საქართველოს მთავრობა: 2022 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს 15.6%-ს მიაღწია... 2012 წლის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მთავრობის განცხადებაში საუბარია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% (582.9 ათასი ადამიანი) ცხოვრობს. სიღარიბის დონე წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2004-2022 წლებში, ანუ რაც აღნიშნული სტატისტიკა იწარმოება, აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეს 532 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი.

ამრიგად, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.

ანალიზი

საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია - „2022 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს 15.6%-ს მიაღწია“. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა (549 ათასი ადამიანი) დააღწია თავი სიღარიბეს. 2012 წელს 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 2022 წელს 574 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“.

„ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება გადაამოწმა.

მთავრობის განცხადება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს, ანუ უკიდურეს სიღარიბეს ასახავს.

აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მცხოვრები მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის შემცირებული.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 2004 წლიდან პერიოდის მონაცემებს ასახავს, აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 2022 წლის მონაცემებით, დაახლოებით 582.9 ათასი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეს 532 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა (2012 წელს), ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო (იხილეთ გრაფიკი 1). დადებითი ტენდენცია 2013-2015 წლებშიც გაგრძელდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კვლავ შემცირდა. 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. 2021-2022 წლებში კი ქვეყანაში სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსახლეობის მაღალი წილი უკიდურეს სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, პენსია და ა.შ.] აღწევს თავს. ეს კატეგორია კვლავ რჩება მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში ან გაღარიბების მაღალი რისკის ქვეშ. ცნობისთვის, 2021 წელს სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. 2022 წელს სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ეკონომიკური პარამეტრების, მათ შორის დასაქმების მაჩვენებლების, გაუმჯობესებას უნდა ჰქონოდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. გრძელვადიან პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ, ასევე სოციალურმა დახმარებებმა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი