აკაკი გვიანიძე: მერამდენე წელიწადია, [ბათუმის საკრებულოს] სხდომის დღის წესრიგში ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ინიციირებული საკითხი არ მოხვედრილა

ვერდიქტი: აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ოფიციალური პასუხის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში, 2017 წლიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ოპოზიციის მიერ ინიციირებულია ოცდაათი საკითხი. დანართი 1 აქედან თორმეტი ინიციატივა ეკუთვნის 2019 წელს შექმნილ ფრაქცია „ბათუმს“ , რომლის ერთი წევრიც ღიად აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. მეორე წევრი გახლდათ საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვედრილი დეპუტატი, რომელიც, ფრაქციის შექმნის დროს, დამოუკიდებელ წევრად მოიხსენიება, ხოლო მესამე „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა. 2019-2020 წლებში საკრებულოში ოთხი ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებისგან“ შევიდა. „ბათუმის“ შემთხვევაში, დადებითად გადაწყდა ორი საკითხი, ხოლო „კონსერვატორების“ მიერ ინიციირებული საკითხებიდან - ერთი.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ათი ინიციატივიდან, მთავარი სხდომის დღის წესრიგში არც ერთი არ მოხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრების აკაკი გვიანიძის ორი და ნატალია ძიძიგურის ერთი ინიციატივა ასევე მთავარი სხდომის მიღმა დარჩა. კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, საკრებულოში „ლელოს“ სიით მოხვედრილი ვაჟა დარჩიას ინიციატივა, რომელიც საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსებას ეხება, დაკმაყოფილდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ ნახსენები ორი ფრაქციიდან, ერთის წევრი მმართველი პარტიის მხარდაჭერას ადასტურებდა, ხოლო მეორე ფრაქციის სახელწოდება თავად მიუთითებს „ოცნებასთან“ კავშირზე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა: „მერამდენე წელიწადია, [ბათუმის საკრებულოს] სხდომის დღის წესრიგში ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ინიციირებული საკითხი არ მოხვედრილა“.

„ფაქტ-მეტრი“ განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად მივმართეთ და ბოლო ორი მოწვევის საკრებულოს პერიოდში ოპოზიციის მიერ ინიციირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, 2017 წლიდან 2023 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრისა და ფრაქციის მიერ, სულ ოცდაათი საკითხი იყო ინიცირებული. აქედან თორმეტი ინიციატივა ეკუთვნის ფრაქცია „ბათუმს“, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. მისი ერთ-ერთი წევრი „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ ფრაქციაში გაწევრიანების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად რჩებოდა. „ბათუმის“ მეორე წევრი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი (ის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა) და მესამე - „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. 2019-2021 წელს „ბათუმის“ მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან, ერთი ეხებოდა შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვაში გამონაკლისის დაშვებას, რის საფუძველზეც, საკრებულომ 2018 წლის №79 განკარგულებაში ცვლილება განახორციელა. რამდენიმე ინიციატივა ქუჩებისთვის სახელების გადარქმევას ეხება. საინტერესოა, რომ 2021 წლის 1 მარტს სწორედ ფრაქცია „ბათუმმა“ წარადგინა ინიციატივა სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მხრიდან სამშენებლო რეგულაციების დარღვევიდან გამომდინარე (დაუსრულებელი კორპუსები) საკანონმდებლო დონეზე გარკვეული სახის სამშენებლო ამნისტიის მიღების თაობაზე. საკრებულოდან მიღებული პასუხის თანახმად, ის „ქვემდებარეობისამებრ გადაიგზავნა“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 18 აპრილს უკვე პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება, კერძოდ, ბათუმში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია კორუფციის კიდევ ერთ შესაძლებლობად მიიჩნევს და აპროტესტებს.

საკრებულომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინიციატივების ჩამონათვალში შეიტანა 2019-2020 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ მიერ ინიციირებული საკითხებიც. ოთხი საკითხიდან, ერთი გაითვალისწინეს 2020 წლის ბიუჯეტში, ხოლო სამი გადაიგზავნა ქვემდებარეობისამებრ.

2018-2023 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ათი ინიციატივა ჰქონდა. შვიდ მათგანზე მითითებულია, რომ გადაიგზავნა ქვემდებარეობისამებრ. ერთი ინიციატივა, რომელიც „ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სხვა დოკუმენტაციის წესის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ეხება, დღის წესრიგიდან მოიხსნა. მიზეზად დასახელებულია, რომ ცვლილებების შეტანა არღვევს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის ერთ-ერთ მუხლს, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას ეხება.

2020 წელს ენმ-მ დააინიციირა საკითხი მერიის ანტიკრიზისული გეგმის საფუძველზე საგანგებო ბიუჯეტის წარდგენისა და სხვა ღონისძიებების გატარების შესახებ. საკითხი საკრებულოს გვერდზე გამოქვეყნდა და ფრაქციის მიერ მერს გაეგზავნა. დაანონსდა საკრებულოს სხდომაც, რომელიც არ ჩატარდა, რადგან ოპოზიციის წევრების რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ფრაქცია „ბათუმის“ წევრები იმ სხდომაზე არ მივიდნენ. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ დაწერა.

2021 წლის დეკემბერში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა საკითხი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ. საკრებულომ ჩათვალა, რომ ინიციატივა კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ (რომელსაც რამდენიმე თვეში ვადა ეწურებოდა) ნაჩქარევად დაამტკიცა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ამისთვის უმრავლესობამ ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის პროცედურაც კი შეცვალა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ჩვენ დავუკავშირდით საკრებულოს წევრს ენმ-დან რევაზ ხარაზს, რომელმაც გვითხრა, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს მათი არც ერთი ინიციატივა, წერილი და მიმართვა არ გაუთვალისწინებია. რაც შეეხება ჩვენთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში მითითებულ ფრაზას „გადაიგზავნა ქვემდებარეობისამებრ“, პოლიტიკოსმა განმარტა, რომ შესაძლოა, რამდენიმე საკითხი შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

რაც შეეხება აკაკი გვიანიძეს, ის ბათუმის საკრებულოს წევრია 2021 წლიდან. მან და მისმა თანაგუნდელმა საკანონმდებლო ორგანოს სამი ინიციატივით მიმართეს. სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ კიდევ არაერთი ინიციატივა ჰქონდა. თუმცა საკრებულოს სხდომებზე არც ერთი არ გასულა. ერთ-ერთ ინიციატივაზე, რომელიც 2022 წლის 31 ოქტომბერსაა დარეგისტრირებული და ბათუმის საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიული ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ეხება, მითითებულია, რომ საკრებულომ საკითხი მერიას გადაუგზავნა. აკაკი გვიანიძეს მერიისგან პასუხი არ მიუღია. უფრო მეტიც, მან ჩვენგან შეიტყო, რომ საკითხი აღმასრულებელ ორგანოში იყო გადაგზავნილი. ავარიული სახლების საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ ინიციატივის დღის წესრიგში შეტანა კი საკრებულომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ნულოვანი ტარიფის დაწესების შესახებ საკითხი „გადაგზავნილია დაქვემდებარებისამებრ“.

ბათუმის კიდევ ერთ ოპოზიციონერ წევრს პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩიას საკრებულოსთვის ერთი ინიციატივა წარუდგენია. ესაა ერთ-ერთ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა.

აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობას საზოგადოებრივი განვითარების აკადემია აკვირდება. ის ასევე ინდივიდუალურად აფასებს საკრებულოს საქმიანობაში მისი თითოეული წევრის აქტიურობის ხარისხს და ყოველ კვარტალში შესაბამის ანგარიშს აქვეყნებს. 2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს ოცდათხუთმეტი წევრიდან, კომისიის სხდომებში აქტიურობით სამი წევრი გამოირჩევა, ორი მეტ-ნაკლებად აქტიურია, ხოლო დანარჩენი - პასიური. იმავე პერიოდში, მთავარ სხდომებზე სულ რვა ინიციატივა გავიდა, საიდანაც ექვსი გაითვალისწინეს, ორი - არა. მთავარ სხდომებში ოპოზიციის წევრებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ აკაკი გვიანიძე, ვაჟა დარჩია, რევაზ ხარაზი, ნოდარ დუმბაძე (ენმ) და ნაზი ფუტკარაძე (ენმ). აკაკი გვიანიძე და რევაზ ხარაზი აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიის სხდომებშიც.

აღნიშნულ საკითხს ამონიტორინგებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“, რომლის 2017-2019 წლების საკრებულოს საქმიანობის ანგარიშში ნათქვამია, რომ საკრებულოში, ინიცირების წესით, ფრაქციებმა სულ თორმეტი სამართლებრივი აქტი წარადგინეს, საიდანაც საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყველა ინიციატივა მიიღო, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივებიდან, არც ერთი არ გაიზიარა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი