სოციალურ ქსელში 5G ტექნოლოგიების შესახებ ვიდეო ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ ანტენებს ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრს“ 5G ანტენების თემაზე აქამდეც არაერთი ინფორმაცია გადაუმოწმებია. (1, 2, 3, 4)

ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „5G ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით! არანაირი სამეცნიერო დასკვნა არ არსებობს აღნიშნული ტექნოლოგიის ადამიანის ჯამრთელობაზე ზემოქმედების შესახებ! ჩვენ სულ ახლახანს საკუთარ თავზე გადავიტანეთ ცრუ პანდემიის შედეგები! ახლა კი ახალი მასობრივი განადგურების იარაღის დამონტაჟება გაშვება დაწყებულია საქართველოში. თუ სასწრაფოდ არ დავიწყებთ და არ მოვახდენთ აღნიშნულ 5G ტექნოლოგიის მასობრივი განადგურების იარაღის დანერგვის წინააღმდეგ რეაგირებას ხვალ უკვე გვიანი იქნება!“

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგაჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტოს. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს თანახმად, მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ.

გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 5G ტექნოლოგიების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: „დღემდე, მრავალი გამოკვლევის შემდეგ, არ არის ნაპოვნი მიზეზობრივი კავშირი უკაბელო ტექნოლოგიების ზემოქმედებასა და ჯანმრთელობის უარყოფით შედეგებს შორის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასკვნები ემყარება მთელ რადიოსპექტრში ჩატარებულ კვლევებს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კვლევა ჩატარდა იმ სიხშირეებზე, რომლებსაც გამოიყენებს 5G“.

გარდა ამისა სხვა მრავალი კვლევითაც ჩანს, რომ არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ 5G ანტენები ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ავსტრალიის კიბოს კვლევით საბჭოს Cancer council-ს ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს: „მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5G რადიოსიხშირის ზემოქმედებამ (მობილური ტელეფონის გამოყენებისგან დამოუკიდებლად) გამოიწვიოს კიბო, ბევრი ადამიანი წუხს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება ამას მაინც გამოიწვევს. თუმცა აღნიშნული პრობლემის გამოწვევის მტკიცებულებები საკმაოდ მცირეა. 2018 წელს გამოქვეყნებულ ავსტრალიურ კვლევაში მობილური ტელეფონის მოხმარების ზრდასა და ტვინის კიბოს სიხშირის ზრდას შორის კავშირი არ დადგინდა. ზოგადად, აქამდე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ „არ არსებობს კიბოს რისკის ზრდა, რომელიც დაკავშირებულია მობილური ტელეფონის გამოყენების ნორმალურ დონესთან“.

ასევე დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ორგანიზაციაც აცხადებს, რომ „არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ 5G მობილური ქსელი ზრდის კიბოს რისკს. მართალია, 5G ქსელები იყენებენ უფრო მაღალი სიხშირის ტალღებს, ვიდრე 4G ან უფრო ძველი მობილური ქსელები, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი ენერგია დნმ-ის დაზიანებისთვის და კიბოს გამოწვევისთვის“. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლევები აღნიშნულ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს.

ამავე მოსაზრებას ვხვდებით აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში: „ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა საკმაოდ მწირი მტკიცებულება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ, მათ შორის კიბოს, რეპროდუქციაზე და სხვა დაავადებებზე. ამ მიმოხილვამ არ აჩვენა დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ დაბალი დონის რადიოსიხშირის ველები 6GHz-ზე მეტი, რომელსაც 5G ქსელი იყენებს, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.

გარდა ზემოაღნიშნული დეზინფორმაციისა, ვიდეოში ასევე ვხვდებით კონსპირაციას ბილ გეითსის შესახებ და კორონავირუსთან მის კავშირზე. აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებს ( ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

ვიდეოში ნათქვამია, რომ ბილ გეიტსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი ინვესტორი და ფიზიკური თანამფლობელია. მართალია, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია, თუმცა მფლობელი ნამდვილად არ არის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია არ არის კერძო ორგანიზაცია, იგი გაერთიანებული ერების სპეციალური დაწესებულებაა.

ასევე ვიდეოში ვხვდებით დეზინფორმაციას Covid 19-ის აბრევიატურასთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, COVID-19 იშიფრება როგორც – COronaVIrus Disease 2019.

ამგვარად, ვინაიდან 5G ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ახალია და მასთან დაკავშირებით კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, ყალბია მტკიცება იმის შესახებ, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ.

________________________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი