ბექა ლილუაშვილი: ქვეყანაში დასაქმების საერთო მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2015-2019 წლებში იყო....

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წელს, პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის. 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს.

ამასთან, ბექა ლილუაშვილის მტკიცება, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმზეა, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2019 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია, სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი

30 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორის მიერ დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე არის მაქსიმუმზე, 310 ათასი პირია სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებული... ბიზნეს სექტორში დასაქმებული პირების რაოდენობა კი 2018-2019 წლის მაჩვენებელზე ჯერ არ ასულა.... საერთო ჯამში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 2015-2019 წლებში იყო, სულ 1,283 ათასი ადამიანია დასაქმებული“.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს - პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით, ქვეყანაში უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9% შეადგინა. დასაქმების დონე მცირედით (0.2 პროცენტული პუნქტით) აღემატება პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნული კი ბუნებრივია, დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება. ქვეყანაში დასაქმების დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 66.3 ათასით (5.5%-ით) გაიზარდა და 1,283.7 ათასი ადამიანით განისაზღვრა. თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის სრულად აღდგენილი, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებლები, 2015-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება საკუთრების ფორმების მიხედვით დასაქმებულთა გადანაწილებას, 2022 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. დასაქმების საერთო მაჩვენებელში სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი - 2021 წელთან შედარებით, შემცირდა, თუმცა პანდემიამდე წლების მაჩვენებლებზე მაღალია.

2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 308 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც 2010-2022 წლების მონაცემებით (1), სახელმწიფო სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს არასახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით გაზრდილია, თუმცა წინა წლების [2014-2019] მაჩვენებელზე ნაკლებია.

იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირებულია, საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა, რომელიც თავის მხრივ ბიუროკრატიული ხარჯებს ზრდის, პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

(1) 2010 წლამდე პერიოდში დასაქმების სტატისტიკა განსხვავებული მეთოდოლოგიით არის დაანგარიშებული, შესაბამისად 2010 წლამდე პერიოდთან შედარება არარელევანტურია


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი