ელენე ხოშტარია: თბილისის მერიამ რუსული ვაგონები იყიდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის დანიშნულება თბილისის მეტროსთვის 44 ერთეული მეტროს ვაგონის შესყიდვა იყო, რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ევრო იყო. პირველ ეტაპზე, უკრაინაში რუსეთის შჭრის შემდგომ პერიოდში, თბილისის მერიამ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაჩერა. საბოლოოდ, რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა (მერიის განმარტებით, ფინანსური ზარალის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ მოხერხდა), უბრალოდ თავდაცვის მექანიზმები ჩაიდო, სანამ მეტროს ვაგონები თბილისში არ ჩამოვა და ექსპლუატაციაში არ შევა, თანხის გადარიცხვა არ მოხდება.

აქედან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას განცხადება სიმართლეა, რასაც თვითონ მერიაც არ უარყოფს და ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება.

ანალიზი

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლითაც პოლიტიკოსის განცხადებით დასტურდება, რომ მერმა რუსული მეტროს ვაგონები იყიდა და ამ ქვემედბით, აგრესორი ქვეყანა დააფინანსა, ამიტომ ხოშტარია კალაძის დასანქცირებას ითხოვს. ბრიფინგზე პოლიტიკოსმა საქართველოს რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებისთვის გამოყენებასაც გაუსვა ხაზი.

თბილისის მეტროს პროექტი 2020 წლის აპრილში იქნა განხილული და მოწონებული. პროექტის მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) 75 მილიონ ევროიანი სესხი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. პროექტის ფარგლებში 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენა და მეტროს გვირაბის და დეპოს რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული.

რუსეთიდან მეტროს ვაგონების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2021 წლის 29 დეკემბერს რუსულმა სააგენტო „ტასს“-მა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის დანიშნულება თბილისის მეტროსთვის 44 ერთეული მეტროს ვაგონის შესყიდვა იყო, რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ევრო იყო.

2022 წლის მარტში თბილისისი მერი კახა კალაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა თბილისისი მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. „როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვის წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც: თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ს მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა“, - ამბობდა თბილისის მერი.

ამასთან კახა კალაძე იმ ფაქტსაც უსვამდა ხაზს, რომ იმ დროისთვის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებული იყო, რადგან რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, არ იყო ცნობილი, რომელ კომპანიებს დაეკისრებოდათ სანქციები.

გასული წლის ნოემბერში თბილისის მერისვე განცხადებით გაირკვა, რომ საქართველო მეტროს ვაგონებს რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან აღარ შეიძენდა. აღნიშნულის მიზეზად ის საშიშროება დასახელდა, რომ შესაძლო იყო კომპანია სანქციების ქვეშ მოქცეულიყო. „კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისისი მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან კმუნიკაცია, პროცესებში ჩართულია EBRD-იც“,- ამბობდა თბილისის მერი.

უკვე მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მეტროს ვაგონებს ისევ რუსული კომპანია -„მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენდა. თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული იძულებითი ნაბიჯი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა დაჯარიმების და ფინანსური პრობლემების გარეშე ვერ მოხერხდა. ამიტომ არჩევანი ქვეყნისთვის ფინანსური ზარალის არიდების სასარგებლოდ გაკეთდა.

ასევე, გაირკვა, რომ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ფინანსური რისკების დაზღვევა მოხდა - ანაზღაურება ვაგონების თბილისში ჩამოსვლის და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოხდება, ამით რისკი, რომ კომპანია წარმოებას ვერ შეძლებს და თანხა გადახდილი იქნება, აციელბული იქნება.

კახა კალაძემ რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება იმით ახსნა, რომ კანონმდებლობა ტენდერით შესაძენი პროდუქციის წარმომავლობის კონტროლს არ ითვალისწინებს. „როდესაც დედაქალაქის მერია აცხადებს ტენდერს, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს კანონმდებლობით, რომ მივუთითოთ პროდუქტის წარმომავლობა და არც არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ ბრენდი“.

განხილული მასალოდან დასტურდება, რომ თბილისის მერიამ მეტროს ვაგონები რუსული კომპანიიდან შეიძინა, რასაც არც მერია არ უარყოფს.

რაც შეეხება საქართველოს რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებისთვის გამოყენებას, „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატია მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, მტკიცებას, რომ საქართველო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება, შესაბამისი საფუძველი სჭირდება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველო (პოლიტიკური განცხადებების დონეზე) სანქციებს არ შეუერთდა, ამ მძიმე ბრალდებისათვის საკმარის არგუმენტს არ წარმოადგენს. საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები არ მიუთითებს რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების იმ მასშტაბით ინტენსიფიკაციაზე, რომ დასაბუთებული იყოს ვარაუდი რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ასავლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე.

„ფაქტ მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი