შალვა პაპუაშვილი: ეს ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა შეერჩია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი კანონპროექტი დააინიციირა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესში საკუთარი უფლებამოსილებების გაფართოება გადაწყვიტა. კერძოდ, კანონპროექტით იცვლება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში - მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ასევე, შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით, 5 წლით ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის (100 დეპუტატი) ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 დეპუტატი) აირჩევს.

2021 წლის ზაფხულის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისგან მოწვევა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადება ფაქტობრივად ზუსტია, თუმცა გასათვალისწინებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესების სრული კონტექსტი, მათ შორის მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ, ასევე, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განმარტებით, 2021 წლის ზაფხულში შესარჩევ კომისიაში მონაწილეობით სცადეს, რომ პროცესში პოზიტიური როლი შეეტანათ და ის უფრო გამჭვირვალე და საჯარო გაეხადათ. თუმცა, მათივე შეფასებით, პროცესებმა აჩვენა, რომ კომისიის წევრების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და გადაწყვიტეს, რომ შემდეგში „ფორმალური პროცესის მონაწილეები“ აღარ ყოფილიყვნენ. ორგანიზაციების თანახმად, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის შესარჩევი პროცესი თავიდან ბოლომდე არასწორად იყო რეგულირებული და წარმართული.

გასათვალისწინებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამჟამად კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, მართლაც გაზრდის პროცესზე მმართველი პარტიის გავლენას და პრეზიდენტის როლს, პრაქტიკულად, გამორიცხავს. ეს კი ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

„ქართულმა ოცნებამ“ 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით, 5 წლით ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის (100 დეპუტატი) ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 დეპუტატი) აირჩევს.

გარდა ამისა, კანონპროექტით იცვლება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში - მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

ორგანიზაციების შეფასებით, მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესებს არგებს. მათსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და კანდიდატების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის როლს უკიდურესად დააკნინებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს “ , – აღნიშნულია განცხადებაში.

იქვე ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ უმთავრეს გამოწვევას – ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

„ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების მაღალი კვორუმით, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევა წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად საკითხს“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის არსებული მოდელი პრობლემურია: „...ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსს უზრუნველყოფდეს, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ უზრუნველყოფს პროცესის ჩიხში შეყვანას. ამიტომ, თავისთავად მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც ჩვენს სისტემაში იყო, დროულად შევცვალოთ საუკეთესო გამოცდილებით, რაც არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გასაკვირია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თითქოს პრეზიდენტის როლის დაკნინება ხდება მმართველი პარტიის მხრიდან ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები” „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საია - ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა შეერჩია“.

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2021 წლის აგვისტოში პარლამენტმა ცესკოს ორი წევრი და თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია . უფლებამოსილების ვადა მათ 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ეწურებოდათ. სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში 2021 წლის დეკემბერში ისევ შევიდა ცვლილებები, რითაც შემცირდა ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადა და კენჭისყრების რაოდენობა. აღნიშნული ცვლილებები არასამთავრობო სექტორმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა უარყოფითად შეაფასეს.

2022 წლის იანვარში საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისგან მოწვევა მიუვიდათ. შესარჩევ კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) და ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). ოთხივე ორგანიზაცია 2021 წლის ზაფხულში შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრი იყო, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი კი, კომისიის თავმჯდომარე.

როგორც მაშინ „ნეტგაზეთთან“ საისა და ISFED-ის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, 2021 წლის ზაფხულში შესარჩევ კომისიაში მონაწილეობით სცადეს, რომ პროცესში პოზიტიური როლი შეეტანათ და ის უფრო გამჭვირვალე და საჯარო გაეხადათ. თუმცა პროცესებმა აჩვენა, რომ კომისიის წევრების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და გადაწყვიტეს, რომ „ფორმალური პროცესის მონაწილეები“ აღარ ყოფილიყვნენ.

„მაშინ ჩვენი მიზანი იყო, რომ პოზიტიური როლი გვეთამაშა და ხელი შეგვეწყო პროცესის გამჭვირვალობისთვის, სადაც შევძლებდით როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე ისეთი პროფესიული წევრების არჩევას, რომელთაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდათ და ახალი პოლიტიკური კონსენსუსით იქნებოდა დანიშნული…თუმცა კომისიაში მუშაობის დროს პროცესებმა არაერთი ხარვეზი გამოავლინა და კომისიის წევრების უმრავლესობა არ გამოირჩეოდა ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით. ამ პროცესმა ძალიან ბევრი შეკითხვა დატოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელი იყო კომისიის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იმიტომ, რომ მაგალითად, ჩვენმა ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ვისაც დავუჭირეთ პროფესიულ წევრზე, იმათგან ნაწილი გადავიდა პარლამენტში, თუმცა ნაწილი საერთოდ არ გადაიყვანა საქართველოს პრეზიდენტმა. ამიტომ, ფაქტობრივად, ჩვენი მონაწილეობა ფორმალური იყო“, – აცხადებდა ISFED-ის ხელმძღვანელი.

კომისიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა საიას იმჟამინდელი ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილიც, რადგან მისი შეფასებით, პროცესი თავიდან ბოლომდე არასწორად რეგულირებული და წარმართული იყო.

ის აცხადებდა, რომ კანონმდებლობა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის საკითხს აწესრიგებს, დასაწყისიდან საბოლოო პროცედურამდე ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელისუფლებამ მარტივად შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

საბოლოოდ, 2022 წლის თებერვალში პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად ისევ გიორგი კალანდარიშვილი დანიშნა 6 თვით.

2022 წლის 13 ივლისს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად კონკურსი კვლავ გამოაცხადა. 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის პოსტებზე მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და ასევე მოქმედი ორი წევრის კანდიდატურები მესამედ იმიტომ აღარ წარუდგინა, რომ მათ წინა ორ ჯერზე ხმების უმრავლესობა (2/3) ვერ მოიპოვეს და დეპუტატებმა ისინი ორივეჯერ 5 წლის ნაცვლად მხოლოდ 6 თვის ვადით აირჩეს.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.

დასკვნა

2021 წლის ზაფხულის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისგან მოწვევა ჰქონდათ. შესარჩევ კომისიაში და კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) და ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). აღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადება ფაქტობრივად ზუსტია, თუმცა გასათვალისწინებელია ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესების სრული კონტექსტი, მათ შორის მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ, ასევე, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებთან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები განმარტავდნენ, 2021 წლის ზაფხულში შესარჩევ კომისიაში მონაწილეობით სცადეს, რომ პროცესში პოზიტიური როლი შეეტანათ და ის უფრო გამჭვირვალე და საჯარო გაეხადათ. თუმცა, მათივე შეფასებით, პროცესებმა აჩვენა, რომ კომისიის წევრების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და გადაწყვიტეს, რომ „ფორმალური პროცესის მონაწილეები“ აღარ ყოფილიყვნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეფასებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის შესარჩევი პროცესი თავიდან ბოლომდე არასწორად იყო რეგულირებული და წარმართული.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამჟამად კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, მართლაც გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და დააკნინებს პრეზიდენტის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლს ცესკოს დაკომპლექტების პროცესში, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებასა და ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების პარლამენტის მიერ ⅔-ის უმრავლესობის (100 დეპუტატი) მხარდაჭერით არჩევა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო. თავმჯდომარის ანალოგიური წესით (ან ე.წ. ორმაგი უმრავლესობით ) არჩევის რეკომენდაციას იძლეოდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის 2021 წლის 30 აპრილის წერილობითი მოსაზრება. გარდა ამისა, ვენეციის კომისია და ეუთო/ODIHR ხაზს უსვამდა ცესკოს დაკომპლექტების პროცესში პარტიათა შორის რაც შეიძლება ფართო კონსენსუსს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლსა და მისი გაძლიერების მნიშვნელობას.

ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული ნაკლოვანებები აღმოფხვრილიყო, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პროცესში საკუთარი უფლებამოსილებების გაფართოება გადაწყვიტა. მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შემოღებულმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა და არსებულმა წესმა პროცესი ჩიხში შეიყვანა. რეალურად, სიტუაცია, რასაც შალვა პაპუაშვილი ჩიხს უწოდებს, არა არსებულმა კანონმდებლობამ, არამედ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია, კერძოდ, პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობამ. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR-მა ზემოხსენებული რეკომენდაციები სწორედ კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობის გასაჩენად გასცა. შემოთავაზებული ცვლილებებით კი მმართველი პარტია კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას აქრობს და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს ერთ პარტიას. ამგვარი ცვლილება კი სწორედ იმ ვითარებაში გვაბრუნებს, რომლის შეცვლის რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ უკვე გასცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია