ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №40 გ-ში მდებარე სოციალური საცხოვრისის უხარისხო მშენებლობის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ პირველად 2018 წელს დაწერა. კომპანია, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კონკურსის წესით შეარჩია. შპს „სანომ“ პირობა დადო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ ამორტიზებულ შენობას, რომელიც ყოფილი კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტი იყო, გაარემონტებდა, თითო ოჯახისთვის მაქსიმუმ 40 კვ.მ ერთოთახიან და ოროთახიან საცხოვრებელ ბინებს მოაწყობდა და სამუშაოებს 2017 წლის იანვრის ბოლოს ჩააბარებდა. პროექტის დასაფინანსებლად 2 მლნ 500 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

კომპანიამ სამუშაოები დაასრულა. მერიამ ობიექტი ჩაიბარა და მიმწოდებელს თანხა გადაუხადა, ხოლო შენობაში 80 უსახლკარო ოჯახი, ჯამში, 350 ადამიანი, ხუთწლიანი ცხოვრების უფლებით შეასახლა. ახალ საცხოვრებელში შესახლებიდან რამდენიმე თვეში, ბინადრები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ალაპარაკდნენ. მას შემდეგ, მერიას არაერთხელ მიმართეს. ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დღემდე ითხოვენ. „ფაქტ-მეტრი“ აპრილში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ არაერთ ოჯახს შეხვდა და ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნულ შენობაში ყოფნა სახიფათოა, რადგან არ არის სახანძრო სისტემა, გაზქურების გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის, ოთახებში ჭერი დაზიანებულია და ზოგ ბინაში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა კიდეც, კედლები დაობებულია, ფილები სკდება და ცვივა. ამასთანავე, ფართობი დაპირებულზე ნაკლებია. სოციალურ სახლში მცხოვრებ არაერთ ოჯახში ერთი წევრი მაინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. როგორც ისინი აცხადებენ, შენობაში არსებული სიტუაციას მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

2018 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ საცხოვრისში არსებულ პრობლემებს კომისია შეისწავლიდა. რამდენიმე თვეში კი საკითხს „სანოს“ წარმომადგენელიც გამოეხმაურა. ის განმარტავდა, რომ ხარვეზები, მაგალითად, თაბაშირმუყაოს დაზიანება კომპანიის ბრალი კი არ იყო, არამედ - ვანდალიზმის შედეგი. მისივე თქმით, კვადრატულობასთან დაკავშირებული პრეტენზიებიც უსაფუძვლოა, რადგან თაბაშირმუყაოს კედლებზე აკვრის შედეგად, ფართი მცირდება. იმავე წელს მერიამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოციალურ საცხოვრისში უსაფრთხოება დაუცველია, დოკუმენტაცია არასრულყოფილია და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.

თუმცა 2023 წელს მოსახლეობა კვლავ ხარვეზებზე საუბრობს. „ფაქტ-მეტრმა“ სიტუაცია საკუთარი თვალით ნახა და ფოტოებიც გადაიღო. ამის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მივმართეთ. ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვს ქალაქის თვითმმართველობას არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით და როგორ აპირებს მის გამოსწორებას. პასუხის ნაწილი ეთმობა იმის ახსნას, თუ როგორ ხდება ბინის მაძიებელთა საერთო ბაზის ფორმირება, უსახლკარო პირთა რეგისტრაცია, ინფორმაციის გაზიარება და სხვა. ასევე აღნიშნულია ნიკეას ქუჩის №40 გ-ში მდებარე საცხოვრისის დადებითი მხარეები, კერძოდ, რომ ის ახლოსაა საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, პოლიკლინიკასთან და ა.შ. პასუხში ასევე ვკითხულობთ, რომ კომპანიისთვის გადარიცხულია, ჯამში, 3 823 400 ლარი და შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მერია ზამთრის პერიოდში იხდის ელექტროენერგიის გადასახადს - გარკვეული მოცულობით, ხოლო თითოეული ოჯახი, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას, მერიამ მოგვწერა, რომ აუცილებელი ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, შპს „სანომ“ ბენეფიციართა ოთახებში არსებული ფანჯრების გაღების სისტემებს რეკონსტრუქცია ჩაუტარა, აღმოფხვრა კარის ბლოკების ჩამაგრების დეფექტები. ასევე დამონტაჟდა ცენტრალური შესასვლელისა და სადარბაზოს შიდა, ასევე - 20-ზე მეტ ბინაში შესასვლელი კარები. რაც შეეხება სანიტარული კვანძების დაზიანებასა და კერამიკული ფილებით მოპირკეთებას, როგორც მოგვწერეს, შესაბამის ორგანიზაციას რეაგირების თაობაზე მიმართვა გაეგზავნა. ამასთანავე, სრულად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობის შიდა სისტემა ჰოლსა და დერეფნებში, კაპიტალურად შეკეთდა მიმდინარე წლის იანვარში ქარის შედეგად დაზიანებული სახურავი და ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით განხორციელდა ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია.

ქუთაისის მერიამ ასევე გვაცნობა, რომ ოჯახების ალტერნატიულ ფართში გადაყვანის საკითხის არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია იმსჯელებს, რის შემდეგაც, კანონშესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დანართი 1.

ინფორმაციისთვის: შპს „სანო“ 2015 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ლევან ჭანტურიძეა. საინტერესო დეტალია, რომ ჭანტურიძე 2021 წელს დარეგისტრირებული შპს „ეთნო საზანოს“ დირექტორი და მფლობელია. 2021 წლიდან დღემდე, აღნიშნულ კომპანიასთან, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, არაერთი ხელშეკრულებაა გაფორმებული. ახალი კომპანია შემსყიდველებს, რომელთა შორისაც არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, თერჯოლის მუნიციპალიტეტი და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, სარესტორნო მომსახურებას უწევს. ლევან ჭანტურიძე ასევე დირექტორია (მფლობელი - თეთუ ჭანტურიძე) შპს „საზანო ღვინოში“, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, გამარტივებული შესყიდვის წესით, ღვინოს აწვდის. შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, გამარტივებული შესყიდვების განყოფილების საძიებო სისტემაში შპს „სანოს“ მითითების შედეგად.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი