კომპანია „მაკდონალდსმა“ ბანერები გამოაკრა შემდეგი წარწერით - „დღეს, საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“. აღნიშნულ ბანერებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, „ეს არის ბინძური ტყუილი... რეალურად ჭყონია და მისი კომპანია ასახელებენ რიცხვს, რომელსაც საქართველოს მთავრობის ძალიან კარგი სოციალური პოლიტიკის შედეგად ეძლევათ 200 ლარიანი დახმარება, რაც საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს ოჯახები სიღარიბეში ცხოვრობენ! სიღარიბე და სოციალური დახმარების მიმღები სხვადასხვა ცნებაა“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალური დახმარების მიმღები არიან ოჯახები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულად ბენეფიტებს საჭიროებენ, რათა არსებობა შეძლონ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის 230,880 16 წლამდე ასაკის პირი, რაც 16 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობის დაახლოებით 28%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში სოციალურად დაუცველ 16 წლამდე პირთა რაოდენობა 236 ათასს აჭარბებდა. შესაბამისად, „მაკდონალდსის“ ბანერზე გამოკრული რიცხვი სოციალურად დაუცველ ბავშვთა რაოდენობასთან არის ახლო.

აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების ზრდაზე გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამაც იქონია. კერძოდ, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა. 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია. მანამდე დახმარება მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. 16 წლამდე პირების რაოდენობა, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100,001-120,000-ს შეადგენს, 31, 688-ია.

სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება 150 ლარს შეადგენს, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან კი 200 ლარამდე გაზრდა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ფულად სოციალურ დახმარებებს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა - პროგრამის გაფართოება და ყოველთვიური შემწეობის გაზრდა, დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დღეს 230 ათასზე მეტი ბავშვი არის სოციალურად დაუცველი.

განვიხილოთ, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებიც, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულსაბაზისო მოთხოვნილებების მეთოდსეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი. ბოლო, 2021 წლის მონაცემებით, 0-17 ასაკობრივ ჯგუფში აბსოლუტური სიღარიბის დონე 22.7%-ია, რაც დაახლოებით 202 ათას ბავშვს შეესაბამება. აქვე აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონე ყველაზე მაღალია ბავშვებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. 2021 წელს ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, შემცირდა, რაც ძირითადად სოციალურმა ტრანსფერებმა განაპირობა. თუმცა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამგვარად დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს, ზოგად სიღარიბეში კვლავ რჩება (იხილეთ ვრცლადფაქტ-მეტრისსტატია).

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თემას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც გამოეხმაურა, მისი განმარტებით, „მოხდა ასე, რომ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გაეკეთებინათ, არასწორად გააკეთეს და სამწუხაროდ, ბილბორდზე მოხვდა....

ცუდი მესიჯი ყოველთვის არასასიამოვნოა, მით უმეტეს ჩემთვის, ემოციურად ძალიან განვიცდი“.

დასკვნა

ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება. თუმცა კომპანია „მაკდონალდსის“ ბანერი - „დღეს, საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“ - არაა ზუსტი და არსებულ მძიმე რეალობას, კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოაჩენს. რეალურად, ეს რიცხვი სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების რაოდენობას არ ასახავს, თუმცა საარსებო შემწეობის მიმღები 16 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობასთან ახლოსაა.

თუმცა ლევან ნიკოლეიშვილი შეფასება, რომ „ეს არის ბინძური ტყუილი...“ და „სოციალური დახმარების მიმღები და სიღარიბე სხვადასხვა ცნებაა“, სიმართლეს არ შეესაბამება.

ქვეყანაში 230,880 16 წლამდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი, ეს არიან ის ბავშვები, რომლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში იზრდებიან და მათზე საარსებო მინიმუმს სახელმწიფო გასცემს.

ამასთან, სიღარიბის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის მონაცემებით, 0-17 ასაკის ბავშვების 22.7% (202 ათასზე მეტი) აბსოლუტურ სიღარიბეში [საარსებო მინიმუმს ქვემოთ] ცხოვრობს.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი