციის საბოტაჟად მიიჩნევენ. ხოლო მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნას კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნის სამართლებრივი მსვლელობა სამჯერ დააბრკოლა. კერძოდ, კომისიის შექმნის საკითხს კენჭი სამჯერ ვერ ეყარა, რადგან საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია დეპუტატების ნახევარზე მეტს გაევლო, რაც საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი გახლდათ. ვინაიდან უმრავლესობამ რეგისტრაცია კენჭისყრამდე არ გაიარა, კვორუმი სამივეჯერ ჩავარდა.

2 მაისს გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ,,სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს, მათ შორის, დღევანდელი რეგლამენტითაც კი, რომ ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას“. ,,რომელიმე სახელმწიფოს ელჩი თუ იტყვის, რომ მხოლოდ მე მაქვს ასეთი მტკიცებულება და არავის არ ვაჩვენებ, ბუნებრივია, რომ ეს, ჯერ ერთი, შეურაცხმყოფელია და მერე მეორე, სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არის მათ შორის, დღევანდელი რეგლამენტითაც კი რომ შეიქმნას კომისია, ეს არის დაუშვებელი, არცერთ სახელმწიფოში არავის არ მოუვა თავში აზრად, რომ პარლამენტმა, ხელისუფლების პირველმა შტომ, შეამოწმოს ხელისუფლების მესამე შტო, თან ინდივიდუალური მოსამართლეები, თან უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ გურამ მაჭარაშვილის განცხადება გადაამოწმა.

პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს აქვს, ხოლო, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით მიიღება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება არაუმეტეს 3 თვის ვადით შეიქმნას, საგამონაკლისო შემთხვევებში კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში უფლებამოსილების საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

დროებით საგამოძიებო კომისიას ფართო უფლებამოსილებები გააჩნია, მათ შორისაა:

შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო ნებისმიერი პირის მიწვევა და წერილობითი ახსნა-განმარტების ჩამორთმევა (გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ორგანოთა წარმომადგენლების მიწვევა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საკითხის დასმა შესაბამისი ორგანოს წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხის დასმა და სხვ.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლებს, პარლამენტის რეგლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის 2 საფუძველია გაწერილი.

ესენია:

) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;

) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ. (15.07.2020. №7024)

ვინაიდან, სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსამართლეთა მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენების ფაქტებისა თუ სასამართლოზე შესაძლო გავლენების შესწავლას მიემართება, ამ ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად რეგლამენტის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტი უნდა მივიჩნიოთ.

როგორც გურამ მაჭარაშვილის განცხადებიდან გამოიკვეთა, იგი ძირითადად 2 მიზეზის გამო ამტკიცებს, რომ მოქმედი რეგლამენტით სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლებელია. პირველ რიგში, ის ამბობს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის განმტკიცებული, საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი ვერ გახდება. გარდა ამისა, ის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ სასამართლოს ,,შემოწმება“ დაუშვებელია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის რეგლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრეს არ აკონკრეტებს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია სახელდება, რომელიც სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე მიუთითებს და რომელმაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესს საფრთხე შეუქმნას.

გარდა ამისა, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებები პირთა მოწვევისა და მათთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თვალსაზრისითაც ფართოა, რადგან დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ნებისმიერ პირს ჩამოართვას, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარლამენტის რეგლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობიდან არც სასამართლოს ან მოსამართლეთა საქმიანობის შესწავლას არ გამორიცხავს და არც მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას არ კრძალავს, რადგან კანონში მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება.

მოსამართლეთა მიმართ სხვადასხვა ღონისძიების გატარება საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, მოსამართლეთა ხელშეუხებლობის გარანტიით არის შეზღუდული. 63-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მოსამართლის სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება,საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადიგაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე (გამონაკლისი იხ. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლში). აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის აკრძალვა დროებით საგამოძიებო კომისიასთან მიმართებით არ არსებობს და მოსამართლეთა ხელშეუხებლობა მათ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისგან ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გატარებული ღონისძიებებისგან არ ათავისუფლებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ ,,დღევანდელი რეგლამენტით დაუშვებელია ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა“, სიმართლეს არ შეესაბამება.

დამატებით, ამ საკითხზე ,,ფაქტ-მეტრი’’ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტს ვახტანგ მენაბდეს დაუკავშირდა. ვახტანგ მენაბდესთან ,,ფაქტ-მეტრმა’’ ორი საკითხი დააზუსტა, პირველი - რა ტიპის ,,ინფორმაცია’’ გახდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი და მეორე - პარლამენტის მიერ მოსამართლეთა საქმიანობის შესწავლა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ხომ არ ეწინააღმდეგება.

პირველ კითხვაზე პასუხად, მენაბდემ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საკმარისია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს, საკითხის გამოკვლევის საჭიროებაში დაარწმუნებდა. მისი თქმით, განსხვავებით მართლმსაჯულების განხორციელების სისხლის სამართლებრივი წესებისა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული სახის სტანდარტები და კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის სუბიექტური აღქმა, რომ საკითხი გამოკვლევას საჭიროებს, სავსებით საკმარისია.

ზოგადად, როდესაც სამართლებრივი გადაწყვეტილების მიმღები გადაწყვეტილების მიღებისას შებოჭილია კონკრეტული სახის სახელმძღვანელო სტანდარტებით, ეს სტანდარტები კანონმდებლობაში მკაფიოდ არის გაწერილი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოძიების ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ ,,დასაბუთებული ვარაუდის’’ სტანდარტით. კოდექსის თანახმად, ეს არის ფაქტების ან ინფორმაციის იმგვარი ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაესკვნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან მიმართებით ასეთი ტიპის სტანდარტები არ არსებობს. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლში არის გაწერილი, პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების ეტაპს უკავშირდება და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს ავალდებულებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად გადაეცემა, პარლამენტს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას.

რაც შეეხება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, მენაბდეს თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების გამოკვლევა კონსტიტუციით გარანტირებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არ ეწინააღმდეგება. ვახტან მენაბდე აღნიშნავს, რომ მოსამართლეები ამ პროცესში აღჭურვილნი არიან კონსტიტუციური გარანტიებით. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ, ისეთი შეკითხვები აიცილონ, რომლებიც მათი შინაგანი რწმენის ფორმირებას ან შინაგან რწმენაზე გავლენის მქონე ფაქტორების გამოკვლევას უკავშირდება. ამის მიუხედავად, მენაბდის თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება რჩება, შეისწავლოს, მოსამართლეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზეგავლენა ხომ არ მოუხდენიათ. ასევე, შესწავლის საგანი შეიძლება ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ან კორუფციული სამართალდარღვევა გახდეს.

საბოლოო ჯამში, ცხადია, რომ ის სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც გურამ მაჭარაშვილმა გააჟღერა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც 50 დეპუტატის აზრით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს საფრთხეს უქმნის, შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი გახდეს.

ამასთან, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოსამართლეთათვის ახნა-განმარტების ჩამორთმევა იმთავითვე მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას ან ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევას არ გულისხმობს, რადგან მოსამართლეები ამ პროცესშიც კონსტიტუციური გარანტიებით არიან აღჭურვილნი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი